ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო

ბერმუდის სამკუთხედი მდებარეობს ატლანტის ოკეანეში, აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან. იგი წარმოადგენს დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე საოცარ და საიდუმლოებით მოცულ რაიონს. ანალოგიურ სამკუთხედს წყნარ ოკეანეში „ეშმაკურს“ უწოდებენ. რაიონი ნავიგაციისათვის სახიფათოა, არის თავთხელების დიდი რაოდენობა, ხშირად წარმოიქმნება ციკლონები და შტორმები.
   ამ ტერიტორიის წყლები ყოველთვის იყო ამოუხსნელი ამოცანა და საიდუმლოებით მოცული. უგზო-უკვლოდ უჩინარდება გემები და თვითმფრინავები, ზოგჯერ წყალქვეშა ნავები. ამის გამო ამ ადგილს უწოდეს „ატლანტიკის სასაფლაო“. სამკუთხედი ცნობილი მხოლოდ 1840 წლიდან გახდა, როცა იქვე ახლოს იპოვეს ფრანგული აფრიანი გემი „როზალინი“. იქ ყველა აფრა ადგილზე და წესრიგში იყო, მაგრამ არ იყო ეკიპაჟის არცერთი წევრი.
ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, სხვადასხვა ჰიპოთეზების დასახელება ხდება, უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებამდე.


ჩანაწერებიდან
   ქრისტეფორე კოლუმბი იყო პირველი მოგზაური, რომელმაც გაიარა სარგასის ზღვა და ბერმუდის სამკუთხედი 1492 წელს. მისი გემის სანტა-მარიას ჟურნალი მოგვითხრობს კომპასის ისრის უცნაურ ქცევაზე, ცისა და ზღვის უჩვეულო ნათებაზე. ყოველი გაუგებარი მოვლენა მეზღვაურთა შორის იწვევდა შიშს. ამ უჩვეულო მოვლენების შესახებ ჭორი მალევე გავრცელდა მეზღვაურთა შორის და სულ მალე ატლანტიკის ამ რაიონმა შეიძინა უჩვეულო და საიდუმლო რეპუტაცია.

ბერმუდის სამკუთხედში „საიდუმლო გაუჩინარებების“ შესახებ პირველად Associated Press-ის კორესპოდენტმა ჯონსმა ახსენა, 1950 წელს მან ამ რაიონს „ეშმაკის ზღვა“ უწოდა. „ბერმუდის სამკუთხედის“ შესიტყვების ავტორად, ჩვეულებრივ, ვინსენტ გადისი მიიჩნევა. მან 1964 წელს სპირიტიზმისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია „მომაკვდინებელი ბერმუდის სამკუთხედი“. XX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა მრავალრიცხოვანი პუბლიკაცია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ.
   1974 წელს, ჩარლზ ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი“, რომელშიც ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების აღწერები იყო შესული. წიგნი ბესტსელერი გახდა და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ თეორიამ ბერმუდის სამკუთხედის უჩვეულო თვისებების შესახებ განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა. თუმცა, შემდგომში, გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში არასწორად იყო გადმოცემული.

ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით ხსენებად ყველაზე ცნობილ შემთხვევას წარმოადგენს „ევენჯერის“ ტიპის ხუთი ბომბდაშენ-ტორპედოსანის რგოლის გაუჩინარება. ამ თვითმფრინავების აფრენა მოხდა 1945 წლის 5 დეკემბერს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზიდან ფორტ-ლოდერდეილში (ფლორიდა). ისინი უკან არ დაბრუნებულან. მათი ნამსხვრევები ჯერაც ვერ იპოვეს. ბერლიცის თანახმად, 14 გამოცდილი პილოტისგან შემდგარი ესკადრილია საიდუმლო მიზეზებით გაუჩინარდა ჩვეულებრივი ფრენის დროს ნათელ ამინდში მშვიდი ზღვის თავზე. ასევე ცნობილია, რომ ბაზასთან რადიოგადალაპარაკებებისას პილოტები თითქოს-და საუბრობდნენ სანავიგაციო მოწყობილობის აუხსნელი გაფუჭებისა და უჩვეულო ვიზუალური ეფექტების შესახებ — „ჩვენ არ შეგვიძლია მიმართულების დადგენა, ოკეანე კი არ გამოიყურება ისე, როგორც ყოველთვის“, „ჩვენ თეთრ წყლებში ვეშვებით“.

   კუშეს ვერსიით, სინამდვილეში ეს რგოლი შედგებოდა კურსანტებისგან, რომლებიც ასრულებდნენ საწვრთნელ ფრენას. გამოცდილი პილოტი იყო მხოლოდ მათი ინსტრუქტორი, ლეიტენანტი ტეილორი, მაგრამ ის სულ ახლახანს გადმოიყვანეს ფორტ–ლოდერდეილში, რის გამოც იგი ჯერ კარგად არ იცნობდა საფრენ რაიონს. დაფიქსირებულ რადიოგადალაპარაკებებში არაფერია ნათქვამი რაიმე საიდუმლო მოვლენების შესახებ. ლეიტენანტმა ტეილორმა განაცხადა, რომ მან ორიენტირება დაკარგა და ორივე კომპასი გაუფუჭდა. საკუთარი ადგილმდებარეობის დადგენის მცდელობისას მან შეცდომით იფიქრა, რომ რგოლი ფლორიდა-კისის კუნძულების თავზე, ფლორიდისგან სამხრეთით იმყოფებოდა, ამიტომაც მას შესთავაზეს ორიენტაციის მოხდენა მზის მიხედვით და გაფრენა ჩრდილოეთის მხარეს. შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ, შესაძლოა თვითმფრინავები იმყოფებოდნენ ბევრად აღმოსავლეთისკენ და, ეჭირათ რა ჩრდილოეთის კურსი, მოძრაობდნენ სანაპიროს პარალელურად.
   რადიოკავშირის ცუდი პირობები (დაბრკოლებები სხვა რადიოსადგურებიდან) ხელს უშლიდნენ ესკადრილიის ზუსტი მდგომარეობის დადგენაში. რამდენიმე ხანში ტეილორმა გაფრენა დასავლეთის მხარეს გადაწყვიტა, მაგრამ სანაპიროს ვერ მიაღწია, რადგან თვითმფრინავებში საწვავი თავდებოდა. ევენჯერთა ეკიპაჟები იძულებულნი გახდნენ წყალზე ეცადათ დასხდომა. ამ დროისთვის უკვე დაბნელდა, ხოლო ზღვა, იმ რაიონში იმდროს მყოფი გემების თქმით, ძალზედ აბობოქრებული იყო. ევენჯერთა გაუჩინარების შემდეგ მათ საძებნად სხვა თვითმფრინავები გაგზავნეს და ერთ-ერთი მათგანი — ჰიდროთვითმფრინავი „მარტინ მარინერი“ — ასევე უკვალოდ გაუჩინარდა. კუშეს მოსაზრებით, ასეთი ტიპის თვითმფრინავებს გარკვეული ნაკლოვანება გააჩნიათ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ საწვავის ორთქლი კაბინაში აღწევს და საკმარისია ერთი ნაპერწკალი იმისთვის, რათა აფეთქება მოხდეს.

ახლა კი გთავაზობთ დოკუმენტურ ფილმს ბერმუდის სამკუთხედზე...




მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: