ლეგენდები ჩინეთის დიდი კედლის შესახებ

    დიდი კედლის პირველი უბნების მშენებლობა დაიწყო ძვ.წ. III ს. იმპერატორ ცინ შიხუანდის მიერ მეომარ სამეფოთა პერიოდში ჩრდილოეთიდან მომთაბარე ტომების თავდასხმებისაგან თავდასაცავად. მშენებლობა მიმდინარეობდა საუკუნეთა მანძილზე თითქმის მე-17 საუკუნემდე. მშენებლობაში მონაწილეობდა მაშინდელი ჩინეთის მოსახლეობის მეხუთედი ე.ი. დაახლოებით 2 მილიონმდე ადამიანი. კედელს მკაფიოდ უნდა დაეფიქსირებინა ჩინური ცივილიზაციის საზღვრები. იგი უნდა დახმარებოდა ახლადდაპყრობილი სამეფოების ერთიან იმპერიად კონსოლიდაციის პროცესს.

    „ცრემლების კედელი“ - პირველი კედლის მშენებლობის დროს იმპერატორის ცინ შიხუან-ტისთვის ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ იგი მშენებლობის დასრულებას შეძლებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კედლის ქვეშ დაიმარხებოდა ადამიანი, სახელად ვანგი. მაშინ იმპერატორმა გასცა ბრძანება და მას მიჰგვარეს ვინმე ვანგი. იმპერატორმა მაშინვე მისი მოკვლის და კედელში ჩამარხვის ბრძანება გასცა. იგივე ბედი ეწია სხვა მკვდარ ადამიანებს კედლის მშენებლობის მანძილზე. მათ მარხავდნენ კედლის ქვეშ, ვერტიკალურ მდგომარეობაში. ეს უსახელო მშენებლები კედლის მარადიულ მცველებად იქცნენ. სწორედ ამიტომ დიდ კედელს ადრე მსოფლიოს ყველაზე გრძელ საფლავად ან ცრემლების კედლად მოიხსენიებდნენ. იმ დროს არსებობდნენ სპეციალური დანიშნულების მქონე სამხედროები, რომლებიც სოფელ-სოფელ დაეხეტებოდნენ ახალი მუშების სამძებროზე და მოსახლეობას აშინებდნენ. ამბობენ, თუ სრული სიჩუმის მომენტში ყურს მიადებ კედელს, შეიძლება იმ ადამიანების ხმები და ხავილი გაიგონო, რომლებიც ამ კედლის მშენებლობას შეეწირნენ.

     „მენგ ძიანგ ნიუ“ - ცინის დინასტიის პერიოდში არსებობდა ადამიანი სახელად ფანგ ცილიანგი, რომელსაც კედლის მშენებლობაზე მუშაობას აიძულებდნენ. მან მოახერხა გაქცევა და დამალვა ერთი ჩინური ოჯახის ბაღში, სადაც გაიცნო ლამაზი გოგონა, რომელსაც ეძახდნენ მენგ ძიანგნიუს. ახალგაზრდებს შეუყვარდათ ერთმანეთი, გოგონას მამამ - ბაღის მესაკუთრემ, შეყვარებულ წყვილს დაქორწინების უფლება მისცა. ბედნიერი ცოლ-ქმარი ერთმანეთის სიყვარულით ვერ ტკბებოდა, თუმცა იმპერატორის მეომრებმა მაინც მიაგნეს ბიჭს და ისევ კედლის მშენებლობაზე დააბრუნეს. ახალგაზრდა ქალი ზამთრამდე დაელოდა ქმარს, თუმცა დიდხანს რომ არ დაბრუნდა, მაშინ მენგ ძიანგ ნიუმ გადაწყვიტა თვითონ მიეკითხა მშენებლობაზე ქმრისთვის, თან წაიღო რამდენიმე ხელი თბილი ტანსაცმელი და გაემართა კედლზე. როდესაც მიაღწია დანიშნულების ადგილს და მუშებს შორის ვერ იპოვა ქმარი, თხოვნით იმპერატორს მიმართა. მისი სილამაზით მოხიბლულმა იმპერატორმა კი ქალს შესთავაზა გამხდარიყო მისი ერთ-ერთი ხარჭა, მაშინ ლამაზმანმა ისევ კედელს მიაშურა და დღეები და ღამეები ცრემლების ღვრაში გაატარა, სანამ ქვები არ გაალღვო და შიგ ძვლები და ადამიანის სხეულის ნაწილებს არ წააწყდა. მენგ ძიანგნიუმ თითები დაისერა და სისხლი ერთ-ერთ გვამზე დაიღვარა, რომელშიც გოგომ თავისი დაღუპული ქმარი ამოიცნო. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილს, არ სურდა ხელში ჩავარდნოდა იმპერატორს, გვამი დამარხა, თვითონ კი მღელვარე მდინარეში გადახტა და დაიხრჩო.

    „ნიჭიერი არქიტექტორი“ - დასავლეთ სეგმენტის მესამე კედელი, რომელიც აშენდა მინგის დინასტიის პერიოდში, არის კედლის ყველაზე კარგად შემონახული ნაწილი, სახელად ძია იუკუანი. თუ გიდს ამ სახელს უხსენებთ, ის მიგითითებს ამ კედლის ერთ აგურზე. ლეგენდის თანახმად, მინგის დინასტიის პერიოდში ცხოვრობდა არქიტექტორი, რომელმაც კედლის ნაწილის კონსტრუქცია შექმნა. ამბობენ, რომ მას იმდენად ზუსტი გათვლები ჰქონდა, შეძლო ზუსტად გაეთვალა თუ რამდენი აგური დასჭირდებოდა კედლის ამ ნაწილის მშენებლობას. როდესაც მშენებლობა დასრულდა, მხოლოდ ერთი ზედმეტი აგური დარჩა და ნიჭიერი მშენებლის ძია იუკუანის სახსოვრად კედელს მიაშენეს.

    „ქვრივი კოშკი“ - არსებობს კედლის ნაწილი სახელად "თაი ფინგ ჭაი" სადაც დგას კოშკი, რომელსაც ხალხში "ქვრივი კოშკის" სახელით იცნობენ. ამბობენ, რომ ხუანგ ია კუანის მშენებლობისას დაიღუპა 12 მეომარი ხენანის პროვინციიდან. მათი ცოლების გლოვა იმდენად დიდი იყო, რომ, როგორც კი მათი ქმრების დაღუპვის ამბავი შეიტყვეს, დაადგნენ გზას კედლისკენ. როდესაც მიაღწიეს კედელს, თავისი ხელებით დაიწყეს კოშკის აღმართვა, რათა მათი ქმრების ხსოვნა სამუდამოდ დარჩენოდა ისტორიას.

    „მეტალის წვნიანი” - პეკინის შემოგარენში კიდევ ერთი ნაწილი არსებობს სახელად "ხუანგ ხუა ჩენგ", ყვითელი ფერის ყვავილების საპატივსაცემოდ, რომლებიც აქ ზაფხულობით ხარობენ, შემორჩა ერთი ისტორია მინგის დინასტიის დროს მისი მშენებლობის შესახებ. ეს ნაწილი ჩაბარებული ჰქონდა გენერალ ცაი ქაის, რომელიც ხელმძღვანელობდა მშენებლობის პროცესს. რამდენიმე წლის შემდეგ, მშენებლობის დასრულებამდე, ხელისუფლებამ გამოთქვა უკიდურესი უკმაყოფილება იმის გამო, რომ გენერალმა ამდენი დრო და რესურსი დახარჯა, რისთვისაც ის სიკვდილით დასაჯეს. ცოტა ხნის შემდეგ იმპერატორმა აღმოაჩინა, რომ კედლის იმ ნაწილს, რომელზეც გენერალი იყო პასუხისმგებელი, რაღაც უცნაურად გამოიყურებოდა. მაშინ მან გაგზავნა თავისი მსახურები გასარკვევად და აღმოჩნდა, რომ ეს კედელი ნამდვილად არ ჰგავდა სხვებს. ის იყო საოცრად მყარი და მაგარი. ქვების და აგურების ერთი პატარა ნატეხიც კი არ იშლებოდა, ერთმანეთზე დაწებებული იყო, არაფერი სხვით, თუ არა წებოვანი ბრინჯის წვნიანით. როდესაც იმპერატორი მიხვდა, რომ მშენებლობა განხორციელებული იყო მაღალი ოსტატობითა და ხარისხით, მან ბრძანა მიეკრათ ტაბლა ზედ დაწერილი გენერალი ცაის სახელით, მის საპატივსაცემოდ, ფუნდამენტში ჩაყოლებულ დიდ ქვაზე კი დაეწერათ "მეტალის წვნიანი". მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, იაპონელი მეომრები ცდილობდნენ აეფეთქებინათ კედლის ეს ნაწილი (ხუანგ ხუა ჩენგი) და ბოლოს მიზანს მაინც მიაღწიეს. ეს ნაწილი იქვე ახლოს მდებარე ტბასთან ჩამოიშალა. დღეს, შეიძლება კედლის 2 ნაწილის ნახვა, რომელიც გრძელდება ტბისგან გასწვრივ, ორივე მხარეს. მოგვიანებით გაჩნდა ახალი ლეგენდა გენერალი ცაის მოჩვენების შესახებ, თუ ერთხელ როგორ განდევნა კედელთან მიახლოვებული დამპყრობლები, რომლებიც ჩინეთის საზღვრებში შეჭრას ცდილობდნენ.

    „იმპერატორი“-  ამბობენ, რომ ჭოუს დინასტიის იმპერატორს ჭოუ იოუვანგს, უყვარდა უჩვეულო მეთოდით გართობა. იმისათვის, რომ გაესულელებინა თავისი ბატონები და გაერთო თავისი საყვარელი, ის გასცემდა ხოლმე ბრძანებას კედლის კოშკებში აენთოთ განგაშის ცეცხლი არარსებული შემოტევის საიმიტაციოდ. თუმცა ერთ დღეს, როდესაც მტერი მართლაც შემოესია და საგანგაშო ცეცხლი ამის შესატყობინებლად დაინთო, აღარავინ მივიდა იმპერატორის დასახმარებლად, ის მოკლეს.  


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: