რას ეძებ?

მსოფლიო საინტერესო

აკაში-კაიკოს დაკიდული ხიდი – თანამედროვე ინჟინერიის სასწაული

აკაში-კაიკოს დაკიდული ხიდი - თანამედროვე ინჟინერიის სასწაული

თანამედროვე ინჟინერიის სასწაულმა, მსოფლიოში უგრძესმა, იაპონიის აკაში-კაიკოს დაკიდულმა ხიდმა ბიძგი მისცა ახალი სამშენებლო ინოვაციების განვითარებას და ამით გზა გაუხსნა უფრო გრძელი ხიდების აშენების პერსპექტივას.


აკაში-კაიკოს ხიდს „მარგალიტის ხიდსაც“ უწოდებენ. მისი მშენებლობა 1998 წელს დასრულდა და იაპონიის უდიდესი კუნძული ჰონსიუ კუნძულ სიკოკუს დაუკავშირდა. ხიდის ცენტრალური მალი 1991 მ სიგრძისაა და მსოფლიოს სხვა დიდ დაკიდულ ხიდებს ბევრად აღემატება. წინა რეკორდის მფლობელი დანიის სტორბელტსბორნი („დიდი ბელდის ხიდი“) იყო, რომელიც იმავე წელს გაიხსნა და აკაში-კაიკოზე 366 მეტრით მოკლეა. სან ფრანცისკოს ცნობილი „ოქროს კარიბჭე“ კი ამჟამინდელ რეკორდსმენს 710 მეტრით ჩამორჩება.

ხიდის დაპროექტებისას არქიტექტორებსა და ინჟინრებს უპრეცენდენტოდ გრძელი ხიდის მალის გარდა სხვა სირთულეების გადალახვაც უწევდათ. აკაშის სრუტე სახიფათო საზღვაო მონაკვეთია. სხვათა შორის, ხიდის აშენების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 1955 წელს სრუტეში ორი ბორანი ჩაიძირა და მრავალი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 168 ბავშვი. ძლიერი ქარი და შტორმი აკაშის სრუტისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ დროს მოქცევითი დინების სიჩქარე წამში 4,5 მეტრს აღწევს. რეგიონში მიწისძვრაც ხშირია. თვით ხიდის მშენებლობის დროსაც კი მოხდა მიწისძვრა. შედეგად საყრდენმა კოშკებმა ადგილი იმდენად იცვალა, რომ ხიდი დაგეგმილზე 1 მეტრით გრძელი გამოვიდა.

ამ პრობლემის დასაძლევად უახლესი სამშენებლო მეთოდები გამოიყენეს. ხანგრძლივი შემოწმების შემდეგ (რომლის დროსაც მსოფლიოში უდიდესი აეროდინამიკური გვირაბი აიგო) ხიდის ათწლიანი მშნებელობა დაიწყო. გამოყენებულ იქნა ინოვაციური სამშენებლო მასალები და სისტემა. საძირკველი ახალი სახის ცემენტით გაამყარეს, ხიდის ბურჯები სქელ ფირფიტებზე დადგეს და უნიკალური მეთოდით ისე გაამაგრეს, რომ ქარის ძლიერ წინაღობას უძლებს. ბაგირები, რომლებითაც ხიდია დაკიდული, სპეციალურად დაამზადეს – რომლებიც ხიდის რხევას აკონტროლებს. ხიდი ყოველ დღე თითქმის 2 მეტრით ფართოვდება და ვიწროვდება.

შედეგად მივიღეთ ელეგანტურად დაპროექტებული ხიდი, რომელიც ეპიცენტრიდან 150 კილომეტრის მოშორებით რიხტერის სკალით, 8,5 მაგნიტუტის მიწისძვრას და 286 კმ/სთ სიჩქარის ქარს უძლებს. მისი კოშკი 298 მ სიმაღლისაა.

აკაში-კაიკოს დაკიდული ხიდი
აკაში-კაიკოს დაკიდული ხიდი - იაპონია
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *