ალეჩის მყინვარი – გამყინვარების ეპოქის გადმონაშთი
დაახლოებით 20000 წლის წინ დედამიწის ზედაპირის 30% ათასობით მეტრის სისქის მოძრავი ყინულის ფენით იყო დაფარული. ბოლო გამყინვარების ეპოქა 12000 წლის წინ დსრულდა, მაგრამ იმდროინდელი ყინულის დიდი ნარჩენები დრემდე გვხდება პლანეტის სხვადასხვა კუთხეში. ალეჩის მყინვარი ალპებში იუნგფრაუ-ალეჩის თვალწარმტაც რეგიონში მდებარეობს და ევრაზიის კონტინენტზე უდიდესი, მსოფლიო მყივართა შორის კი ერთ-ერთი ულამაზესია.
ალეჩი შვეიცარიაში, ბერნის აღმოსავლეთ ალპებში, კონკორდიაპლაცზე სამი მცირე ზომის მყინვარის შეერთებით ფორმირდება და 23 კილომეტრის მანძილზე მიიკლაკნება ალპურ მწვერვალებს შორის. მისი საშუალო სიგანე 1,5 კილომეტრია, ხოლო მთლიანი ფართობი 120 კმ2-ს შეადგენს. ყინულისა და თოვლის კომპაქტური მასა ყოველწლიურად 180 მ სიჩქარით ეშვება რონის ხეობაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1560 მ სიმაღლეზე. აქ მყინვარის კიდე წვრილდება და გამდნარი თოვლისა და ყინულისგან მდინარე მასა იღებს სათავეს.
მდინარე მასა ვიწრო ხევებში მიიკაფავს გზას, სანამ მდინარე რონს შეუერთდება. უღრმეს მონაკვეთში თითქმის ერთი კილომეტრის სისქის მყინვარი ბოლო გამყინვარების ეპოქაში ალბათ მთელ მიმდებარე ტერიტორიას ფარავდა და მხოლოდ ალპების უმაღლეს მწვერვალებს ჰქონდა ამოყოფილი თავი მისი საფარელიდან. გამოთვლილია, რომ თუ ალეჩის მყინვარს გავადნობთ, ექვსი წლის განმავლობაში დედამიწის თითოეულ მოსახლისთვის ყოველდღიურად თითო ლიტრ სასმელ წყალს მივიღებთ.
თუმცა, მყინვარის სიდიადე მხოლოდ უბრალო სტატისტიკითა და ფაქტებით არ გამოიხატება – ალეჩის მყინვარის გარშემო უმშვენიერესი ხედი იშლება. ეს რეგიონი ბუნებრივი სილამაზის ერთ-ერთ გამოჩენილ ნიმუშად მიიჩნევა მთელ მსოფლიოში. მაღალი მწვერვალები და კლდოვანი მთები ზემოდან დაჰყურებს ყინულის ტბებსა და U-ს ფორმის ხეობებს, რომლებიც მდიდარია ფლორითა და ფაუნით. ბერნის ალპების ყველა მაღალი მწვერვალიდან ჩანს ალეჩის მყინვარი.
ალეჩის მყინვარი სამეცნიერო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან მისი მეშვეობით მყინვარების ისტორიისა და მიმდინარე პროცესების (მაგალითად, როგორ იცვლება ეკოსისტემა მისი უკან დახევისას; ან როგორ ზემოქმედებს გარემოზე კლიმატური ცვლილებები) შესწავლაა შესაძლებელი. XIX საუკუნის შუა ხანებიდან მყინვარი გამუდმებით მოკლდება, თუმცა, ბოლო წლებში უკან დახევის საშუალო სიჩქარემ მკვეთრად იმატა, თუ არ ჩავთლით იმ რამდენიმე წელს, როცა მყინვარი, პირიქით, ოდნავ დაგრძელდა.
2001 წელს ალეჩის მყინვარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს და დაცულ ტერიტორიად ითვლება. უკვე ასეულობით წელია, ალეჩის მყინვარი ტურისტების, მოლაშქრეების და ხელოვანების საყვარელი ადგილია.