რას ეძებ?

კულტურა საინტერესო სხვა

“საშინელებათა” დიდოსტატს ფუნთუშები უყვარდა

ალფრედ ჰიჩკოკი

ეს ტანდაბალი, პირმრგვალი, ფოსტლებიანი, კრემიანი ფუნთუშების მოყვრული კაცი სრულიად არ ჰგავს კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე საშინელი ფილმების ავტორს. მაგრამ ალფრედ ჰიჩკოკი სწორედ ასეთი გახლდათ – კეთილი, რბილი ბურჟუა. იქნებ ამიტომაც იყო, რომ მის “საშნელებათა” ფილმებში, რომელიც თავზარს სცემს მაყურებელს, ერთ ძალადობის სცენასაც ვერ ნახავთ. ვერც სისხლის ნიაღვარს, ვერც უსულგულო, მხეცურ მკვლელობას. ამასთან, მისი შემოქმედება იუმორითაა გაჟღენთილი. ჰიჩკოკის აღიარებულ ნაწარმოებთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია “თავბრუსხვევა”, “ჩიტები”, “ფსიქოზი”.

ჰიჩკოკი სიცოცხლეშიც კი კერპად ითვლებოდა. ვერავინ ხვდებოდა, როგორ ახერხებდა ეს ტკბილი და სათნო ადამიანი, დაძაბული ჰყოლოდა ხალხმრავალი კინოდარბაზები. მას არ ჰყოლია მოწაფეები, არ შეუქმნია საკუთარი სარეჟისორო სკოლა. როდესაც შემოქმედებითი საიდუმლოების გამხელას სთხოვდნენ, ხუმრობით იცილებდა თავიდან აბეზართ. ერთხელ ფილმის “ჩიტები” შესახებ ჰკითხეს, – როგორ დაიმორჩილეთ ჩიტების ვეება გუნდიო, სერიოზულად უპასუხა: ბევრი გადავუხადეო. მისი ერთადერთი თანაშემწეები იყვნენ შესანიშნავი მსახიობები: ინგრიდ ბერგმანი, გრეის კელი, ენტონი პერკინსი. მაგრამ არ გეგონოთ, თითქოს მათთან ურთიერთობა დათაფლული ჰქონდეს. იგი არ ედვებოდა ვარსკვლავებს, მან კარგად იცოდა – მის განკარგულებაში იყო სამონტაჟო მაგიდა და როგორც უნდოდა, ისე მოექცეოდა გადაღებულ კინომასალას.

ჰოჩკოკი ძალზე ერთგული მეუღლე იყო. წარმოუდგენლად პოპულარულმა მამაკაცმა შეძლო, ისე წასულიყო იმქვეყნად, რომ რომ ერთი ბულვარული სკანდალითაც არ დაუმახსოვრებია ხალხისთვის თავი. მას სიცოცხლეში ერთადერთი ქალი უყვარდა – მეუღლე ალმა რეველი. იგი იყო ბევრი მისი სცენარის თანაავტორიც. სიკვდილის შემდეგ ანდერძის თანახმად, ჰიჩკოკის ფერფლი წყნარ ოკეანეში მიმოფანტეს.

ჰიჩკოკს მუნჯი კინოს ხანიდან მოყოლებული მისი სამოცწლიანი კარიერის განმავლობაში 53 მეტი ფილმი აქვს გადაღებული. ჟურნალმა „MovieMaker“ კი ჰიჩკოკი მოიხსენია როგორც ყველაზე გავლენიანი რეჟისორი კინოისტორიაში.

ალფრედ ჰიჩკოკი
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს