ანი ბეზანტი / რა არის რელიგია?
რა არის რელიგიების მიზანი? რელიგიებს მსოფლიოს აძლევენ მათი დამაარსებლები, რომლებიც ბევრად უფრო ბრძენნი არიან, ვიდრე ის ხალხი, რომლისთვისაც ეს რელიგიებია განკუთვნილი. მათი მიზანია, კაცობრიობის ცივილიზაცია დააჩქარონ.
იმისათვის, რომ ეს ეფექტურად გააკეთონ, რელიგიურმა ჭეშმარიტებებმა ყველა ცალკეული ადამიანის ცნობიერებამდე უნდა მიაღწიოს და გავლენა მოახდინოს მასზე. მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა ადამიანი განვითარების ერთსა და იმავე დონეზე არ იმყოფება. ვიცით, რომ ევოლუცია შეიძლება გამოვხატოთ, როგორც თანდათანობით მაღლა სვლა, სადაც ყოველ წერტილში სხვადასხვა ადამიანი იმყოფება.
ყველაზე განვითარებულები გაცილებით მაღლა დგანან, ვიდრე ყველაზე ნაკლებად განვითარებულები, როგორც გონებრივი თვალსაზრისით, ასევე ხასიათითაც. გაგებისა და სწორად მოქმედების უნარი ყოველ აღმავალ საფეხურზე იცვლება. ამიტომ სრულიად უსარგებლო იქნება, ყველა მათგანს ერთი და იგივე რელიგიური მოძღვრება გადასცე: ის, რაც ინტელექტუალურად განვითარებულ ადამიანს დაეხმარება, სრულიად გაუგებარი დარჩება უგუნურისთვის, ის კი, რამაც წმინდანი შეიძლება ექსტაზამდე მიიყვანოს, ბოროტმოქმედს სრულიად გულგრილს დატოვებს.
მეორე მხრივ, თუკი მოძღვრებას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს უმეცარ ადამიანზე, ის აუტანლად უხეში და მოსაწყენი იქნება ფილოსოფოსისათვის და ის, რაც ხსნაა ბოროტმოქმედისათვის, სრულიად უსარგებლოა წმინდანისათვის. არადა რელიგია ყველა ადამიანს სჭირდება, ყველასთვის აუცილებელია იდეალი, რომლისკენაც შეეძლება ისწრაფოდეს და განვითარების არცერთი საფეხური არ უნდა იქნეს მსხვერპლად გაღებული სხვა საფეხურისათვის. რელიგია ისეთივე თანდათანობითი უნდა იყოს, როგორიც ევოლუცია. სხვაგვარად ის თავის მიზანს ვერ მიაღწევს.
შემდეგ ჩნდება შეკითხვა: როგორ შეუძლია რელიგიებს, დააჩქაროს კაცობრიობის განვითარება? რელიგიები ისწრაფვიან, განავითარონ ადამიანები მორალურად და ინტელექტუალურად და დაეხმარონ მათ სულიერი ბუნების გახსნაში. განიხილავენ რა ადამიანს, როგორც რთულ არსებას, ისინი ისწრაფვიან, დაეხმარონ მისი ყოფის ყოველ მხარეს, აძლევენ ცოდნას, რომელიც მის სხვადასხვა საჭიროებას შეესაბამება. ამდენად, რელიგიურმა მოძღვრებებმა პასუხი უნდა გასცეს ყოველ გონებასა და გულს, რომლებისკენაც ისინი არიან მიმართული. თუ რელიგია მიუწვდომელია ადამიანის ცნობიერებისათვის, თუ ის არ განწმენდს და შთააგონებს მას ემოციებს, ასეთ შემთხვევაში მან თავის მიზანს ვერ მიაღწია.
მაგრამ რელიგია არ შემოიფარგლება აზრებსა და ემოციებზე ზეგავლენით. ის ცდილობს, როგორც უკვე ითქვა, გავლენა მოახდინოს ადამიანის სულიერ განვითარებაზე, უპასუხებს იმ შინაგან ზრახვას, რომელიც დამახასიათებელია მთელი კაცობრიობისათვის და რომელიც განუწყვეტლივ უბიძგებს მას წინ, რადგან შიგნით, სიღრმეში თითოეული გულისა, რომელიც ხშირად წარმავალი სიძნელეებით არის დატვირთული, შფოთვითა და საზრუნავით არის სავსე, ღმერთის გამუდმებული ძიება არსებობს.
„ცისკრის ჟამიდან გეძებ. სწყურიხარ ჩემს სულს. შენზე ნაღვლობს ჩემი სული უკაცრიელ და გამოფიტულ უწყლო მიწაზე“. ასე სწყურია კაცობრიობას ღმერთი. ეს ძებნა ხანდახან თითქოსდა წყდება, წყურვილი დროდადრო ქრება. არსებობს ისეთიპერიოდები ცივილიზაციასა და ცნობიერებაში, როცა ადამიანის სულის ეს ყვირილი, თავის ღვთაებრივ წყაროს რომ ეძებს, როგორც წყალი, ჯორდანო ბრუნოს სიტყვებით რომ ვთქვათ, ეძებს თავის დონეს, როცა ადამიანის სულის ეს ლტოლვა თავისი დასაბამისაკენ, ეს სწრაფვა ნაწილისა მთელისაკენ, დროებით მინავლებული ჩანს, და მაინც, ეს სწრაფვა ხელახლა აღდგება და ისევ გაისმის იგივე ყვირილი ღმერთის მაძიებელი სულისა.
დროებით ჩახშობილი, გარეგნულად განადგურებული, ეს წყურვილი კვლავ და კვლავ ჩნდება დაუძლეველი შეუპოვრობით, ის ისევ აღდგება, რამდენჯერაც უნდა ჩაახშონ. ეს იმას ამტკიცებს, რომ ღმერთის წყურვილი ადამიანური ბუნების თვისებაა, მისი სულის წარუშლელი შემადგენელი ნაწილია. ადამიანები საზეიმოდ აცხადებენ: „შეხედეთ, ის მკვდარია!“ მაგრამ მათი ზეიმი დიდხანს არ გრძელდება და ისინი რწმუნდებიან, რომ ის კვლავ ჩნდება არანაკლები სიცოცხლისუნარიანობით. ყველა, ვინც ისე აშენებს, რომ ამას არ ითვალისწინებს, რწმუნდება, თუ როგორ ინგრევა მათი გულდასმით ნაგები შენობა, თითქოს მიწისძვრა მომხდარიყოს. ყველა, ვინც დარწმუნებულია, რომ მათ ეპოქას ეს წყურვილი აღარ აწუხებს, ხედავს, რომ ყველაზე ველური ცრურწმენები ჩნდება მაშინ, როცა ის დაკმაყოფილებას ვერ პოვებს.
ადამიანში ღმერთის ეს წყურვილი იმდენად არის გამჯდარი, რომ მას აუცილებლად ესაჭიროება, პასუხი მიიღოს თავის შეკითხვებზე. მას, რადაც უნდა დაუჯდეს, სჭირდება პასუხი, თუნდაც ეს მცდარი იყოს. თუ რელიგიური ჭეშმარიტების პოვნა არ შეუძლია, მთლად რელიგიის გარეშე არსებობას მცდარი რელიგია ურჩევნია. ის უმალ ყველაზე არასრულყოფილ იდეალს მიიღებს, ვიდრე შეურიგდება იმას, რომ იდეალი საერთოდ არ არსებობს.
რელიგია მისი ამ წყურვილის დაკმაყოფილებას ცდილობს, ეუფლება რა ადამიანური ბუნების იმ ნაწილს, რომელიც დამახასიათებელია ამ წყურვილისათვის, აღზრდის მას, აძლიერებს, ასუფთავებს და წარმართავს მისი ჭეშმარიტი დასრულებისაკენ – ადამიანური სულის ღვთაებრივთან შეერთებისაკენ, „რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში“.
© ანი ბეზანტი / ეზოტერული ქრისტიანობა თუ მცირე მისტერიები