რას ეძებ?

საზოგადოება სხვა

ადამიანი თავისთავადი და განუმეორებელი ღირებულებაა

ადამიანი თავისთავადი და განუმეორებელი ღირებულებაა

ლევან სუთიძის პოსტი / წყარო Levan Mnateus Sutidze

მე არ მჭირდება თანხმობა და შერიგება ქართული ოცნების ამომრჩეველთან – მათ შორის არიან ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, კარგი ნაცნობები და არაერთი ადამიანი, რომელთათვისაც არასდროს მიგინებია დედა, არანაირი გენერალიზებით არ მომინიშნავს საქართველოს მტრებად, უტვინოებად ან სულელებად, არ მიწოდებია ნახირი, არ მიმყენებია შეურაცხყოფა და ჩემს ურთიერთობაში არანაირად ასახულა მათი პოლიტიკური არჩევანი, ძალიან, ძალიან ეთიკური დებატების მიღმა. ადამიანი დგას პარტიაზე მაღლა და ამჟამინდელი არჩევანი არავის განგვსაზღვრავს სამუდამოდ და არც დაგვსაზღვრავს.

პოლიტიკას ბევრი აქვს სასწავლი დასავლური ქრისტიანული კონფესიებისგან, რომელთაც შეუძლებელი შეძლეს და სისხლისღვრის შემდეგ მტრობისა და სიძულვილის ენაც კი ამოძირკვეს, მიუხედავად იმისა, რომ საკრალურს რისკავდნენ და არა პროფანულს.

არც “ქოცია” სამუდამო იდენტობა, არც “ნაცი” და არც “შუაშისტი” – ჩვენ ერთმანეთისთვის მიუღებელ არჩევანს, იდეებს, რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებს, შეგვიძლია ვუყუროთ როგორც შეცდომას, მეტიც, პატივიც არ ვცეთ, მაგრამ ადამიანი არც ერთამდე დაიყვანება.

რელიგიურმა ჯგუფებმა ეს გაკვეთილი დიდი ხნის წინ ისწავლეს – დღეს, როცა კათოლიკე ხედავს პროტესტანტს და პირიქით, ისინი აღარ უმზერენ ერთმანეთში მტერს. “ერეტიკოსები” გადაიქცნენ “განყოფილ ძმებად” – რომელთაც, შესაძლოა, ღრმად ეშლებოდეთ, მაგრამ ისინი მიხვდნენ, მიხვდნენ რა, მისიონერებმა მოიტანეს ამბავი ფრონტის ხაზიდან, რომ სანამ ცოცხლები ვართ, იქამდე ერთმანეთის გადარწმუნება შეგვიძლია. მითუმეტეს, რწმენაში სასწორზე მეტი დევს, ვიდრე პოლიტიკაში.

დიახ, პირველებმა სწორედ სახელშერყვნილმა “პროზელიტებმა” გაიაზრეს, რომ ბებია ვილჰელმინას თუ ლუთერელობის გამო დებილს უწოდებ, სახლში აღარ მიგიპატიჟებს და შენი სემინარიაში დამუშავებული კონტრარგუმენტები კვლავ ვერ მიაღწევენ ადრესატამდე.

სწორედ ასე ამოვიდა რელიგიური დებატი ჭაობიდან და გამოძვრა ჩიხიდან – ეკლესიები მიხვდნენ, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვაგინებთ და ვწყევლით, რადგან ამას არაფერი მოაქვს და, კაცმა რომ თქვას, ეს წყევლა-კრულვა, ცოტა არ იყოს, მთავარ იდეასაც ეწინააღმდეგება. დიალოგის მაგიდასთან, ერდოებსა და ამბიონებზე კი ერთმანეთის გადარწმუნების შესაძლებლობა გვაქვს. ეს ერთი წამით არ გულისხმობს სიმართლის გაყიდვას ან დოქტრინალურ კომპრომისს. ჩვენ უსასრულოდ შეგვიძლია ვაკრიტიკოთ პაპებიცა და მათი კონკურენტებიც, პატრიარქები და ყველა, ვისაც ძალაუფლება აქვს – მაგრამ ფრაუ შთეფისა და დონა ატიას არ ვაგინოთ.

ასე იქმნება და ყალიბდება იდეათა ბაზარი, სადაც, დიახ, შესაძლოა, ყველას მართალი ეგონოს თავი, მაგრამ უმაღლეს სიმართლეს არავინ ივიწყებდეს – ადამიანი საკუთარი ქმედებების რიგიდული დაჯამება არ არის, ის თავისთავადი და განუმეორებელი ღირებულებაა, რომლის არჩევანსაც თვალს ვერ მოუხუჭავ, მაგრამ რომელიც იმსახურებს იმგვარ პატივისცემას, რომ ადამიანურად იყოს გადარწმუნებული. მხოლოდ ასე ვითარდება კულტურა, რომელში ცხოვრებაც ღირს.

თუ ამ კულტურიდან დავინახავთ ერთმანეთს, ჩვენ თვალწინ გადაგვეშლება არა მტრის ბანაკი, არამედ ნაიდაგი, რომელიც შეგიძლია დაამუშავო და რომელზეც შეგიძლია თესო სიკეთე, შესძინო მას მეტი ამომრჩეველი და არ დაკარგო მოთმინება, როცა ორდღიანი სამუშაო, სამწლიანი აღმოჩნდება. მოთმინებაა მთავარი.

სანამ ჩვენი, ნაკლოვანი, ადამიანური ბუნება სიმართლისა და სინამდვილის დანახვას შეძლებს, შესაძლოა, დრო გავიდეს, და კი, როგორც სახარებაშია, უნდა დაელოდო და შეუნდო. თუ საჭიროა, სამოცდაათგზის შვიდჯერ.

თავისუფლების მისიონერების გარეშე, რომელთაც სწამთ უმთავრესი ღირებულებების, არაფერი გამოვა – მხოლოდ სიტყვებს ვისვრით, მხოლოდ ცივილურობის იმიტაციას წარმოვშობთ. და თუ გაგვიმართლებს და ეს მისიონერები თავკერძები არ იქნებიან, არ იფიქრებენ, რომ ჭეშმარიტებას კი არ ფლობენ სხვათა წინააღმდეგ, აარამედ ჭეშმარიტება ფლობთ მათ და სწორედ სხვათა გამო, ჩვენ ვიცხოვრებთ უკეთეს, უკეთეს საქართველოში. არ დაგვჭირდება შერიგება. პირდაპირ საქმეს მივხედავთ, რომელიც აღარ იცდის.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა