ალექსანდრე ბერკმანი / ანარქიზმის ანბანი / ამონარიდი

წარსულისა და აწმყოს ავტორიტეტი არა მხოლოდ განსაზღვრავს ჩვენს ქცევებს, არამედ ბატონობს ჩვენს აზრებსა და სულებზე, მუდმივად ახშობს არაკონფორმიზმის, დამოუკიდებელი ქცევისა და არაორთოდოქსული აზრის ნებისმიერ გამოვლინებას.
საზოგადოების რისხვა მთელი ძალით ატყდება თავს კაცსა თუ ქალს, რომელიც გაბედავს და არაფრად ჩააგდებს ქცევის მიღებულ წესებს. ულმობელი შურისგებით ისჯება ჯიუტი, რომელიც უარს ამბობს გაკვალულ ბილიკს გაჰყვეს, ან ერეტიკოსი, რომელსაც არ სწამს ის, რისი რწმენაც საყოველთაოდაა მიღებული. მეცნიერებასა და ხელოვნებაში, ლიტერატურაში, პოეზიასა და ფერწერაში, ასეთ განწყობილებას, ბოლოსდაბოლოს, ადაპტაციასა და შეგუებასთან მივყავართ იმასთან, რამაც დროს გაუძლო და აღიარებულია, კონფორმიზმსა და ერთგვაროვნებასთან და კიდევ გამოხატვის სტერეოტიპულ ფორმებთან. მაგრამ კიდევ უფრო სასტიკად ისჯება არაკონფორმიზმი ყოველდღიურ ცხოვრებასა და სხვებთან დამოკიდებულებაში.
მხატვარსა და მწერალს ხანდახან, ასე თუ ისე, კიდევ შეიძლება ეპატიოს მიღებული წესებისა და ნორმების წინააღმდეგ გალაშქრება, ბოლოსდაბოლოს მათი ამბოხი ხომ მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდზეა ან ტილოზე და ის ადამიანთა შედარებით ვიწრო წრეზე ახდენს გავლენას. ამ მწერლებსა და მხატვრებს ან ყურადღებას არ აქცევენ, ან მათ ისე ექცევიან, როგორც მასხარებს, რომელთაც ზიანის მიყენება არ შეუძლიათ. მაგრამ სულ სხვაა, როცა ლაპარაკია საქმის კაცზე, რომელიც საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს უპირისპირდება. ასეთი ადამიანი უვნებელი არ არის. ის სახიფათოა თავისი მაგალითის ძალით და თვით თავისი არსებობით. მის მიერ საზოგადოების წესების დარღვევა არ შეიძლება უგულებელყო და არც ის შეიძლება აპატიო. და ის საზოგადოების მტრად ცხადდება.
აი, რატომ არის, რომ რევოლუციურ აზრებს „ეგზოტიკურ“ პოეზიასა და მაღალინტელექტუალურ ფილოსოფიურ დისერტაციებში პატიობენ და მათ შეიძლება გაიარონ ოფიციალური და არაოფიციალური ცენზურა. ისინი ხომ მიუწვდომელი და გაუგებარია საზოგადოების დიდი ნაწილისათვის. მაგრამ თუ თქვენ შეეცდებით ნორმიდან გადახრილი ეს ქცევა სახალხოდ გამოხატოთ, მაშინვე მძვინვარე თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდებით ყველა იმ ძალის მხრიდან, რომლებსაც სურს ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის.
იძულებით ზემოქმედებას უფრო საზიზღარი და დამაჩლუნგებელი ზემოქმედება გააჩნია, ვიდრე ყველაზე საშინელ შხამს. ყველა დროში ის ადამიანური პროგრესის მთავარი შემაფერხებელი იყო. ის ზღუდავდა ადამიანებს უამრავი აკრძალვითა და ტაბუთი, ამძიმებდა მათ გულებს ყავლგასული ნორმებით და წესებით, ავიწროებდა მის ნებას აზროვნებისა და გრძნობების იმპერატივებით – „შენ უნდა“ და „შენ არ უნდა“ ქცევებსა და მოქმედებებთან დაკავშირებით. ცხოვრება – ცხოვრების ხელოვნება, იქცა მკვდარ ფორმულად, მოსაწყენ და უძრავ სქემად.
თუმცა ადამიანის ბუნების თანდაყოლილი მრავალფეროვნება იმდენად ძლიერია, დაჩლუნგების ხანგრძლივმა პროცესმაც კი, საუკუნეების განმავლობაში რომ მიმდინარეობდა, ვერ შეძლო მთლიანად წაეშალა ადამიანის ორიგინალობა და უნიკალურობა. მართალია უდიდეს უმრავლესობას უკვე აღარ შეუძლია უამრავი ნაბიჯით გათელილი კვალის დატოვება, მაგრამ ზოგიერთები მაინც ახერხებენ მიატოვონ ის და გავიდნენ ახალ, ფართო გზაზე, რომელსაც ისინი მშვენიერებისა და შთაგონების ახალი პერსპექტივებისაკენ მიჰყავს.
ადამიანები გმობენ მათ საქციელს, მაგრამ თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, იწყებენ მათი მაგალითის მიყოლას და ბოლოს უერთდებიან მათ. როცა ისინი, ვინც გზას გვიკვალავდნენ, გარდაიცვლებიან, ჩვენ ძეგლებს ვუდგამთ და ვაღმერთებთ მათ – ადამიანებს, რომელთაც ვლანძღავდით და ჯვარზე ვაკრავდით. და, ამასთან ერთად, ვაგრძელებთ ჯვარზე გაკვრას მათი სულიერი ძმებისა და საქმის გამგრძელებლებისა, ახლა რომ გვიკვალავენ ახალ გზებს.
შეუწყნარებლობისა და დევნის ამ სულის მიმართ ავტორიტეტის ჩვევა იმალება. იძულება დომინანტურ სტანდარტებზე დამორჩილებისათვის, ძალდატანება მორალისა და კანონის მხრიდან, რომლებიც გაიძულებს იყო ისეთი, როგორიც ყველაა და მოიქცე ისე, როგორც ყველა იქცევა – განაწესისა და კოდექსის შესაბამისად.
საყოველთაოდ გავრცელებული წარმოდგენა, თითქოსდა შეგუება ხასიათის ბუნებრივი თვისებაა, სრულიად მცდარია. პირიქით, ადამიანი თავის არსებობასა და ორიგინალობას ამჟღავნებს პირველივე შესაძლებლობისთანავე, როგორც კი მას შანსი მიეცემა გათავისუფლდეს იმ ჩვევებისგან, დაბადებიდან რომ უნერგავენ. თუ თქვენ, მაგალითად, ბავშვებს დააკვირდებით, დაინახავთ ძალიან მრავალმხრივ განსხვავებას მანერებში, ქცევებსა და სულიერი და ფსიქიკური გამოხატვის ფორმებში. მათში აღმოაჩენთ ინსტინქტურ მიდრეკილებას ინდივიდუალობისა და დამოუკიდებლობისადმი, არაკონფორმიზმისადმი, რომელიც თავს იჩენს ღია ან ფარული გამოწვევით გარედან თავს მოხვეული ნების მიმართ, ამბოხში მშობლებისა და მასწავლებლების ავტორიტეტის წინააღმდეგ. ბავშვის მთელი განათლება და აღზრდა სხვა არაფერია, თუ არა მისი მიდრეკილებების დათრგუნვისა და ნგრევის უწყვეტი პროცესი, წაშლა მისი დამახასიათებელი თვისებებისა, მისი თავისებურებების სხვებთან დამოკიდებულებაში, მისი პიროვნებისა და ორიგინალობის.
და მაინც, როცა ბავშვი სიმწიფის ასაკს აღწევს, მიუხედავად მრავალწლიანი დათრგუნვისა და ფორმირებისა, მასში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ორიგინალობის ნარჩენები. ეს გვიჩვენებს რამდენად ღრმა ფესვები აქვს ინდივიდუალობას. ავიღოთ, მაგალითად, ორი ადამიანი, რომლებიც ერთი და იმავე კატასტროფის მოწმე გახდა, ვთქვათ, დიდი ხანძრის, და ამ ყველაფერს ერთი და იმავე ადგილიდან უყურებდა. მომხდარის შესახებ თითოეული მათგანი სხვადასხვანაირად მოჰყვება, თავის დამოკიდებულებას თითოეული მათგანი თავისებურად გამოხატავს და შთაბეჭდილებაც, რომელიც მსმენელებს ჩამოუყალიბდებათ, განსხვავებული იქნება. ორივე დამკვირვებელს ხომ ბუნებისგან სხვადასხვა ფსიქიკა აქვს ბოძებული. მაგრამ აბა ამ ორ ადამიანს, მაგალითად, ფუნდამენტალურ საზოგადოებრივ საკითხებზე დაელაპარაკეთ, ცხოვრებაზე, მთავრობაზე და თქვენ მაშინვე მოისმენთ „თვალსაზრისებს“, დეტალებშიც კი რომ დაემთხვევა ერთმანეთს, საყოველთაოდ მიღებულ შეხედულებებს, გავრცელებულ აზრებს.
რატომ? – იმიტომ, რომ ადამიანს შეუძლია თავისუფლად და დამაჯერებლად ილაპარაკოს მხოლოდ მაშინ, როცა მას შეუძლია თავისუფლად იაზროვნოს და იგრძნოს, როცა მას ხელს არ უშლის საყოველთაოდ მიღებული წესები, როცა მას არ აბრკოლებს შიში იმისა, რომ მის „განსხვავებულობასა“ და არაორთოდოქსულობას შეიძლება უსიამოვნო შედეგები მოყვეს. მაგრამ ზუსტად იმ მომენტში, როცა საუბარი ჩვენს საზოგადოებრივ იმპერატივებზე გადადის, აკრძალვების ტყვეობაში მყოფი ადამიანი ექოებად და თუთიყუშებად იქცევიან.
თავისუფლებაში, ანარქიაში ცხოვრება ადამიანებს უფრო მეტს მისცემს, ვიდრე უბრალოდ თავისუფლებაა მათი ახლანდელი პოლიტიკური და ეკონომიკური მონობისგან. და ეს გახდება მხოლოდ პირველი, საწყისი ნაბიჯი ნამდვილი ადამიანური ცხოვრებისაკენ. გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი იქნება ასეთი თავისუფლების შედეგი, მისი ზემოქმედება გონებასა და ადამიანის პიროვნებაზე. ლიკვიდაცია იძულებისა, სხვის ნებას რომ ემყარება, და მასთან ერთად შიშის ავტორიტეტის წინაშე, ადამიანებს გაათავისუფლებს ბორკილებისგან, რომელებიც მათ ადევთ მორალური, და არცთუ ნაკლები ზომით, ეკონომიკური და ფიზიკური წნეხისაგან. ადამიანის სული შეძლებს თავისუფლად ამოისუნთქოს და ეს სულიერი გათავისუფლება ახალი კულტურის და ახალი ადამიანურობის დაბადებად იქცევა. მცნებები და ტაბუები გაქრება და ადამიანი თანდათან გახდება ის, რაც არის, დაიწყებს განვითარებას და თავისი ინდივიდუალური მიდრეკილებებისა და უნიკალურობის გამოხატვას. იმის ნაცვლად, რომ თქვას: „შენ არ უნდა“, საზოგადოება იტყვის: „შენ შეგიძლია, თუ მზად ხარ საკუთარ თავზე აიღო მთელი პასუხისმგებლობა“. ეს იქნება ადამიანური ღირსებისა და თვითდაჯერებულობის წვრთნა, რომელიც სახლსა და სკოლაში იწყება და რომელიც გამოიყვანს ადამიანების ახალ ჯიშს ცხოვრებისადმი ახლებური დამოკიდებულებით.
მომავლის ადამიანი ყოფიერებას სრულიად სხვა დონეზე დაინახავს და აღიქვამს. ცხოვრება მისთვის ხელოვნება და სიხარული იქნება. ის არ აღიქვამს მას, როგორც ასპარეზობას, რომლის დროსაც თითოეული ცდილობს რაც შეიძლება მალე გახდეს პირველი. ის მიიჩნევს, რომ თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მუშაობა და სამუშაო მისთვის დაიკავებს შესაფერის, დაქვემდებარებულ ადგილს. ის იქნება საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს მოცალეობასა და ცხოვრებისეულ სიამოვნებებს.
ცხოვრება იქცევა სწრაფვად კულტურის უფრო მაღალი ფასეულობებისადმი, ბუნების საიდუმლოებების გამოკვლევისა და უფრო მაღალი ჭეშმარიტების მიღწევად. როცა ადამიანი თავისუფლად გამოიყენებს თავისი გონების უსაზღვრო შესაძლებლობებს, ცოდნისადმი თავის ლტოლვას მიჰყვება, გამოიყენებს თავის გამომგონებლობის ნიჭს, შექმნის და თავისი ფანტაზიის ფრთებზე ილივლივებს, მაშინ ის მიაღწევს ჭეშმარიტ დიადებას, მაშინ ის მართლა ადამიანი გახდება. მაშინ ის თავისი ბუნების შესაბამისად გაიზრდება და განვითარდება. მას ზიზღი ექნება ერთფეროვნების მიმართ, ადამიანური მრავალფეროვნება კი დიდ ინტერესს აღუძრავს და ცხოვრების სიმდიდრის გრძნობა კმაყოფილებას განაცდევინებს. ცხოვრება მისთვის ფუნქციონირება კი არ იქნება, არამედ განცდები და ის მიაღწევს ყველაზე დიდ თავისუფლებას, რომელსაც კი შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს – თავისუფლებასა და სიხარულს.
© ალექსანდრე ბერკმანი / ანარქიზმის ანბანი