საფეხბურთო კლუბ დინამოს ისტორია

თბილისის „დინამოს“ ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს, როცა თბილისში, სპორტსაზოგადოება „დინამოს“ ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს.

თბილისის „დინამომ“ ისტორიაში პირველი შეხვედრა 1926 წლის 6 იანვარს ჩაატარა ბაქოელ თანაკლუბელებთან, რომლებმაც, პირველად გასულ „დინამოს“, მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგეს. 3 დღის შემდეგ „დინამომ“ ბაქოს მეორე კლუბს „პროგრესს“ უმასპინძლა და ამჯერად იოლად დაამარცხა მოწინააღმდეგე 3:0.

ახალშექმნილი გუნდი თავიდან ქალაქის პირველობაზე მეორე ჯგუფში გამოდიოდა, სადაც წარმატებასაც მიაღწია, ფინალში დაამარცხა „არსრაიონის“ ძლიერი გუნდი. ამ გამარჯვებით „დინამოს“ ფეხბურთელებმა პირველ ჯგუფში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოების ხელმძღვანელობამ გუნდის გაძლიერება, მისი შევსება ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელებით. გუნდში ჩარიცხეს ა. ფოჩხუა, ნ. ქოიავა, ა. გალპერინი, ა. ჟორდანია, ვ. ამკობაძე, ნ. ბლანკმანი, ა. გონელი, ვ. ცომაია, გ. თედეევი, დ. ქსენოფონტოვი, ვ. შებოლდაევი და სხვები. მათ მალე შეემატა რესპუბლიკაში უძლიერესი ბათუმელ მოთამაშეთა ჯგუფი. „დინამოელთა“ პირველი კაპიტანი ანდრეი ჟორდანია იყო.

ამ საზოგადოების მესვეურთა სერიოზულ მიდგომას ფეხბურთისადმი მოწმობდა ის, რომ 1927 წელს შეიქმნა „დინამოს“ ჭაბუკთა გუნდი. სწორედ აქ დაიწყეს თავიანთი სახელოვანი სპორტული გზა გამოჩენილმა ფეხბურთელებმა დოროხოვმა, შავგულიძემ, მინაევმა, ბერძენიშვილმა და სხვებმა. დინამოელებმა ასევე პირველად იზრუნეს საკუთარი კეთილმოწყობილი სპორტული ბაზის შექმნისთვისაც. 1927 წელს დაიწყო სტადიონის მშენებლობა ქალაქის ცენტრში (მაშინდელ პლეხანოვის გამზირზე), ხოლო რვა წლის შემდეგ უკვე მზად იყო 30 000 ადგილიანი დინამოს სტადიონი, რომელიც იმ დროისათვის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი სტადიონი იყო.

თბილისის საფეხბურთო კლუბი „დინამო“, იყო ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საბჭოთა პერიოდში. კლუბის უდიდესი მიღწევაა 1981 წელს მოპოვებული ევროპის თასების მფლობელთა თასი, სადაც ფინალში „კარლ ცაისის“ წინააღმდეგ 2:1 იმარჯვა.

კლუბმა თავის ისტორიაში გამარჯვებები მოიპოვა ცნობილ და ძლიერ კლუბებთან: 3–0 „ლივერპულთან“ 1979 წლის 3 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში. ასევე აღსანიშნავია ინგლისური „ვესტ ჰემისა“ და „კარდიფ სიტის“, ნიდერლანდის „ფეიენოორდის“, იტალიის „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დამარცხება.

გუნდი არის საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი და ამდენჯერვე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი. დინამო ხუთჯერ იყო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ცამეტჯერ ბრინჯაოს პრიზიორი.

„დინამო“ არის საქართველოს ჩემპიონატის 15-გზის გამარჯვებული და საქართველოს თასის 12-გზის მფლობელი. გუნდს ხუთჯერ აქვს მოპოვეპული საქართველოს სუპერთასი.




მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: