ორლეანელი ქალწული ჟანა დ’არკი

ორლეანელი ქალწული ჟანა დ’არკი გახლავთ საფრანგეთის სახალხო გმირი. იგი ხელმძღვანელობდა ასწლიანი ომს, ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ინგლისელთა წინააღმდეგ. გავრცელებული აზრით, 13 წლის ჟანას მთავარანგელოზი მიქაელი და საფრანგეთის წმინდანები მოევლინენ და კაცად გადაცმა და საფრანგეთიდან ინგლისელების გასაძევებელი ბრძოლის წინამძღოლობა უბრძანეს.

1428 წლის 12 ოქტომბერს ინგლისელებმა ალყა შემოარტყეს საფრანგეთის მეფის ხელში მყოფ უკანასკნელ ქალაქს მდინარე ლუარის ჩრდილოეთით, ორლეანს, რომლის დაცემა გზას უხსნიდა მტერს სამხრეთისკენ. 1429 წლის 13 თებერვალს მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ჟანა გაემგზავრა დოფინთან შინონის ციხეში. თავისი ჭკუითა და მოსაზრებულობით ჟანა დ’არკმა მეფის ნდობა დაიმსახურა და დაინიშნა საფრანგეთის ჯარების სარდლად. 29 აპრილს მან თავისი ჯარით შეაღწია გარემოცულ ორლეანში. 1429 წლის 8 მაისს ინგლისელებმა მოხსნეს ალყა ორლეანს. ინიციატივა ფრანგების ხელში გადავიდა. ჟანა დ’არკმა რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, აიღო ქალაქები ჟარჟო, ბოჟანსი და სხვა.

მისმა პოპულარობამ მეფე, არისტოკრატია და უმაღლესი სამღვდელოება შეაშინა. ამიტომ, იგი ჩამოაშორეს სამხედრო მოქმედებათა ხელმძღვანელობას. 1430 წლის 23 მაისს კომპიენის კომენდანტის ღალატის შედეგად იგი ტყვედ ჩაიგდეს ინგლისის მომხრე ბურგუნდოელებმა და 6 თვის შემდეგ დიდ თანხად მიჰყიდეს ინგლისელებს. შარლ VII-მ არაფერი იღონა ჟანას დასახსნელად, ქალაქ რუანში მოწყობილ საეკლესიო სასამართლო პროცესზე ჟანა დ’არკი „ჯადოქრად“ და „მწვალებლად“ ცნეს და რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს.

1456 წლის 7 ივლისს ჟანა დ’არკი რეაბილიტირებულად გამოცხადდა და კათოლიკურმა ეკლესიამ 1920 წელს წმინდანად შერაცხა.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: