რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

ამბოსელის ეროვნული პარკი – კენია

ამბოსელის ეროვნული პარკი - აფრიკა

ამბოსელის ეროვნული პარკის ფართობი სულ რაღაც 392 კვადრატული კილომეტრია და ის ყველაზე მცირე ეროვნული პარკია აფრიკაში, მაგრამ შეუდარებელი პეიზაჟები და მდიდარი ეკოსისტემა მას სხვებისაგან გამოარჩევს. აქ საითაც უნდა გაიხედო, ყველგან ღრუბლებში გახვეული კილიმანჯარო და ზებრების, გნუებისა და სპილოების ჯოგები მოჩანს. ამბოსელის ეროვნული პარკის ლანდშაფტი ეს არის აფრიკა, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია.


ამბოსელის ეროვნული პარკი კენიაში, დიდი რღვევის ზოლის პროვინციაში, დედაქალაქ ნაირობიდან 260 კილომეტრის მოშორებით, ტანზანიიის საზღვართან მდებარეობს. ადგილობრივ, მასაის ენაზე ამბოსელი „წყლიან ადგილს“ ნიშნავს. მართალია, ამბოსელის ეროვნული პარკი ერთი შეხედვით გვალვიან, მიწადახეთქილ, ბალახიან ტერიტორიად მოგეჩვენოთ, მაგამ სინამდვილეში წყალი იქ ბლომადაა. მიუხედავად ყოველწლიური ატმოსფერული ნალექის საშუალო რაოდენობის სიმცირისა (35 სმ), კილიმანჯაროს მწვერვალის დამდნარი თოვლი ვულკანურ ქანებში იფილტრება და მიწისქვეშა დინებებს ამარაგებს; ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მთის ძირში ჭაობებსა და ნაკადულებს კვებავს.

მუდმივი წყალმომარაგების მეშვეობით ამბოსელის ეროვნული პარკის ეკოსისტემა თანაბრად დაბალანსებულია და მდიდარია ველური ფლორითა და ფაუნით. ამბოსელის პარკში 50-ზე მეტი სახეობის დიდი ცხოველი ბინადრობს: იმპალა, ჟირაფი, ლომი, მარტორქა, ავაზა, ჯიქი, კარაკალი და სხვა კატისებრნი; აგრეთვე მრავლად არიან სპილოები. ცხოველებთან ერთად ამბოსელის პარკი 400-ზე მეტი სახეობის ფრინველის სამშობლოა, მათ შორის, მეომარი არწივის, ჯუჯა შევარდნის, ვარხვის, ალკუნისა და კვირიონის. კილიმანჯაროს კიდევ ერთი „საჩუქარი“ მთიდან დალექილი ათასწლოვანი ვულკანური მტვერია.

ეს ტერიტორია მსოფლიომ შედარებით გვიან გაიცნო, რადგან ადგილობრივი მასაის ტომის ხალხი მრისხანე, ამაყი მეომრები იყვნენ და მათ მიწაზე ბევრი მკვლევარი ვერ ბედავდა ფეხის დადგმას. პირველი ევროპელი, რომელმაც 1883 წელს ეს მხარე გამოიკვლია, ჯოზეფ თომფსონი იყო. ის ძლიერ მოხიბლა ველური ბუნების ნაირფეროვნებამ, სადაც ჭაობები საოცარ კონტრასტს ქმნიან მტვრიან მინდვრებსა და დამშრალ პლეისტოცენის ხანის ტბასთან. მისი ემოციების თანაზიარი გახდა ერნესტ ჰემინგუეი, რომელმაც ეს რეგიონი თავისი ნაწარმოებით უკვდავყო.

მასაის ტომი

მას შემდეგ აქ უამრავი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, აქაურობას ხშირად სტუმრობდნენ ფოტოგრაფები თუ ტურისტები. დღეს ამბოსელი ეროვნული პარკი აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, მიუხედავად იმისა, რომ მასაის ხალხი კვლავ აქ ცხოვრობს. პარკი მოფენილია მანიატაებით, მასაის ხალხის ტრდიციული დასახლებებით. ამ ქოხებს ხის ტოტებისაგან აშენებდნენ და ძროხის ფუნით ლესავდნენ. ასეთი ქოხები ადვილი ასაშენებელია და როცა ნახირს ახალ საძოვრებზე მიერეკებოდა, მასაის ხალხიც სხვაგან გადაბარგდებოდა ხოლმე.

ამბოსელი 1974 წლიდან ეროვნულ პარკად გამოცხადდა, ხოლო 1991 წელს „იუნესკოს ბიოსფეროს ნაკრძალის“ სტატუსი მიენიჭა. დღეს ამბოსელის სილამაზე დაცულია და ეკოტურიზმს დიდი სიფრთხილით ეპყრობიან, რათა პარკმა პირვანდელი სახე შეინარჩუნოს და არც იქ მცხოვრები აბორიგენების უფლებები დაირღვეს.

ტეგები: აფრიკა, კენია, ეროვნული პარკი, ამბოსელი, მასაი, კილიმანჯარო, საინტერესო, kilimanjaro, afrika, aprika, kenia, parki, masai, tomi…

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *