ანგკორ-ვატი: ღმერთი ვიშნუს სახელზე აგებული დიდებული ტაძარი
პირველი ევროპელი, რომელმაც ანგკორ-ვატს შეავლო თავლი, პორტუგალიელი ბერი ანტონიო და მაგდალენა XVI საუკუნის მიწურულს წერდა, რომ თანამედროვე კამბოჯის ტერიტორიაზე მდგარი ეს ტაძარი „იმდენად უჩვეულოა, რომ მისი კალმით აღწერა შეუძლებელია, რადგან მსოფლიოს ვერც ერთ სხვა შენობას ვერ შეადრებ. მას აქვს კოშკები, ჩუქურთმები, ყველანაირი მორთულობა, რაც კი ადამიანის გონებამ შეიძლება მოიფიქროს“. ის ერთადერთი ადამიანი არ ყოფილა, ვინც ტაძარმა ასე ძლიერ მოხიბლა. (ანგკორ-ვატი)
თითქმის ნახევარი ათასწლეულის შემდეგ ანგკორ-ვატი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. მისი გრაციოზული ჰარმონიულობა, ნატიფი ხუროთმოძღვრება და საუცხოო მორთულობა დღემდე აოცებს და აღაფრთოვანებს იმ ასობით ათას უცხოელ სტუმარს, ყოველწლიურად რომ სტუმრობს კამბოჯას. კამბოჯელი ხალხი ისე ამაყობს ანგკორ-ვატით, რომ ეროვნულ დროშაზეც კი დაიტანეს მისი გამოსახულება.
ანგკორ-ვატის სატაძრო კომპლექსი მოიცავს ვრცელ თხრილს, გალავანს, ტაძარსა და მის ეზოს. ის XII ს-ში სურიავარმან II-ის ბრძანებით აშენდა. ანგკორ-ვატი „ტაძრის ქალაქს“ ნიშნავს და ძველ დედაქალაქთან, ბაფუონთან ახლოს მდებარეობს. დღეს ბაფუონი უძველესი შენობებით არის ცნობილი. ანგკორ-ვატი ღმერთი ვიშნუს სახელზე აიგო (თუმცა, XII ს-ში ქვეყანა ბუდიზმზე მოექცა და ინდუისტურ ნაგებობებს ზემოდან ბუდისტური დააშენეს). სავარაუდოდ, თავად სურიავარმანიც აქ უნდა განისვენებდეს. თუ ეს სიმართლეა, ანგკორ-ვატიც, ეგვიპტური პირამიდების მსგავსად, აკლდამა ყოფილა.
ანგკორ-ვატმა არქიტექტურის ახალ – ე.წ. „ანგკორ-ვატის სტილს“ დაუდო სათავე. კომპლექსი ერთმანეთსე ისე ოსტატურად დასმული ქვით არის ნაგები, რომ ზოგჯერ შრეების გარჩევაც კი ძნელია.
მთავარი ტაძარი სამი მართკუთხა გალერეით გარშემორტყმულ ამაღლებულ ტერასაზე დგას. ამ სამიდან ორ შიდა გალერეაში ლოტოსის ფორმის ოთხი კოშკურა დგას. მაღალ ცენტრალურ კოშკთან ერთად ისინი კვინკუნქსს (კამათელზე დაწერილი ხუთიანის ფორმის ფიგურა) ქმნიან. შენობის ყოველი ზედაპირი უხვად არის მორთული ბარელიეფებით, რომლებიც აღწერს უძველეს ბრძოლებსა და სცენებს ინდური ლიტერატურიდან და მითოლოგიიდან; კედლებზე კი გამოსახულია მფარველი სულები.
ტაძარს გარს ერტყმის 4,5 მ სიმაღლის გალავანი, რომლის შიგნითაც მოქცეულია 820000 მ2 ფართობის არე. გალავნის კუთხეებში კოშკებიანი გოპურები (შესასვლელი შენობები) დგას. გალავანი, მისი კოშკები და დიდებული შესასვლელები უხვად არის მორთული ჩუქურთმებითა და ბარელიეფებით და შიდა ტაძრის ხუროთმოძღვრებას ჰარმონიულად ერწყმის.
ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ანგკორ-ვატი უამრავჯერ გაუძარცვავთ, მიუტოვებიათ და ზერელედ აღუდგენიათ, მაგრამ წყლიანი თხრილი ასე თუ ისე მაინც იცავდა შუაგულ ჯუნგლებში მდგარ ტაძარს სრული გაველურებისა და ნგრევისაგან. დღეს ის პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა და შემოსული ფული მის რესტავრაციასა და დაცვას ხმარდება.
ტეგები: საინტერესო, ტაძარი, ანგკორ-ვატი, კამბოჯა…