ჟევოდანის მხეცი

1764-1767 წლებში სამხრეთ საფრანგეთის საგრაფო ჟევოდანში მარჟერიდის ტყიან მთებში ცხოვრობდა ლეგენდარული მტაცებელი ცხოველი. იგი დაახლოებით 230 კაცს დაესხა თავს და 100-ზე მეტის სიცოცხლე იმსხვერპლა. მგლისმაგვარი ურჩხული ისტორიაში ჟევოდანის მხეცის სახელით შევიდა. მისი გამოჩენის ამბავი დღემდე ბურუსითაა მოცული.

1764 წლის 1 ივნისს სოფელ ლანგონელი გლეხი ქალი მერკუარის ტყეში ნახირს მწყემსავდა. უეცრად ძალიან დიდი სისწრაფით ტყიდან გამოვარდნილი მგლისმაგვარი მტაცებელი მას თავს დაესხა. სასოწარკვეთილი ქალის ყვირილი არავის ესმოდა. საბედნიეროდ, მწყემსს პირუტყვის საყარაულოდ ძაღლები ახლდა. ისინი მხეცს ეცნენ და ნახირის ხარებთან ერთად მტაცებელი დააფრთხეს. იგი ქალს მოშორდა და ისევე სწრაფად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა. სოფელში დაბრუნებულმა მწყემსმა ქალმა თავდამსხმელი აღწერა. მისი თქმით, უცნაური მხეცი მგელს ჰგავდა, ოღონდ ხარის სიდიდის იყო. თანასოფლელთაგან ბევრმა არც დაიჯერა მონათხრობი. ხალხის ნაწილი მიიჩნევდა, რომ განცდილი შიშის გამო ქალმა ჩვეულებრივი მგელი გაზვიადებულად აღწერა. იმჟამად ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს უჩვეულო მხეცის საზარელ თავდასხმათა მხოლოდ დასაწყისი იყო.

მერკუარის ტყეში მომხდარი თავდასხმა თითქმის დავიწყებული იყო, როცა 30 ივნისს ლანგონის ახლომდებარე სოფელ იბაკთან უჩვეულო მხეცის საზარელ თავდასხმას 14 წლის გოგონა, ჟანა ბულე ემსხვერპლა. მხეცის თავდასხმები აგვისტოშიც გაგრძელდა, დაიღუპა ორი ბავშვი. სექტემბერ-ოქტომბერში მგლისმაგვარი მტაცებელი კიდევ თერთმეტ კაცს დაესხა თავს, მათ შორის იყო ადგილობრივი მარკიზის, აპშეს ვაჟი. სიტუაცია მართლაც საგანგაშო იყო და კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. ლანგედოკის (ესაზღვრებოდა ჟევოდანს) სამხედრო გუბერნატორმა, გრაფმა დე მონკანმა 56-კაციანი დრაგუნთა რაზმი გაგზავნა ჟევოდანში მხეცის სალიკვიდაციოდ. ოპერაციას ხელმძღვანელობდა კაპიტანი ჟაკ დიუამელი. დრაგუნებმა რამდენიმე ალყა მოაწყვეს მხეცის დასაჭერად და ასამდე მგელიც დახოცეს, თუმცა ამ ღონისძიებამ შედეგი ვერ მოიტანა, ჟევოდანის მხეცი ვერ დაიჭირეს. ყველაფერი ეს გაგრძელდა გარკვეული პერიოდი.

ჟევოდანში არსებულ პანიკასა და მხეცის თარეშის ამბავს ამჯერად თავად მეფემაც მიაქცია ყურადღება. ლუი XV-ის ბრძანებით, მხეცის გასანადგურებლად ჟევოდანში ჩავიდნენ გამოცდილი და პროფესიონალი ნორმანდიელი მონადირეები: ჟან-შარლ-მარკ-ანტუან ვომესლ დიუნევალი და მისი შვილი - ჟან-ფრანსუა დიუნევალი. დიუნევალი-მამა იმ დროის საფრანგეთში საუკეთესო მონადირედ ითვლებოდა, მას დაახლოებით 1000-ზე მეტი მგელი ჰყავდა მოკლული. მონადირეები 17 თებერვალს ჩავიდნენ კლერმონ-ფერანში და თან მგლებზე ნადირობაში გამოცდილი მწევრების დიდი ხროვა ჩამოიყვანეს. დიუნევალები რამდენიმე თვის განმავლობაში ნადირობდნენ ჟევოდანის მხეცზე. მათ მოაწყვეს არაერთი დიდი ალყა მგლების დასახოცად. მასშტაბური ღონისძიებების მიუხედავად, ჟევოდანის მხეცის დაჭერა ვერ მოხერხდა. ამ პერიოდშივე, მტაცებელი თავს დაესხა ახალგაზრდა მარი-ჟანა ვალეს სოფელ პოლაკში. საბედნიეროდ, გოგონამ მოახერხა მხეცის მოგერიება. დიუნევალების ნადირობა უშედეგოდ სრულდებოდა. მხეცი სხვადასხვა ადგილას ახალ-ახალ თავდასხმას აწყობდა. ლუი XV- დიუვენალები შეცვალა სამეფო არკებუზის მტვირთველ, ნადირობის ლეიტენანტ ფრანსუა ანტუან დე ბოტერნით. ბოტერნი ნელ-ნელა და საგულდაგულოდ ზვერავდა ტყეების თითოეულ მონაკვეთს. სამთვიანი ძიების შედეგად 1200-მდე მგელი დახოცეს. 20 სექტემბერს შაზის სააბატოს სიახლოვეს მონადირეებმა და დე ბოტერნმა უჩვეულოდ დიდი ზომის მგელს მიაგნეს. ძაღლებმა დააფრთხეს იგი და ბუჩქნარიდან გამოდევნეს. დე ბოტერნმა ისროლა და მხარში დაჭრა მხეცი, ერთ-ერთმა მონადირემ კიდევ ესროლა გაქცეულ მგელს, თუმცა სანამ მონადირეები იარაღს ტენიდნენ, ნადირი პირდაპირ დე ბოტერნს ეძგერა. ამასობაში მონადირეებმა განმეორებით ესროლეს მხეცს და ამჯერად სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. დე ბოტერნი ბეწვზე გადარჩა.

მოკლული მგელი მართლაც ჩვეულებრივზე ორჯერ დიდი იყო, 1 მეტრი და 70 სანტიმეტრი სიგრძისა. იწონიდა 60 კილოგრამს. დე ბოტერნი დარწმუნებული იყო, რომ ჟევოდანის მხეცი მოკლა. მან მეფეს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა: „წინამდებარე მოხსენებაში, რომელიც დადასტრებულია ჩვენი ხელმოწერებით, ვაცხადებთ, რომ აქამდე არასდროს გვენახა ისეთი მგელი, რომელსაც მოკლულს შევადარებდით. აი, ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეს სწორედ ის საშინელი მხეცია, რომელიც ესოდენ დიდ ზიანს აყენებდა ჩვენს სამეფოს“. მგლის მუცელში აღმოაჩინეს წითელი ქსოვილის ნარჩენები, რამაც გაამყარა ყველას აზრი, რომ დე ბოტერნმა სწორედ ჟევოდანის მხეცი მოკლა. მგლის ფიტული წარუდგინეს ლუი XV- ვერსალში, ხოლო ხალხში გმირად შერაცხილ დე ბოტერნს მეფემ ღირსეული ჯილდო უბოძა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ მეფის გამოგზავნილმა დე ბოტერნმა ერთხელ და სამუდამოდ გაანადგურა ჟევოდანის მხეცი. ხალხის სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. 2 დეკემბერს ბესერ-სენტ-მარისთან მხეცი კვლავ გამოჩნდა და ორ მცირეწლოვან ბავშვს თავს დაესხა, ხოლო 10 დეკემბერს ორი ქალი ლაშამპთან მძიმედ დაასახიჩრა.

1766 წლის განმავლობაში მხეცის თავდასხმებმა კვლავ მუდმივი ხასიათი მიიღო. საზარელი შემთხვევა მოხდა 1 ნოემბერს, სოფელ სუშერთან მხეცმა 12 წლის ჟან-პიერ ოლიე მოკლა. საერთო ჯამში 1765 წლის მიწურულსა და 1766 წლის განმავლობაში მხეცმა 41 თავდასხმა მოაწყო. ადგილობრივ მონადირეთა მუხლჩაუხრელი ძიებების მიუხედავად, მის კვალს ვერსად პოულობდნენ. მხეცი უკვე საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს ესხმოდა თავს ადამიანებს. ჟევოდანი პანიკამ მოიცვა. ხალხში უიმედობა სუფევდა. ვერც მეფის წარმოგზავნილ საუკეთესო მონადირეთა ძალისხმევამ და ვერც ადგილობრივთა მცდელობებმა შედეგი ვერ მოიტანეს. თითქოს საშველი არსაიდან ჩანდა. მხეცი მოუხელთებელი იყო.

1766 წლის 1 ნოემბრიდან 1767 წლის 2 მარტამდე მხეცი აღარ გამოჩენილა. 1767 წლის მხოლოდ აპრილში მხეცმა ექვსი კაცი იმსხვერპლა. ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ თავდამსხმელის დაჭერა მოხერხდებოდა. ამჯერად საქმეს სათავეში ჩაუდგა გრაფი აპშე. მას პირადად უნდოდა შური ეძია მხეცზე შვილის დაღუპვის გამო. გრაფი არაერთ ალყას აწყობდა მარჟერიდის მთებში. მოულოდნელად, 1767 წლის 19 ივნისს აპშესა და 300 მონადირის მიერ ალყაში მოქცეული მხეცი მოკლა ერთ-ერთმა მონადირემ - ჟან შასტელმა. გადმოცემის მიხედვით, ღრმად მორწმუნე შასტელმა თავისი თოფი ვერცხლის ტყვიებით დატენა და ნადირობის დროს ბიბლიაც ჰქონდა თან. მხეცის მრავალწლიან თავდასხმებს წერტილი დაესვა. მას შემდეგ ჟევოდანში მხეცი აღარ გამოჩენილა.

მადლიერმა ჟევოდანელებმა შასტელს 72 ლივრი მოუგროვეს ჯილდოდ. გახარებული ხალხი მოკლულ ცხოველს ქალაქიდან ქალაქში დაატარებდა, რათა ყველა დარწმუნებულიყო, რომ ჟევოდანის მხეცი მოკლეს და საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. ამჯერადაც მხეცის ფიტული ლუი XV- წარუდგინეს. თუმცა ნახელავი უხარისხო გამოდგა. ფიტული მალე გაიხრწნა და საშინელი სუნით შეწუხებულმა მეფემ იგი გადააგდებინა. მალევე გამოჩნდნენ სკეპტიკოსები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ჟევოდანის მხეცი ჯერ კიდევ ცოცხალია და შასტელს იგი არ მოუკლავს. ასეა თუ ისე, 1767 წლის 19 ივნისის შემდეგ უჩვეულო მხეცის მასობრივი თავდასხმები შეწყდა.

ვიდეო:



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: