აიუტჰაია: ტაილანდის წარსული დიდების ანარეკლი
1350 წელს დაარსებული ძველი სიამის დედაქალაქი იმ ქვეყნის „ოქროს ხანას“ გვიცოცხლებს თვალწინ, რომელსაც დღეს ტაილანდის სახელით ვიცნობთ. მიუხედავად იმისა, რომ უწინდელი ბრწყინვალება დაკარგა (განსაკუთრებით დაზიანდა 1767 წელს ბირმელთა შემოსევისას). რაც დარჩა, მაინც ნათელი სამხილია ოდესღაც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქისა – მდინარის კუნძულზე დასმული ძვირფასი მარგალიტისა, რომელსაც ოქროსფერი ქიმები და ზარის ფორმის გუმბათები ამშვენებდა და წყლით სავსე არხებით იყო დასერილი. ნახევრად დანგრეულ დიდ ტაძრებს დღესაც ეტყობა საუკუნეების წინანდელი დიდების კვალი, როცა აიუტჰაია მდიდარი და აყვავებული ქვეყნის ცენტრი იყო.
აიუტჰაია ტაილანდის დღევანდელი დედაქალაქიდან, ბანგკოკიდან 80 კილომეტრით ჩრდილოეთით, სამი მდინარის – ჩაოპრაიას, ლოპბურისა და პასაკის – შესართავთან კუნძულზე მდებარეობს. დიდების ზენიტში მისი მოსახლეობა მილიონს შეადგენდა, ცენტრში მეფის სასახლე იდგა, გარშემო კი ტაძრები და მონასტრები, ასევე – ევროპელი და აზიელი ვჭრების უბნები ერტყა. სხვათა შორის, XVII-XVIII საუკუნეებში აიუტჰაია მსოფლიოს სავაჭრო ცენტრად იქცა და ნაყოფიერი მიწებით გარშემორტყმულ ამ ქალაქში იმდენი სიმდიდრე დაგროვდა, რომ შინ დაბრუნებული განცვიფრებული ფრანგი, პორტუგალიელი თუ ჰოლანდიელი ზღვაოსნები ამბობდნენ, აიუტჰაიასთან შედარებით ჩვენი დედაქალაქები უბადრუკი სოფლებიაო.
თითქმის 400 წლის განმავლობაში ქალაქი რეგიონში ბატონობდა. მისი მეფეები მეზობელ სამეფოებსა და ქალაქ-სახელმწიფოებს იპყრობდნენ და მათი ძალაუფლება ფართოვდებოდა. ქალაქის საზღვრები გავლენიან კუნძულს გასცდა და მიმდებარე სოფლებს მისწვდა. გაიზარდა მისი სიმდიდრეც. XVIII საუკუნის ევროპელ ვაჭრების რუკებზე აიუტჰაია მოოქრული სასახლეებით მოკაშკაშე და სავაჭრო გემებით გადატენილ ქალაქად არის გამოსახული.
სწორედ აქ შეიქმნდა გამორჩეული ტაილანდური არქიტექტურის სტილი. აიუტჰაიას ძველი შენობები „პრანგებით“ (თითის ფორმის კოშკებით) გამოირჩეოდა, ხოლო შედარებით გვიანდელები – ზარის ფორმის „ჩედებით“ (გუმბათებით). ვიტ პრა სი სანფეტის ტაძარი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლია, რომელიც დღევანდელი აიუტჰაიას ცენტრში შემორჩა. მისი სამი „ჩედი“ ძველი ქალაქის საოცრებათა ანარეკლია. კუნძულზე მრავლადაა სხვა ნანგრევები. პეიზაჟს აიუტჰაიას წარსული დიდების ისეთი რელიკვიები ამშვენებს, როგორებიცაა ბრინჯაოს დიდი ბუდა, რომელიც ოდესღაც მეფის სასახლეში იდგა.
მიუხედავად იმისა, რომ დანგრეულია, აიუტჰაია აღიარებული არქიტექტურული საოცრებაა და მის მიმართ ინტერესი არ ცხრება. 1991 წელს ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.
ტეგები: ტაილანდი, ბანგკოკი, სიამი, საინტერესო, აიუტჰაია, ისტორია, ტაძარი, ტაძრები, ბუდა, ქანდაკებია, აზია, ბირმა, tailandi, birma, siami, saintereso, istoria, ayutthaya