კათოლიკური რაინდული ორდენის წევრები ტამპლიერები

ტამპლიერები?! ტამპლიერები იყვნენ კათოლიკური რაინდული ორდენის წევრები შუა საუკუნეებში. ტამპლიერთა ორდენი კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ორდენი იყო დასავლეთ ევროპაში არსებულ სამხედრო-რელიგიურ ორდენებს შორის. 

ორდენის დაარსებას თავისი მიზეზი ჰქონდა. წმინდა მიწაზე მიმავალ მომლოცველებს ხშირად თავს ესხმოდნენ მძარცველები და ძარცვავდნენ, ჯვაროსნებს კი მათი დაცვის უზრუნველყოფა არ შეეძლოთ. ფრანგმა დიდგვაროვანმა ჰიუგ დე პეინმა შეკრიბა რვა თავის ნათესავი რაინდი გოდფრუა დე სენტ-ომერის ჩათვლით და დააარსა ორდენი, რომლის მიზანიც იყო პილიგრიმების დაცვა ახლო აღმოსავლეთში და წმინდა მიწაზე. ამ ორდენს ეწოდებოდა „მათხოვარი რაინდები“. ისინი იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ ორ რაინდს მხოლოდ ერთი ცხენი ჰყავდა.

ტამპლიერები ატარებდნენ თეთრ მოსასხამს, რომელზედაც წითელი ჯვარი ჰქონდათ გამოსახული. 1128 წელს შემუშავებული წესდებით ორდენი მკაცრ ცენტრალიზებულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. მოგვიანებით პაპმა ინოკენტი II-მ ტამპლიერებს დიდი პრივილეგიები უბოძა. ტამპლიერები აქტიურად მონაწილეობდნენ XII-XIII საუკუნეებში ჯვაროსნულ ლაშქრობებში, ორდენი თანდათანობით მდიდრდებოდა და მძლავრი პოლიტიკური ძალა ხდებოდა, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ტამლიერების ორდენი უდიდესი ფეოდების მფლობელი გახდა. ორდენის გამდიდრების წყაროს ვაჭრობა, უმთავრესად მევახშეობა, წარმოადგენდა. 1291-დან ტამპლიერები ჯერ კვიპროსზე, მერე კი ევროპაში, ძირითადად საფრანგეთში დამკვიდრდნენ. XIV საუკუნის დამდეგს ტამპლიერებს ბრალი დასდეს მწვალებლობაში და მრავალ სხვა მანკიერებაში და 1307 წლის 13 ოქტომბერს ორდენის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს. 1310 წელს ორდენის დიდი მაგისტროსი ჟაკ დე მოლი და ყველა ტამპლიერი დაწვეს. ორდენის ქონებას სამეფო ხაზინამ კონფისკაცია უყო, ხოლო ავინიონის პაპმა კლემენტ V-მ 1312 წელს ორდენი საბოლოოდ გააუქმა.



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: