გიგანტური სეკვოია

სიერა ნევადის ქედის სამხრეთ ნაწილში ზღვის დონიდან 2100 მეტრზე მდებარეობს უზარმაზარი ხე. იგი ძირში 8 მეტრის დიამეტრისაა და თბილისის “რედისონ ბლუ ივერიას” სიმაღლეა. ხის მთლიანობაში დანახვა სიდიდის გამო თითქმის შეუძლებელია. 90 წლის წინ მას „პრეზიდენტი“ შეარქვეს. ეს გიგანტური სეკვოიაა, Sequoiadendron giganteum-ის წარმომადგენელი. იგი ერთ-ერთია სეკვოიის გვარის რამდენიმე გადარჩენილი სახეობიდან.

მათ ქარი ვერ ერევა და სოკოვანი ლპობისგან ტანინიანი მჟავით გაჟღენთილი ქერქი იცავს. ხის სქელი ქერქი ცეცხლგამძლეა. ხანძარი ტყის ქვედა იარუსებში  კარგია სეკვოიის პოპულაციისთვის, რადგან ის კონკურენტებს ანადგურებს და სეკვოიის გირჩების გახსნას უწყობს ხელს. შუა საუკუნეებში „პრეზიდენტი“მეხმა დააზიანა, მაგრამ ვერაფერი დააკლო. სეკვოიებისთვის მთავარი საფრთხე, მათი გაჩეხვა იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში ბევრი სეკვოია გაიჩეხა, მაგრამ დიდი ხნის გიგანტების მერქანი იმდენად მყიფეა, რომ დაცემისას იმტვრეოდა, ხის მასალად აღარ ვარგოდა და ამიტომაც ადამიანებიც შეეშვნენ. ხეები სიცივესაც იტანენ. მათი უპირატესი საარსებო გარემო მკაცრი ზამთრის ჰაბიტატებია.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: