ალექსანდრე ბერკმანი – ანარქიზმის ანბანი
კაცობრიობის მთელი პროგრესი ემყარება სწრაფვას უფრო მეტი უსაფრთხოებისა და მშვიდობისაკენ, უფრო მეტი დაცულობისა და კეთილდღეობისაკენ. მისი ბუნებრივი იმპულსი ისწრაფვის ურთიერთდახმარებისა და ერთობლივი ძალისხმევისაკენ. მისი ყველაზე ძლიერი ინსტინქტი თავისუფლებასა და სიხარულს მოითხოვს.
ეს მიდრეკილებები თავიანთ გამოხატულებას ეძებს და სკუთარ თავს იმკვიდრებენ მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა და სიძნელისა. კაცობრიობის მთელი ისტორია გვასწავლის, რომ არც ბუნების ძალებს და არც სხვა ადამიანების წინააღმდეგობას, არ შეუძლია მათ ამ გზაზე ხელი შეუშალოს. მე რომ მთხოვონ ცივილიზაცია ერთი, მხოლოდ ერთი, წინადადებით განვსაზღვრო, ვიტყოდი, რომ ეს არის ადამიანის ტრიუმფი ბუნებრივ თუ ადამიანურ წყვდიადზე. ჩვენ ბუნების მტრული ძალები დავამარცხეთ და დავიმორჩილეთ, მაგრამ ჯერ კიდევ მოგვიწევს ბრძოლა ბნელი ადამიანური ძალების წინააღმდეგ.
ისტორიაში არ მოიძებნება თუნდაც ერთი ისეთი სოციალური გაუმჯობესება, რომელიც თავის დროზე გაბატონებული ძალების ეკლესიის, მთავრობასა თუ კაპიტალის წინააღმდეგობას არ წაწყდომია. ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა წინ მათი წინააღმდეგობის დაძლევის გარეშე. ნებისმიერი პროგრესი გამძვინვარებულ ბრძოლას მოითხოვდა. მრავალი ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდა მონობის გაუქმებას, აჯანყებები და რევოლუციები დასჭირდა ადამიანთა ყველაზე ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფას. სამოქალაქო ომები იყო აუცილებელი იმისთვის, რომ მეფეების აბსოლუტური ძალაუფლება განადგურებულიყო და დემოკრატიული წყობილება დამყარებულიყო მასების მეტი თავისუფლებისა და კეთილდღეობისათვის.
არ არსებობს ერთი ქვეყანაც კი დედამიწაზე, არცერთი ისტორიული ეპოქა, როცა რომელიმე დიდი სოციალური უბედურება ხელისუფლებასთან მძვინვარე ბრძოლის გარეშე ყოფილიყოს განადგურებული. ჯერ კიდევ, არცთუ დიდი ხნის წინათ, მხოლოდ რევოლუციის შედეგად გახდა შესაძლებელი რუსეთში მეფის ტახტიდან ჩამოგდება, კაიზერის თავიდან მოშორება გერმანიაში, სულთნისა – თურქეთში, მონარქიისა – ჩინეთში და ასე შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში დედამიწაზე.
არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, როცა რომელიმე მთავრობას, რომელიმე ხელისუფლებას, რომელიმე ჯგუფს ან კლასს ნებაყოფლობით ეთქვას უარი ხელისუფლებასა და ბატონობაზე. ყოველთვის ძალის გამოყენება ხდებოდა საჭირო, ან, ყოველ შემთხვევაში, დამუქრება, რომ ძალა იქნებოდა გამოყენებული.
არსებობს თუ არა რაიმე გონივრული საფუძველი იმის ვარაუდისთვის, რომ ხელისუფლება თუ კაპიტალი მოულოდნელად გადაიფიქრებს და მომავალში სხვაგვარად მოიქცევა, ვიდრე ამას წარსულში აკეთებდა?
თქვენი გონიერი, საღი აზრი გიკარნახებთ, რომ ეს ამაო და უაზრო იმედი იქნებოდა. მთავრობა და კაპიტალი იბრძოლებს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. ისინი ამას ახლაც აკეთებენ, თუ მათ პრივილეგიებს თუნდაც სულ ცოტა საფრთხე ემუქრება. ისინი სამკვდრო სასიცოცხლოდ იბრძოლებენ თავიანთი არსებობისათვის. სწორედ ამიტომ, სულაც არ არის საჭირო წინასწარმეტყველი იყო, რათა დაინახო, რომ ერთ მშვენიერ დღეს გადამწყვეტი ბრძოლა გაჩაღდება გაძარცულ კლასებსა და მათ ბატონებს შორის.
ფაქტობრივად, ეს ბრძოლა უკვე მიმდინარეობს. ეს არის მუდმივი ბრძოლა კაპიტალსა და მშრომელებს შორის. ჩვეულებრივ ეს კანონის ჩარჩოებში ხდება. მაგრამ ამ კონფლიქტებშიც კი ხანდახან ძალას იყენებენ, როგორც მაგალითად გაფიცვებისა და ლოკაუტებისას, რადგან მთავრობის შეიარაღებული ხელი ყოველთვის ბატონების სამსახურშია და ეს ხელი ყოველთვის მოქმედებას იწყებს, როგორც კი დაინახავს, რომ მის მოგებას საფრთხე ემუქრება. მაშინ ის მშრომელებთან „საერთო ინტერესებისა“ და „პარტნიორობის“ ნიღაბს იხსნის და თავშესაფარს ეძებს უკანასკნელ არგუმენტში – იძულებასა და ძალადობაში.
აი, ამიტომ, სრულიად ნათელია, რომ მთავრობა და კაპიტალი, ყოველნაირად შეეცდება იმის აღკვეთას, რომ ისინი ასე შეუმჩნევლად არ იქნას გაუქმებული და არც რაღაც სასწაულებრივად „გაქრება“ თავისთავად, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია. მათგან თავის დასაღწევად რევოლუცია იქნება საჭირო.
არიან ადამიანები, რომლებიც სიტყვა „რევოლუციის“ გაგონებაზე უნდობლად ჩაიცინებენ ხოლმე. „ეს შეუძლებელია“, – თავდაჯერებულად ამბობენ ისინი. მაგრამ ასევე ფიქრობდნენ საფრანგეთში ლუდოვიკო XIV და მარია ანტუანეტა რამდენიმე კვირით ადრე მანამდე, სანამ ტახტი დაკარგეს საკუთარ თავთან ერთად. ასევე ფიქრობდნენ არისტოკრატები მეფე ნიკოლოზ II-ის კარზე სწორედ წინა დღეს იმ აჯანყებისა, რომლის შედეგად ისინი განდევნეს. „არაფერი ჩანს სამაგისოდ, რომ რევოლუცია მოხდეს“, – ამტკიცებენ ზედაპირული ზედამხედველები. მაგრამ რევოლუციების თავისებურება სწორედ ის არის, რომ ისინი სწორედ მაშინ იფეთქებს ხოლმე, როცა „არ ეტყობა“ რომ ეს მოხდება. თუმცა ყველაზე შორსმჭვრეტელ თანამედროვე კაპიტალისტებს არ სურთ რისკზე წავიდნენ. მათ იციან, რომ აჯანყება და რევოლუცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს.
ამიტომ მსხვილმა სააქციო საზოგადოებებმა და მეწარმეებმა – განსაკუთრებით ამერიკაში – დაიწყეს ახალი მეთოდების შემოტანა, რომლებიც საყოველთაო უკმაყოფილებისა და აჯანყების მეხამრიდად უნდა იქცეს. მათ შემოაქვთ პრემიები თავიანთი დაქირავებულებისათვის, მოგებაში წილი და სხვა მსგავსი მეთოდები, რომლებიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – დააწყნაროს მუშები და ფინანსურად დააინტერესოს ისინი ინდუსტრიის აყვავებაში. ასეთმა მეთოდებმა შეიძლება დროებით დააწყნაროს პროლეტარი, ხელი შეუშალოს მას დაინახოს თავისი ნამდვილი ინტერესები. მაგრამ არ იფიქროთ, რომ მუშა ყოველთვის კმაყოფილი იქნება თავისი დაქირავებული შრომით, მაშინაც კი, თუ მის გალიას დროდადრო ოქროებით მორთავენ. მატერიალური პირობების გაუმჯობესება არ არის იმის გარანტია, რომ რევოლუცია არ მოხდება. პირიქით, ჩვენი სურვილების დაკმაყოფილება ახალ მოთხოვნილებებსა და მისწრაფებებს წარმოშობს. ასეთია ადამიანის ბუნება და სწორედ ეს ქმნის გაუმჯობესების და პროგრესის შესაძლებლობას. მუშის უკმაყოფილებას ვერ ჩაახშობ პურის დამატებითი ნაჭრით, მაშინაც კი, თუ მასზე კარაქია გადასმული.
