იტალიური მრავალფენიანი დესერტი ტირამისუ

ინგრედიენტები:

მასკარპონე -  500გ ან 36%-იან ნაღებში არეული ნადუღი
კვერცხი - 4ც
შაქრის პუდრა - 150გ
ბისკვიტის ორცხობილა “სავოიარდი” - 250გ
ღვინო მარსალა ან კონიაკი - 250მლ
მაგარი ყავა ესპრესო ან ხსნადი ყავა - 250მლ
კაკაოს ფხვნილი - ზემოდან მოსაყრელად

მომზადება:

კვერცხის გულები შაქართან ერთად კარგად ავთქვიფოთ. ცალკე კოვზით ავზილოთ მასკარპონე და შევურიოთ შაქრისა და კვერცხის გათქვეფილი მასა. თუ ნაღებსა და ნადუღს გამოვიყენებთ, ჯერ ნაღები ავთქვიფოთ, შევურიოთ ნადუღი და შემდეგ კი შაქართან ერთად გათქვეფილი კვერცხის გულები. კვერცხის ცილებს დავაწვეთოთ 1-2 წვეთი ლიმონის წვენი და ძალიან კარგად ავთქვიფოთ. როდესაც ფაფუკ მასას მივიღებთ, დავუმატოთ ყველისა და კვერცხის მასას. ყავა გავაციოთ და ღვინოს შევურიოთ. სითხეში სულ 2-3 წამით მოვათავსოთ ორცხობილები, ერთ ფენად ჩავაწყოთ ფორმაში და ზემოდან კრემი წავუსვათ. ასე გავიმეოროთ ბოლომდე. ორცხობილების ბოლო ფენას კრემს რომ წავუსმევთ, საცერის საშუალებით ზემოდან კაკაოს ფხვნილი მოვაყაროთ და 6-7 საათით მაცივარში შევდგათ.

ისტორია:

ტირამისუს რეცეპტი XX საუკუნის პირველ ნახევრამდე გამოქვეყნებულ წიგნებში არ არის წარმოდგენილი. პირველი წერილობით ხსენება დაფიქსირებულია ჯუზეპე დი კლემენტეს სტატიაში და დათარიღებულია 1971 წლით. 1981 წელს მისი სეხნია ჯუზეპე მაფიოლი, ყოველკვარტალურ ჟურნალ „Vin Veneto“-ში წერდა, რომ ტირამისუ 60-იანი წლების ბოლოს, ქალაქ ტრევიზოს რესტორან „Alle Beccherie“-ში, კონდიტერმა სახელად რობერტო ლინგუანოტომ შექმნა. ჯუზეპე მაფიოლმა აღნიშნა, რომ თავის სახელს ტირამისუ, იტალიურად - აღმაფრთოვანებს, მისი ინგრედიენტების აღდგენით და მკვებავ თვისებებს უნდა უმადლოდეს და არავითარ შემთხვევაში აფროდიზიაკის თვისებებს.

ასევე არსებობს ვერსიები, რომელთა თანახმად ავტორობა მიეკუთვნებათ რესტორნებს „El Toulà“-სა და „Al Fogher“. ამის გარდა, 2006 წლის 8 ოქტომბერს გაზეთმა Baltimore Sun-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც მტკიცება წერია, რომ რესტორან „Beccherie“-სთვის ამ დესერტის მიმწოდებელი, დღესდღეობით აშშ-ში მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში მცხოვრები ვინმე კარმინანტონიო იანაკონე იყო და რომ ტირამისუ სწორედ მისი გამოგონილია.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: