ალექსანდრე მაკედონელი და ინდოელი მისტიკოსი

ალექსანდრე მაკედონელს, როდესაც ინდოეთიდან ბრუნდებოდა, უეცრად გაახსენდა არისტოტელე – თავისი მასწავლებელი, ერთ-ერთი უდიდესი ლოგიკოსი.
არისტოტელე – მან შექმნა ლოგიკური გონება. მან შექმნა ანალიზი, მან შექმნა ანატომირების მეთოდი, მან შექმნა ეგო და ინდივიდუუმი, ის ალექსანდრეს მასწავლებელი იყო.
მან სთხოვა ალექსანდრეს, ინდოეთიდან წამოეყვანა ვინმე ინდუსი მისტიკოსი, სანიასინი, რადგან პოლარულად საწინააღმდეგო რამ ყოველთვის საინტერესოა. მას, ალბათ, ძალიან აინტერესებდა იმის გაგება, რას წარმოადგენდა ინდოელი მისტიკოსი. ვინ არის, ადამიანის რომელ ტიპს მიეკუთვნება ის, ვინც ლოგიკის გარეშე ცხოვრობს, ვინც ამტკიცებს, რომ არის მხოლოდ მთლიანი, და არა დუალური, რომელიც თავის თავში აერთიანებს და არიგებს ყველანაირ წინააღმდეგობებს და პარადოქსებს, ვისი დამოკიდებულებაც ყველაფერთან არის სინთეზის და არა ანალიზის დამოკიდებულება? ადამიანი, რომელიც არასოდეს აღიარებს ნაწილს, და აღიარებს მხოლოდ მთლიანს – ვინ არის ის, რა ტიპის ადამიანია?ამიტომ სთხოვა ალექსანდრეს: „უკან რომ დაბრუნდები, თან წამოიყვანე ვინმე ინდუსი მისტიკოსი, სანიასინი. მინდა შევხედო; სად ნახავ ადამიანს, რომელიც შეშლილივით ცხოვრობს და ამტკიცებს, რომ არსებობს რაღაც გონების მიღმა – ეს ხომ უიშვიათესი მოვლენაა“. არისტოტელე ხომ ის ადამიანი იყო, რომელსაც არასოდეს სწამდა არაფერი გონებისმიღმიერი; მისთვის გონება იყო ყველაფერი.
ინდოეთიდან მობრუნებულ ალექსანდრეს უცბად გაახსენდა ეს თხოვნა და დაავალა თავის ჯარისკაცებს, მოეძებნათ და მოეყვანათ ვინმე დიდი ინდუსი მისტიკოსი, დიდი სანიასინი, ბრძენი, წმინდანი. მათ ქალაქში გაიკითხეს, სად შეიძლებოდა მოენახათ ასეთი სანიასინი და ასეთი პასუხი მიიღეს: „დიახ, მდინარის პირას დგას შიშველი ადამიანი. უკვე რამდენიმე წელია, რაც ის იქ დგას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის მისტიკოსია. არა ვართ დარწმუნებული, რადგან ის ბევრს არ ლაპარაკობს; თანაც, რასაც ამბობს, ისიც არ გვესმის. ყველაფერი, რასაც ის ლაპარაკობს, ძალიან არალოგიკურია. შეიძლება, მართალს ამბობდეს, შეიძლება – არა“.
„ეს სწორედ ისაა, ვინც ჩვენ გვჭირდება, – გაუხარდა ალექსანდრეს, – ჩემს მასწავლებელს, რომელმაც ლოგიკას ჩაუყარა საფუძველი, ალოგიკური ადამიანის ნახვა უნდა. წადით და უთხარით, რომ მას ალექსანდრე იწვევს“.
ჯარისკაცები მდინარის ნაპირთან მივიდნენ და იმ შიშველ კაცს უთხრეს, რომ მას ალექსანდრე დიდი თავისთან იწვევს, რომ ის იქნება სამეფო სტუმარი, ექნება ყველაფერი, რასაც ისურვებს, ასე, რომ ამიერიდან მას არაფრის დარდი აღარ უნდა ჰქონდეს.
იმ კაცმა გადაიხარხარა და თქვა: „ადამიანი, რომელიც თავის თავს დიადს უწოდებს, – სულელია. წადით და უთხარით, რომ სულელებთან საქმეს არ ვიჭერ. სწორედ ამიტომ ვდგავარ აქ ამდენი წელია; სულელებთან ურთიერთობა რომ მდომებოდა, როგორ ფიქრობთ, ინდოეთში ისინი უფრო ცოტანი არიან, ვიდრე მის ქვეყანაში? ეს ქალაქი სავსეა ასეთებით“.
ჯარისკაცებს თავზარი დაეცათ, ეს რომ მოისმინეს, მაგრამ იძულებულნი იყვნენ უკან დაბრუნებულიყვნენ სათანადო მოხსენებით. ალექსანდრე დაინტერესდა, რა უპასუხა მათ იმ ადამიანმა, რომელსაც დანდამი ერქვა. ალექსანდრე თავის მოგონებებში მას სხვა სახელით მოიხსენიებდა – დანდამასი. როცა ალექსანდრემ ყველაფერი მოისმინა, გაბრაზდა, მაგრამ ეს იყო საზღვრისპირა სოფელი, მალე ინდოეთი უნდა დაეტოვებინა, ამიტომ გადაწყვიტა: „აჯობებს თავად წავიდე და ვნახო, ვინ არის, რა ტიპის ადამიანია“.
შეიძლება, მას დიოგენე გაახსენდა, – სავსებით შესაძლებელია, ესეც დიოგენეს ტიპის ადამიანი ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ ისიც შიშველი იდგა მდინარესთან. მსგავსი ისტორია ხომ დიოგენესთანაც გადახდა. მანაც გაიცინა და ალექსანდრე სულელად ჩათვალა.
მოკლედ, ალექსანდრე დანდამთან გაშიშვლებული ხმლით მივიდა და მოსთხოვა: „გამომყევი, თორემ ახლავე თავს წაგაცლი. მე არ ვკამათობ, მე ბრძანებებს ვიძლევი!“
იმ კაცმა გაიცინა და უთხრა: „მაშ, წამაცალე, რაღას ელოდები! ის თავი, რომლის მოჭრაც შენ გინდა, მე დიდი ხნის წინ მოვიჭერი. ახალი არაფერი მოგიფიქრებია, მე უკვე უთავო ვარ. მოჭერი, მაგრამ გეტყვი, რომ როცა თავი მიწაზე დავარდება, შენ დაინახავ მის ვარდნას, და მეც დავინახავ, რადგან მე – თავი არ ვარ“..
ოშო ‘ცარიელი ნავი’ / ავტორი: ნინო დიდებაშვილი