ამიტომ აჯანყებები ევროპის ინდუსტრიულ ცენტრებში, ჩამორჩენილი აზიისა და აფრიკის ქვეყნებზე უფრო გაცნობიერებული და აქტიურია. ადამიანების გონება იოცნებებს დიდ კომფორტსა და დიდ თავისუფლებაზე და სწორედ მასები აქცევენ ამ სწრაფვას მომავალ პროგრესად. თანამედროვე პლუტოკრატების33 იმედები, აღკვეთონ რევოლუცია მუშებისთვის დროდადრო უფრო დიდი ძვლის გადაგდებით, ილუზორული და უსაფუძვლოა. კაპიტალის ახალი ტექნიკა, როგორც ჩანს, დროებით, აწყნარებს მშრომელებს, მაგრამ მათი წინსვლის შეჩერება შეუძლებელია ასეთი დახმარებით. კაპიტალიზმის ლიკვიდაცია მიუხედავად ყველა პროგრამისა და წინააღმდეგობისა, გარდაუვალია და მხოლოდ რევოლუციის საშუალებით შეიძლება იქნას მიღწეული.
შეუძლია თუ არა ცალკეულ მუშას რაიმე გააკეთოს მსხვილი კორპორაციების წინააღმდეგ? შეუძლია პატარა პროფკავშირს აიძულოს მსხვილი მეწარმე შეასრულოს მისი მოთხოვნილებები? კაპიტალისტების კლასი ორგანიზებულია მუშებთან საბრძოლველად. თავისთავად იგულისხმება, რომ რევოლუცია შეიძლება წარმატებული იყოს მხოლოდ მაშინ, როცა მუშები გაერთიანდებიან, როცა ისინი ორგანიზებულები იქნებიან მთელ ქვეყანაში, როცა მთელი ქვეყნის პროლეტარიატი ერთობლივად იმოქმედებს, კაპიტალი ხომ ინტერნაციონალურია და ყველა მსხვილი პრობლემის წარმოქმნისას კაპიტალისტები ერთიანდებიან მშრომელების წინააღმდეგ.
ამიტომ იყო, რომ, მაგალითად, მთელი მსოფლიოს პლუტოკრატია გაერთიანდა რუსეთის რევოლუციის წინააღმდეგ. სანამ რუსებს მხოლოდ მეფის მოკვლა სურდათ, საერთაშორისო კაპიტალი საქმეში არ ჩარეულა, მისთვის ხომ სულერთი იყო რომელი პოლიტიკური ფორმა იარსებებდა რუსეთში თუკი მთავრობა ბურჟუაზიული და კაპიტალისტური დარჩებოდა. მაგრამ როგორც კი რუსეთში კაპიტალისტური სისტემის ლიკვიდაცია დაიწყო, ყველა ქვეყნის მთავრობა და ბურჟუაზია გაერთიანდა მის გასასრესად. მათ ეს თავიანთი საკუთარი ბატონობის საფრთხედ აღიქვეს.
ეს ყველაფერი კარგად დაიმახსოვრე, ჩემო მეგობარო. იმიტომ, რომ რევოლუციები სხვადასხვანაირია. ზოგი მხოლოდ მმართველობის ფორმას ცვლის და ახალი ბატონების ერთ ჯგუფს აყენებს სათავეში ძველების ნაცვლად. ეს პოლიტიკური რევოლუციაა და, როგორც ასეთი, ის იშვიათად აწყდება წინააღმდეგობას. სხვა რევოლუციამ კი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ გაანადგუროს დაქირავებული მონობის მთელი სისტემა, უნდა გაანადგუროს კლასის ძალაუფლებაც, რაც მას სხვების ჩაგვრის საშუალებას აძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ლაპარაკი არ არის მმართველების, მთავრობის უბრალო შეცვლაზე და არც პოლიტიკურ რევოლუციაზე, არამედ ისეთ რევოლუციაზე, რომელიც საზოგადოების თვით არსს ცვლის. ეს სოციალური რევოლუცია იქნებოდა და მას არა მხოლოდ მთავრობასთან და კაპიტალისტებთან მოუწევდა ბრძოლა, არამედ იმ ადამიანების ფართოდ გავრცელებული უმეცრებისა და ცრურწმენების წინააღმდეგობის დაძლევა, ვისაც მთავრობის და კაპიტალიზმის სჯერა.
© ალექსანდრე ბერკმანი / ანარქიზმის ანბანი