ანი ბეზანტი: ბუნების კანონები და კარმა
მთელი სამყაროა მოცული მონაცვლეობისა და მიზეზობრიობის იდეებით, მაგრამ, როდესაც საქმე ბუნების კანონებამდე მიდის, ვერ ვახერხებთ იმის თქმას, თუ რა სფეროებზე ვრცელდება ისინი. მეცნიერები იძულებულნი არიან, სულ უფრო დიდი სიფრთხილით ისაუბრონ, რადგან ისინი ფაქტობრივი დაკვირვების საზღვრებს სცდებიან. ის მიზეზები და შედეგები, რომლებიც უწყვეტია ჩვენი დაკვირვების სფეროში, შესაძლოა სხვა სფეროებზე არ ვრცელდებოდეს, ხოლო ის მოქმედებები, რომლებიც აქ უცვლელად წარმოდგება, შესაძლოა შეწყდეს რაიმე მიზეზის შეჭრით, რომელიც ჩვენი დროისთვის „ცნობილის“ საზღვრებს მიღმაა, თუმცა სავარაუდოდ შესაცნობის ფარგლებშია.
1850 და 1890 წლებს შორის მრავალი პოზიტიური განცხადება გაკეთდა ენერგიის შენახვისა და მატერიის ურღვევობის შესახებ. ითქვა, რომ სამყაროში არსებობდა ენერგიის გარკვეული რაოდენობა, რომელსაც არც შემცირება შეეძლო და არც მატება; რომ ყველა ძალა ამ ენერგიის ფორმა იყო და რომ რომელიმე მოცემული ძალის, მაგალითად, სითბოს, ოდენობა, შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ უცვლელია ენერგიის ჯამური ოდენობა. ისევე, როგორც 20 შეიძლება შედგებოდეს 20 ერთიანისგან, 10 ორიანისგან, 5 ოთხიანისგან ან იყოს 12+8 და ა.შ., მაგრამ ჯამი უცვლელია და ის 20-ია, ასევეა ცვლად ფორმებთან და ჯამურ ოდენობასთან მიმართებითაც. მატერიასთან მიმართებით მსგავსი განცხადებები გაკეთდა: ის იყო ურღვევი და, შესაბამისად, მუდამ ერთსა და იმავე ოდენობას ინარჩუნებდა. ზოგიერთმა, ლუდვიგ ბიუხნერის მსგავსად, განაცხადა, რომ ქიმიური ელემენტები ურღვევი იყო, რომ „ნახშირბადის ატომი ყოველთვის ნახშირბადის ატომი იყო“ და ა.შ.
მეცნიერება ამ ორ იდეაზე აიგო და სწორედ ისინი წარმოადგენს მატერიალიზმის საფუძველს. მაგრამ დღეს ჩვენ ვიცით, რომ ქიმიური ელემენტები დაშლადია, ხოლო თვით ატომი შესაძლოა გრიგალს წარმოადგენდეს ეთერში ან უბრალო ხვრელს იქ, სადაც ეთერი არ არის. შესაძლოა არსებობდეს ატომები, რომელთა საშუალებითაც ძალა შიგნით იღვრება, და ისეთებიც, რომლებიც ძალებს გარეთ ღვრის. საიდან? საით? შეიძლება, რომ ფიზიკური მატერია არახელშესახები გახდეს და ეთერში განზავდეს? შეძლებს ეთერი ახალი მატერიის წარმოქმნას? ყველაფერი საეჭვოდ გამო იყურება იქ, სადაც ერთხელ მტკიცე რწმენა სუფევდა. და მაინც, სამყაროში არსებობს „გაუვლელობის რგოლი“. „ბუნების კანონის“ შესახებ თავდაჯერებით საუბარი მხოლოდ მოცემულ სფეროში შეგვიძლია.
რას წარმოადგენს ბუნების კანონი? ბ-ნი ჯ. ნ. ფარქუჰარი „თანამედროვე მიმოხილვის“ 1910 წლის ივლისის ნომერში ინდუიზმზე დაწერილ სტატიაში აცხადებს, რომ ინდუსებს რეფორმების გატარება სურთ და რომ მათ უარი უნდა თქვან კარმის იდეაზე. ასეთივე წარმატებით შეეძლო მას ეთქვა, რომ ადამიანმა, რომელსაც ფრენა სურს, ატმოსფეროს იდეა უნდა უარყოს. კარმის გაგება მოქმედებაზე უარის თქმას კი არ გულისხმობს, არამედ იმ პირობების ცოდნას, რომლებშიც ეს მოქმედება საუკეთესოდ სრულდება. ბ-ნი ფარქუჰარი, რომელსაც, როგორც ჩანს, გულდასმით აქვს შესწავლილი თანამედროვე ინდუიზმი, ვერ იხელთებს კარმის იდეას ისე, როგორც მას ძველი ნაწერები და თანამედროვე მეცნიერება ასწავლის.
ბუნების კანონი ბრძანება კი არა, პირობების ფორმულირებაა. შეუძლებელია ამის ხშირად გამეორება ან მეტისმეტი უდრეკობით დაჟინება. ბუნება არაფერს არ ბრძანებს, ის, უბრალოდ, ამბობს: „აი, კონკრეტული პირობები და სადაც ისინი არსებობს, შედეგი გარდაუვლად ასეთი და ასეთი იქნება“. ბუნების კანონი უცვლელი მონაცვლეობაა. თუ შედეგი არ მოგწონთ, შეცვალეთ წინამორბედი პირობები. უმეცარი უმწეოა და ბუნების გამალებულ ძალებს არის მინდობილი. ბრძენია ბატონი, რომელსაც ბუნების ძალები მორჩილად ემსახურება. ბუნების ყველა კანონი საშუალების მიმცემი ძალაა და არა მაიძულებელი, მაგრამ მისი ძალების გამოსაყენებლად ცოდნაა საჭირო.
ნორმალური წნევის პირობებში წყალი 100oC ტემპერატურაზე დუღს. თუ თქვენ მთაზე ახვალთ, წნევა შემცირდება და წყალი 95oC ტემპერატურაზე ადუღდება. მაგრამ ასეთი წყლით კარგ ჩაის ვერ დააყენებთ. რა გამოდის, ბუნება გიკრძალავთ მთაში კარგი ჩაის დაყენებას? – სულაც არა. ჩვეულებრივი წნევის პირობებში წყალი ჩაის მოსამზადებლად აუცილებელ ტემპერატურაზე დუღდება. თქვენ წნევა დაკარგეთ, მაგრამ მიდით, შეავსეთ დანაკლისი, შეაკავეთ გამომავალი ორთქლი, სანამ ის საკმარის წნევას არ შექმნის, რომ ჩაი 100 გრადუსზე მოამზადოთ. თუ ჟანგბადისა და წყალბადის შეერთებით წყლის შექმნა გსურთ, ამისათვის კონკრეტული ტემპერატურა გჭირდებათ, წყლის მიღებას კი ელექტრული ნაპერწკლის საშუალებით შეძლებთ. თუ ტემპერატურას ნულ გრადუსზე შეინარჩუნებთ, წყალბადს კი აზოტით ჩაანაცვლებთ, წყალს ვერ მიიღებთ.
ბუნება ადგენს პირობებს, რომლებიც წყლის შექმნით სრულდება, თქვენ კი მათი შეცვლა არ შეგიძლიათ. ის არც იძლევა წყალს და არც მიაქვს იგი. თავისუფლად შეგიძლიათ, გქონდეთ იგი ან არ გქონდეთ. თუ გსურთ, რომ გქონდეთ, ამისთვის აუცილებელ რამეებს უნდა მოუყაროთ თავი და ასე შექმნათ პირობები. უამისოდ წყალი არ გექნებათ. მათი საშუალებით წყალს გარდაუვლად მიიღებთ. თავისუფალი ხართ თუ შებორკილი? თავისუფალი – პირობების შექმნაში, შებორკილი – შედეგებთან მიმართებით მას შემდეგ, რაც პირობებს შექმნით. ამ ცოდნით სწავლული ადამიანი სირთულის პირისპირ უმწეოდ არ ჩამოჯდება. ის იპოვის იმ პირობებს, რომლებითაც შედეგის მიღწევას შეძლებს და ისწავლის პირობების შექმნას, დარწმუნებული იმაში, რომ შედეგზე დაყრდნობას შეძლებს.
© ანი ბეზანტი / კარმა