რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

აკრძალული ქალაქი: ჩინური არქიტექტურული მიღწევების მწვერვალი

აკრძალული ქალაქი, ჩინეთი

ჩინური არქიტექტურული მიღწევების მწვერვალი, პეკინის აკრძალული ქალაქი სწორედ ისეთი ბრწყინვალე სასახლეა, როგორიც ქვეშევრდომების მიერ ზეცის ძედ აღიარებულ იმპერატორს შეეფერებოდა. დედამიწაზე სამოთხის აღსადგენად აგებული კომპლექსის კარიბჭე უბრალო ჩინელებისთვის მჭიდროდ იყო დაგმანული (ამიტომაც უწოდეს მას აკრძალული) და თითქმის 500 წლის განმავლობაში საიმპერატორო ოჯახის რეზიდენციისა და ჩინეთის მთავრობის სახლის მოვალეობას ასრულებდა. ჩინეთის იმპერიული წარსულის მემკვიდრეობით მდიდარი აკრძალული ქალაქი მსოფლიოს უდიდესი სასახლის კომპლექსია და იუნესკოს სიაში ხუთ უმნიშვნელოვანეს ძეგლთაგან ერთ-ერთია.

მინის დინასტიის მესამე იმპერატორის, ჩუ დის მითითებით კომპლექსის მშენებლობა 1406 წელს დაიწყო და 15 წელს გაგრძელდა. თითქმის ერთი მილიონი ხელოსანი და მუშა განუწყვეტლივ შრომობდა იშვიათი ხისგან, მარმარილოსა და განთქმული სუჩოური „ოქროსფერი“ აგურისგან თვალისმომჭრელი სილამაზის ციტადელის ასაგებად. დასრულებულ „ქალაქს“ 72 ჰა ფართობის მართკუთხა ფორმა ჰქონდა, გარს ერტყა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 961 მეტრზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 753 მეტრზე გადაჭიმული 7.9 მ სიმაღლის გალავანი. გალავანს შიგნით ასობით შენობა იდგა (980 დღემდე შემორჩა) და ლამაზი ბაღები ამშვენებდა. კომპლექსი ორ ნაწილად იყოფოდა. სამხრეთ ნაწილს („გარეთა ეზოში“) ცერემონიებისთვის იყენებდნენ, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში („შიდა ეზოში“) იმპერატორის, მისი მეუღლის, სამეფო ოჯახის წევრების, კარის დიდებულებისა და ვასალების პალატები და ადმინისტრაციული შენობები მდებარეობდა.

აკრძალული ქალაქის ცენტრში „უზენაესი ჰარმონიის დარბაზია“, კომპლექსის ყველაზე ცნობილი და დიდი შენობა. სწორედ აქ იყო ჩინეთის იმპერიის შუაგული. დარბაზი მარმარილოს სამ იარუსზე დგას, გარს სარკმევლეები ერტყმის და ორშრიანი სახურავი აქვს. ასეთი კონსტრუქცია მხოლოდ საიმპერატორო შენობას ჰქონდა. იმპერატორი სახელწიფო საქმეებს დრაკონის ტახტიდან განაგებდა. აქვე იმართებოდა საიმპერატორო ქორწინებები და ეკურთხებოდა ახალი იმპერატორები.

გარდა ამისა, აკრძალულ ქალაქში მდებარეობს „ზეციური სიწმინდის“ სასახლე, იმპერატორის სასახლე, „ზეციური სიმშვიდის“ სასახლე“ იმპერატორის მეუღლისთვის და სხვა ნაგებობები. შენობების უმეტესობა ყვითელი ფილებითაა გადახურული (ყვითელი იმპერატორის ფერი იყო) და მორთულია სიმბოლური დეტალებით; მაგალითად, დრაკონებით. დიდების მწვერვალზე სასახლის კომპლექსი ნახატების, კერამიკული ნაწარმის, ქანდაკებებისა და სხვა ძვირფასი ნივთების საცავი იყო.

ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი 1912 წელს გადადგა ტახტიდან, მაგრამ 1924 წლამდე ცხოვრობდა საიმპერატორო სასახლეში, სანამ ქვეყნიდან გააძევებდნენ. სამოქალაქო ომში, რომელსაც შედეგად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა მოჰყვა, აკრძალული ქალაქი ოდნავ დაზიანდა. 1966-1976 წლების „კულტურული რევოლუციისას“ კომპლექსის დაცვა პირადად პრემიერ-მინისტრმა ჩოუ ენლაიმ იკისრა და შენობები განადგურებისგან იხსნა. დღეს კარძალული ქალაქი მუზეუმია, სადაც ჩინეთის იმპერატორთა სიმდიდრეა გამოფენილი. ის ჩინეთის ერთ-ერთი პოპულარული ღირშესანიშნაობაა.

510410218

თეგები: აკრძალული ქალაქი, ჩინეთი, ჩინეთის იმპერატორი, საიმპერატორო, დრაკონი, chineti, chinetis imperatori, akrdzaluli kalaki,

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *