რას ეძებ?

მეცნიერება პოლიტიკა საზოგადოება

ალექსანდრე რონდელი: პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში

ალექსანდრე რონდელი - პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში

საერთაშორისო ურთიერთობებისადმი მიძღვნილ სპეციალურ ლიტერატურაში ნელა, მაგრამ მაინც განუხრელად იზრდება პატარა ქვეყნების პრობლემატიკის ამსახველი გამოკვლევების რიცხვი. ეს გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, რადგან მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან პატარა ქვეყნების რიცხვი, ისევე როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში მათი ადგილი და როლი, განუხრელად იზრდება. ამავე დროს საერთაშორისო ურთიერთობათა დისციპლინის თეორიულ დებატებში ჩახედულთათვის კარგად არის ცნობილი, რა სკეპტიციზმით შეჰყურებს ექსპერტთა ნაწილი პატარა ქვეყნების, როგორც ფენომენის, კვლევის აქტუალურობასა და პერსპექტივებს. სკეპტიკოსთა აზრით, პატარა სახელმწიფოები არაფრით განსხვავდებიან სხვა სიდიდის სახელმწიფოებისაგან და, ამდენად, მათი ცალკე გამოყოფა და შესწავლა აუცილებლობას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, მიმდინარე საუკუნის მანძილზე და ადრეც არაერთგზის გამოთქმულა მოსაზრება, რომ პატარა ქვეყნები საერთაშორისო სისტემაში დიდხანს ვერ იარსებებენ და მალე გაქრებიან.

ამასთანავე, მეტად საყურადღებოა, რომ პატარა ქვეყნების რიცხვიც იზრდება და მათი შესწავლა კი არ შენელებულა, არამედ გაცხოველდა კიდეც.

დღეს დედამინაზე არსებული 100-ზე მეტი პატარა ქვეყანა ერთმანეთისაგან ძლიერ განსხვავდება. სწორედ ეს აბრკოლებს პატარა ქვეყნის ,,ზუსტი პორტრეტის” შექმნას. მარტინ უაითმა ერთხელ შენიშნა, რომ არ არსებობს ,,საშუალო ქვეყანა”. იგივე შეიძლება პატარა სახელმწიფოთა შესახებაც ითქვას; თუმცა ამ კატეგორიის სახელმწიფოთა ზოგადი პორტრეტის შექმნა შეიძლება მაინც უფრო ადვილ საქმედ მოგვეჩვენოს.

მართალია, პატარა სახელმწიფოების არსებობის ფაქტს არავინ უარყოფს და არც ,,პატარა სახელმწიფოებად” მათ განსაზღვრას ეწინააღმდეგება, მაგრამ უარყოფდნენ და ზოგიერთი დღესაც უარყოფს მას, როგორც სამეცნიერო კვლევის სპეციფიკური ობიექტის განმსაზღვრელ ცნებას და თავად ობიექტს. პატარა ქვეყნების შესახებ ბევრს მსჯელობენ. საერთაშორისო სისტემაში მათი ადგილი, ფუნქცია და ქცევა საკმაოდ პოპულარული თემაა. მას ასახავს პოლიტიკა, ჟურნალისტიკა, საზოგადოებრივი აზრი. ამავე დროს, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევართა გარკვეული ნაწილი არ განიხილავს პატარა სახელმწიფოებს თავისი სამეცნიერო დისციპლინის კვლევის ობიექტად და საზოგადოდ, მათ სახელმწიფოთა განსაკუთრებულ, სპეციფიკურ
ტიპად არც მიიჩნევს. 1975 პიტერ ბეერმა დაასკვნა, რომ ,,პატარა ქვეყნის” კონცეფცია როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი არ
გამოდგება საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევაში.”

საერთაშორისო ურთიერთობათა შესწავლისას ძირითად ტრადიციად იქცა დიდი, ძლიერი სახელმწიფოების როლის, ადგილისა და საგარეო პოლიტიკის განხილვა და მთელი საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობათა, სამხედრო-სტრატეგიული და უსაფრთხოების პრობლემატიკის შესწავლა პირველ რიგში სწორედ ამგვარი ქვეყნების გათვალისწინებით. ამგვარი ტრადიცია, გაკვირვებას არც უნდა იწვევდეს, რადგან საერთაშორისო სისტემის ხასიათი და დინამიკა სწორედ უდიდესი, უძლიერესი ქვეყნების როლითა და ქმედებებით განისაზღვრება. მით უმეტეს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობებში ჯერაც ძალისა და უსაფრთხოების ინტერესების პრიმატია და დარგის თეორიულ კონცეფციებს შორის კლასიკურ ტრადიციად წოდებული რეალიზმი დომინირებს. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ პატარა სახელმწიფოთა მიმართ როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიაში, ასევე პრაქტიკაშიც საკმაოდ სკეპტიკური (თუ ნიჰილისტური არა) დამოკიდებულება დამკვიდრდა.

მოკრძალებული სამხედრო-პოლიტიკური შესაძლებლობების მქონე პატარა სახელმწიფოებს ძლიერი ქვეყნები არა მარტო აბუჩად იგდებდნენ, არამედ ხშირად მათ ინტერესებს და საკუთრივ მათაც ფეხქვეშ თელავდნენ. შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენით თუნდაც წინა საუკუნის ისტორიული მოვლენები, როცა ათობით პატარა სახელმწიფო მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების ინტერესების შეჯახების, მათი აგრესიული და იმპერიული მისწრაფებების მსხვერპლი გახდა. გავიხსენოთ, გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა როგორ წაართვეს დამოუკიდებლობა 1938-40 წლებში ავსტრიას, ნორვეგიას, ბელგიას, ჰოლანდიას, ჩეხოსლოვაკიას, პოლონეთს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს. უფრო ადრე საბჭოთა რუსეთმა აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს დამოუკიდებიობის დეკლარაციები თავზე გადაახია. ისიც გავიხსენოთ, როგორ ექცეოდა საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომის წინ მონგოლეთს, ფინეთს, რუმინეთს. დალხენილი ცხოვრება არც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგომიათ პატარა ქვეყნებს. საბჭოთა კავშირმა მეზობელი პატარა ქვეყნები სატელიტებად გაიხადა და დამოუკიდებელი შიდა და საგარეო პოლიტიკის გატარების საშუალება არ მისცა.

,,ცივი ომის” პერიოდად სახელდებულ ბიპოლარულ საერთაშორისო სისტემაში, ბევრი პატარა სახელმწიფო საკუთარი სუვერენიტეტის გადარჩენის მიზნით იძულებული გახდა თამაშის ის წესები მიეღო, რომლებიც ორმა ზესახელმწიფომ დაამკვიდრა და დაპირისპირებულ ბანაკებს შორის ერთ-ერთი აერჩია. ზოგიერთმა პატარა ქვეყანამ ნეიტრალიტეტის წყალობით მაშინაც მოახერხა განზე დარჩენა, როგორც ნეიტრალურმა სახელმწიფომ, ხოლო ზოგმა კი დროებით ე. ნ. მიუმხრობლობის მოძრაობას შეაფარა თავი.

დღეს პატარა ქვეყნებს შედარებით ,,საამური” დრო დაუდგათ, რადგანაც მსოფლიო პოლიმიკურ სისტემაში საერთაშორისო საზოგადოების ელემენტებმა იმძლავრა. პატარა ქვეყნების გადარჩენა და დამოუკიდებელი არსებობა ამჟამად უფრო ადვილია და მათი რიცხვიც განუხრელად მატულობს.

პატარა სახელმწიფოების, როგორც სახელმწიფოთა სპეციფიკური კლასისა თუ ტიპის, გამოყოფა ყოველთვის აწყდებოდა ისეთ პრობლემას, როგორიც მათთვის დამახასიათებელი იმ უნიკალური, განუმეორებელი თავისებურებების გამოვლენაა, რომლებმაც ამ კატეგორიის ქვეყნები სამეცნიერო კვლევის ობიექტად უნდა აქციონ.

წყარო: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი / ავტორი: ალექსანდრე რონდელი

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *