ამაზონი: მდინარეების დედოფალი
მდინარე ამაზონის აუზის ფართობი 7044500 კმ2-ია და ყველაზე დიდია მსოფლიოში. ის აგრეთვე გამორჩეულია უხვი და იდუმალი ეკოსისტემით. ამაზონის აუზი სამხრეთ ამერიკის კონტინენტის თითქმის ერთ მესამედზეა გადაჭიმული და მისი ტროპიკული ჯუნგლების სქელი ფოთოლთსაბურველის ქვეშ ფლორისა და ფაუნის მრავალი წარმომადგენელი ბინადრობს. 1,3 კმ2-ის რადიუსის ფართობზე 117 განსხვავებული ჯიშის ხე დაითვალეს. ჯერჯერობით რეგიონი ბოლომდე არ არის შესწავლილი და მკვლევართა აზრით, ჯუნგლების სიღრმეში შეიძლება ცხოველებისა და მცენარეების მრავალი ისეთი სახეობა არსებობდეს, რომელთა შესახებ აბორიგენების გარდა არც ერთ ადამიანს არ სმენია. (ამაზონი)
ამაზონის აუზს ჩრთილოეთიდან კლდოვანი გვიანას ზეგანი ესაზღვრება, სამხრეთიდან – ბრაზილიის პლატო, ხოლო დასავლეთიდან – ანდები. სწორედ აქ მიედინება მდინარე ამაზონი თავის 15000 შენაკადთან ერთად. მდინარე ამაზონის სიგრძე თითქმის 6 750 კილომეტრია. ამ მცირედ დასახლებულ და წარმოუდგენლად ვრცელ ტერიტორიაზე მდებარებს მსოფლიოში უდიდესი ტროპიკული ტყე. სავარაუდოდ, სულ ცოტა 100 მილიონი წლის ტყეში მუდმივად თბილა, დღისით საშუალო ტემპერატურა 30o-35oc-ია, ხოლო ღამით – 20o-25oc; ატმოსფერული ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 2 მეტრს შეადგენს. ასეთი გარემო პირობები ხელს უწყობს სიცოცხლის მრავალი ფორმისა და მსოფლიოში უმდიდრესი ეკოსისტემის შექმნას.
თავად ამაზონიც ძალიან დიდი მდინარეა და სიგრძით მხოლოდ ნილოსს ჩამოუვარდება. აი, მოცულობით კი ვერავინ შეედრება. ატლანტის ოკეანესთან მისი შესართავი 400 კილომეტრის სიგანისაა და ოკეანეში წუთში 30 ტრილიონი ლიტრი წყალი ჩაედინება, რაც სამოცჯერ აღემატება ნილოსის ტევადობას. ალაგ-ალაგ ამაზონის სიგანე 56 კილომეტრს აღწევს და სავსეა სახეობებით, რომლებსაც დედამიწაზე სხვაგან ვერსად ნახავთ. ამაზონში ბინადრობს ყველაზე დიდი მტკნარი წყლის თევზი არაპაიმა, რომელიც 4.5 მ სიგრძისა იზრდება; ასევე – პირანია, ელექტრული გველთევზა და მსოფლიოში ყველაზე დიდი გველი, ანაკონდა, რომელიც სიცოცხლის უდიდეს ნაწილს წყალში ატარებს.
ოფიციალურად მდინარის სათავედ წყალუხვი მდინარე მარანიონი მიიჩნევა. სათავე, სადაც მარანიონი ქედებს შორის ჩაჭრილ ხეობაში მოედინება, არაჩვეულებრივი და თავისებური ადგილია. შესართავში, სადაც მდინარე ქმნის დელტას, უამრავი კუნძულია. მათ შორის ყველაზე დიდზე, მარაჟუზე, თავისუფლად დაეტევა ბელგია ან შვეიცარია. თავად ამაზონის წყალშემკრებ აუზში, რომელიც 7.2 მლნ კვ. კმ-ია, თავისუფლად მოთავსდება ავსტრალია ან აშშ. ამაზონის აუზი სავსეა განძით. აქ მოიპოვება ალმასი, ოქრო, ვერცხლი. ტყეებში უშიშრად სიარული მხოლოდ მკვიდრ მოსახლეობას შეუძლია. თავად ბრაზილიელებიც კი ამაზონის ტყეებს „მწვანე ჯოჯოხეთს” უწოდებენ.
ბოლო წლებში მსოფლიო უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს საფრთხეზე, რომელიც ამაზონის ჯუნგლებს ემუქრება. ტყისჭრა ანადგურებს მრავალ უნიკალურ მცენარეს, მათ შორის, ისეთებსაც, რომლებსაც დადასტურებული სამეცნიერო და სამედიცინო დანიშნულება აქვს. ძნელია იმის თქმა, რას დაკარგავს კაცობრიობა, თუ ამაზონის ტროპიკული ტყეების განადგურება გაგრძელდება. იმედია, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის ზრდასა და კაცობრიობის მიერ პლანეტის ეკოსისტემის ექსპლუატაციას ამაზონის აუზიც არ შეეწირება; ის თავისი ბუნებრივი სიმდიდრეებით კვლავ დარჩება ხელუხლებელ ველურ ტერიტორიად და მისი ჯერაც აღმოუჩენელი საიდუმლოებები თანდათან გაცხადდება.
ტეგები: საინტერესო, ამაზონი, აუზი, მდინარე, ტყე, ჯუნგლები