სახელდახელო ჩურჩხელის რეცეპტი

მომზადება:

ჩურჩხელა კეთდება ნიგვზის, თხილის, ნუშის, ჩირის და სხვა.  ჩურჩხელისთვის უნდა შეირჩეს თეთრი, საღი, კარგად გამშრალი ნიგოზი. ნიგვზისგან კეთდება სამნაირი ჩურჩხელა: მთელ-მთელი ლებნისაგან (ე.ი ერთი ლებანი ოთხად იყოფა). ლებნის მეოთხედისაგან აგებული ჩურჩხელა ყველაზე უფრო გავრცელებულია, ვინაიდან როგორც შესანახად, ისე მოსახმარად ის ყველაზე უფრო პრაქტიკულია.

თხილის ჩურჩხელისთვის, საჩურჩხელე თხილს კანი უნდა გავაცალოთ. ამისათვის თხილი უნდა დავყაროთ ცხელ ტაფაზე და თან სულ ვურიოთ, რომ არ დაიწვას. როცა შევატყობთ, რომ კანი უკვე ეცლება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ხელის მოსმით კანი მოვაცილოთ. კანის მოცილება შეიძლება თხილის ცხელ წყალში ჩაყრით და წამოდუღებით. შემდეგ კი ცივ წყალს გადავავლებთ და ხელით მოვაცილებთ კანს. 

ასეთივე წესით შეიძლება კანი გავაცაოთ ნუშს, გარგარის გულს.

აბრეშუმის, ან ბამბის მაგარი ძაფი დავჭრათ ჩურჩხელის ზომაზე, ავაგოთ საშუალო ზომის წმინდა ნემსზე; ერთი მომსხო ნიგოზი ავაგოთ ძაფზე და ორჯერ ამოვუყაროთ, რომ ნიგოზი არ ჩამოცვივდეს. ამის შემდეგ ავაგოთ დანარჩენი ნიგოზი, სანამ არ გაივსება. ნიგოზის ასხმის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ნიგოზსა და ნიგოზს შორის ცარიელი ადგილი დარჩეს. როცა ყველა ლებანს ავაგებთ, გავუკეთოთ მსხვილი ბამბის ძაფის სახელურები. ისეთივე წესით ავასხათ ნუში, გარგარის გული, დაჭრილი ჩირი, ჩამიჩუმი და სხვა.

ამის შემდეგ ხდება ჩურჩხელის გავლება თათარაში. მოდუღებულ თათარაში თითო-თითო ჩურჩხელა ამოვავლოთ და ავასხათ ხარიხაზე, ისე რომ ერთმანეთს არ მოხვდებს. ჩურჩხელებს ერთი გავლება არ ეყოფა, ორი-სამი გავლებაა საჭირო (უმჯობესია პირველი ამოსავლები თათარა უფრო სქელი მომზადდეს). სანამ ჩურჩხელები გაშრება, ღამე შევინახოთ სიმშრალეში, დღე კი მზეზე გავკიდოთ, მხოლოდ ძალიან არ უნდა გავახმოთ; რბილი ჩამოვიღოთ და შევინახოთ ისეთ ადგილას, რომ ზომაზე მეტი არც სიცივე იყოს და არც სიცხე. ინახება ქსოვილში გახვეული. ასე შენახული ჩურჩხელა გათეთრდება და დაშაქრდება. 

კარგად ნადუღი თათარა არ იღვენთება. თუ თათარა კარგი ნადუღია, მაშინ ჩურჩხელაც რბილი გამოდის. სირბილისთვის ბადაგს შეიძლება ცოტა შაქარი მიემატოს.

გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: