არმინ ნავაბი / რატომ არ არსებობს არავითარი ღმერთი
ლოცვა რელიგიათა უმრავლესობის განუყოფელი ნაწილია. იდეა, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი სურვილები, იმედები და შიშები ყოვლისშემძლე ღმერთს მიაწოდოთ და მიიღოთ პასუხი, ძალუმად მიმზიდველია. ლოცვა თითქოს ძალას იძლევა. თუ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სამყარო ლოცვით, მაშინ თქვენ გარდაიქმნებით გარემოების უმწეო მსხვერპლიდან თქვენი ცხოვრების აქტიურ მონაწილედ. თუმცა, თუ ლოცვა რეალურად არ იმუშავებდა, ეს გაძლიერება სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა ილუზია ან პლაცებოს ეფექტი. უარესი, ეს ილუზია შეიძლება იყოს აქტიურად საზიანო, თუ ის ხელს უშლის ადამიანს განსხვავებულ ქმედებაში, რომელსაც რეალურად შეიძლება ჰქონდეს დადასტურებული ეფექტი მოცემულ სიტუაციაში.
ლოცვის ეფექტურობის შემოწმება საკმაოდ მარტივი ამოცანაა. მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასამყარებლად თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ექსპერიმენტი ლოცვის ცვლადის სახით გამოყოფისთვის და ააგოთ გრაფიკები, ჰქონდა თუ არა ლოცვას რაიმე დადებითი გავლენა სიტუაციის შედეგზე. როგორც ირკვევა, მეცნიერებმა სწორედ ეს გააკეთეს.
ექვს ცალკეულ საავადმყოფოში გულის დაავადებების მქონე პაციენტების კვლევა ცდილობდა დაედგინა, მოახდენს თუ არა რაიმე გავლენას უცხო ადამიანების ლოცვა ადამიანის გამოჯანმრთელებაზე. ოპერაციიდან 30 დღის განმავლობაში გულის ქირურგიული ოპერაციის შემდგომ 1800 პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესზე დაკვირვებით, მკვლევარებმა ვერ აღმოაჩინეს აბსოლუტურად ვერავითარი კორელაცია ლოცვასა და გამოჯანმრთელებას შორის. თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავება იყო მათ შორის, ვინც იცოდა, რომ მათთვის ლოცულობდნენ და მათ შორის, ვინც არ იცოდა.
მათ, ვინც იცოდა, უფრო მეტი გართულება განიცადეს, შესაძლოა, დამატებითი სტრესის გამო. იმის გაგებამ, რომ ადამიანების დიდი რაოდენობა ლოცულობს თქვენი გამოჯანმრთელებისთვის, შეიძლება გაზარდოს თქვენი სტრესი, თუ რამდენად მძიმედ აღიქვამთ თქვენს ავადმყოფობას და ამით უარყოფითად იმოქმედოს თქვენს გამოჯანმრთელებაზე. დღემდე არ ჩატარებულა რაიმე ჩვენთვის ცნობილი სამეცნიერო კვლევა, რომელიც აჩვენებდა რაიმე ცხად და თვალსაჩინო კავშირს ლოცვასა და განკურნებას შორის.
როდესაც განვიხილავთ ლოცვის სავარაუდო ძალას, მნიშვნელოვანია შევხედოთ, რაც შეიძლება, უფრო ფართო სურათს. ყოველდღე ადამიანები იხოცებიან, განქორწინდებიან, ინვალიდდებიან, კარგავენ სამუშაოს ან ცხოვრობენ სიღარიბეში. გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ ამ ადამიანებიდან ბევრი ლოცულობს უკეთესი გამოსავლისათვის, მაგრამ ვერ იღებს ვერავითარ ღვთიურ დახმარებას.
ანალოგიურად, ჩათვალეთ, რომ ბევრი ლოცვა არსებითად ეგოისტურია. სანამ თქვენ ლოცულობთ, რომ თქვენმა დისშვილმა მიიღოს გულის ტრანსპლანტი, ვიღაც სხვა ლოცულობს ორგანოს დონორის სიცოცხლის გადასარჩენად. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ლოცულობთ ომის ან ფეხბურთის თამაშის მოსაგებად, თქვენ ასევე ლოცულობთ, რომ მოწინააღმდეგე მხარის ხალხმა და მათმა მოთამაშეებმა წააგონ.
ვარაუდი – რომ ღმერთი არამხოლოდ პირადად არის დაინტერესებული თქვენი ცხოვრების წვრილმანებში და რომ თქვენი პრობლემები საბოლოოდ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა პრობლემები, რომელთა გადაჭრა შეიძლება მას სთხოვონ – ერთდროულად ეგოისტურიც და აბსურდულიცაა, თუ გავითვალისწინებთ ამ პლანეტის თითოეული ადამიანის ინდივიდუალური პრობლემებისა და საზრუნავების წარმოუდგენელ რაოდენობას.
რელიგიურ წრეებში ეს საკითხი კიდევ უფრო მზაკვრული ხდება. იმ ვარაუდიდან გამომდინარე, რომ ღმერთი კარგია და ისმენს ყველა ლოცვას, ღვთის მრავალი მორწმუნე გვთავაზობს რამდენიმე შესაძლო ახსნას იმის შესახებ, თუ რატომ არ პასუხობენ ლოცვას:
• არასწორად ილოცეთ.
• საკმარისად არ გჯერათ.
• ღმერთი არ თვლის საჭიროდ თქვენი სურვილის შესრულებას.
ამ ახსნა-განმარტებებიდან ზოგიერთს ბრალდება გადააქვს იმ ადამიანზე, რომელიც შესაძლოა უკვე იტანჯება, ჩააგონებს რა იმას, უკეთესად რომ ელოცა, ან უკეთესი ადამიანი რომ ყოფილიყო, მაშინ ცუდი საქმეები აღარ დაემართებოდა. ბრალდების გადატანაა ესეც, როცა ჩაგაგონებენ, რომ თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი ცხოვრებით, შესაძლოა, თქვენ ძალიან სულელი ხართ საიმისოდ, რომ გაიგოთ თუ რა არის თქვენთვის საუკეთესო. პოტენციური ფსიქოლოგიური ზიანის დონე, რომელიც ამან შეიძლება მიაყენოს ადამიანს, უზარმაზარია და ამ სახის ემოციური ტანჯვა არ შეიძლება გამართლდეს დაუსაბუთებელი პრეტენზიის როგორმე სიმართლედ გასაღების სახელით.
უპასუხო ლოცვების ემოციურად მტკივნეული შედეგების თავიდან ასაცილებლად, ზოგიერთი რელიგიური ადამიანი სხვაგვარ ახსნას მიმართავს. ზოგიერთი მორწმუნის აზრით, ღმერთი პასუხობს ლოცვებს სამი გზით: „დიახ“, „არა“ და „მოიცადე“. ეს რაციონალურად და ბრძნულადაც კი ჟღერს, სანამ არ მიხვდებით, რომ ეს ახსნა არსებითად უაზროა. სინამდვილეში, ეს სამი პასუხი მოიცავს ნებისმიერი მოვლენის ყველა შესაძლო შედეგს. ზოგადად, ნებისმიერი მოვლენა ან ახლა მოხდება, ან მოგვიანებით, ან საერთოდ არ მოხდება. ეს მართალია, მიუხედავად იმისა, ლოცულობთ ღვთაებაზე თუ საპნის ნაჭერზე; ამგვარი ლოცვა და მისი შესაძლო შედეგები არაფერში გვარგია ღვთაების არსებობის დასამტკიცებლად.