ცნობილი მეცნიერების მოსაზრებები რელიგიაზე

ხშირად რელიგიასა და მეცნიერებას მტრებად მიიჩნევენ. ზოგი ფიქრობს, რომ ისინი სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან ერთმანეთზე გადაკიდებული. სანამ ერთ-ერთი მათგანი სრულად არ განადგურდება, მეორე ვერ იქნება გამარჯვებული. გთავაზობთ მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერების გამონათქვამებს რელიგიასთან დაკავშირებით.

რენე დეკარტი - ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მეცნიერი. სოყოველთაოდ აღიარებული, როგორც თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებელი და „თანამედროვე მათემატიკის მამა“. დეკარტმა შექმნა ანალიზური გეომეტრიის საფუძვლები, შემოიღო ცვლადი სიდიდის ცნება, დაამუშავა კოორდინატთა მეთოდი და აგრეთვე, დაამყარა კავშირი ალგებრასა და გეომეტრიას შორის.

  „ყოველთვის ვთვლიდი, რომ ღმერთისა და სულის არსებობის საკითხები უმთავრესია იმ საკითხებთან ერთად, რომელთა გადაწყვეტაც უფრო ფილოსოფიის საქმეა, ვიდრე თეოლოგიის; რადგან ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის, საკმარისია გვწამდეს ღმერთი და ის, რომ სული არ კვდება სხეულთან ერთად. მაგრამ ურწმუნოებს, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ ვაიძულებთ აღიარონ რომელიმე რელიგია ან თუნდაც სათნოება (ზნეობრიობა) სხვაგვარად, თუ არა გონებით“.

გალილეო გალილეი - იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი, სამეცნიერო რევოლუციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, პოეტი, ფილოლოგი და კრიტიკოსი.

  „ბუნებრივ მოვლენებში (მოქმედებებში) ჩვენ ვხედავთ უფალ ღმერთს და იგი ამ დროს ისეთივე აღმაფრთოვანებელია, როგორიც ღვთიურ წერილში“. მასვე ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „წმიდა წერილი არასოდეს სცოდავს და არასოდეს ცდება. შეუძლებელია, წმ. წერილი როდესმე ცდებოდეს, ვინაიდან ბევრ ადგილას იგი არა მარტო უშვებს, არამედ მოითხოვს კიდეც განმარტებას, რადგან პირდაპირ, სიტყვასიტყვით გადმოცმულ აზრში უფრო ღრმა რამ იმალება“.

მათიას იაკობ შლაიდენი - გერმანელი ბოტანიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თავისი დროის ბოტანიკის რეფორმატორი. მკაცრად გააკრიტიკა ბოტანიკაში იმ დროს გაბატონებული ნატურფილოსოფიური და ვიწრო-სისტემატიკური მიმართულებები. შლაიდენის ძირითადი ნაშრომები ეხება მცენარეთა ანატომიასა და ემბრიოლოგიას.

  „ნამდვილი ნატურალისტი ვერასოდეს გახდება მატერიალისტი და ვერასოდეს უარყოფს სულს, თავისუფლებას, ღმერთს“.
მაქს პლანკი: „რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს“. 

  „ორივენი - რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება - თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის (მეცნიერებისთვის) - მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის - მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს“.

უილიამ ტომსონი -  ინგლისელი ფიზიკოსი, თერმოდინამიკისა და აირთა კინეტიკური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

 „ნუ გეშინიათ დამოუკიდებლად (თავისუფლად) აზროვნებისა! თუ თქვენ საკმარისად კარგად იაზროვნებთ, მეცნიერება აუცილებლად მიგიყვანთ ღმერთთან, რომელზეცაა დაფუძნებული რელიგია, და ნახავთ, რომ მეცნიერება სულაც არ არის რელიგიის მტერი, პირიქით, მისი თანაშემწეა“.

იაკობუს ფაბერი - ფრანგი თეოლოგი და ჰუმანისტი. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში რომაელ კათოლიკედ დარჩა და ყოველგვარი ხმაურის გარეშე მოახერხა გარდაექმნა რომაული ეკლესია, მისგან განცალკევების გარეშე. მისი რამდენიმე წიგნი ერეტიკულად შერაცხეს და ამიტომ მან ცხოვრების გარკვეული პერიოდი გადასახლებაში დაჰყო.

  „მსოფლიოს უსასრულო გონი მართავს. რაც მეტად ვაკვირდები, მით მეტს ვგებულობ ამ გონის შესახებ, რომელიც არსებული სამყაროს საიდუმლოებათა მიღმა ანათებს. ვიცი, დამცინებენ, მაგრამ ამაზე ნაკლებად ვდარდობ, ცოცხლად გატყავებას უფრო ადვილად გადავიტანდი, ვიდრე ღვთის რწმენა რომ წაერთმია ჩემთვის ვინმეს! ღმერთი... მე არ მჭირდება მისი რწმენა - მე ვხედავ მას.“


ივანე პეტრეს ძე პავლოვი - რუსი მეცნიერი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში. გახლავთ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

   „მე შევისწავლი ნერვული სისტემის მოქმედებებს და ვიცი, რომ ყველა ადამიანური გრძნობა - სიხარული, მწუხარება, ნაღველი, მრისხანება, სიძულვილი, ადამიანის აზრები, თვით აზროვნებისა და განსჯის უნარი (თითოეული მათგანი) დაკავშირებულია ადამიანის ტვინისა და მისი ნერვების გარკვეულ უჯრედებთან. ხოლო როცა სხეული კვდება, ყველა ეს გრძნობა და აზრი თითქოს წყდება უკვე მკვდარი ტვინის უჯრედებს და საერთო კანონის თანახმად, რომლის მიხედვითაც არც ენერგია, არც მატერია უკვალოდ არ ქრება, შეადგენს იმ სულს, უკვდავ სულს, რომლის არსებობასაც ქრისტიანობა ქადაგებს“.



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: