ასწავლეთ ბავშვს ‘არა’, თუ არ გინდათ გახდეს კრიმინალი
ასწავლეთ ბავშვს პატარაობიდანვე „არა“, თუ არ გინდათ მომავალში გახდეს კრიმინალი, ან ნერვოტიკი. (არეალი დიდია დაავადებათა დიაპაზონის). @ნინო დიდებაშვილი
გასაგებია , რომ ადამიანი თავად უნდა გაუმკლავდეს თავის პრობლემებს და თავად აღზარდოს თავის თავი, მაგრამ მეორე მხრივ ვიცით რამდენად დიდ ზარალს აყენებს ადამიანს აღზრდაში დაშვებული დიდი შეცდომები. (არავინაა იდეალური მშობელი და ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან ცდილობს კარგი მშობელი იყოს, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობა, გაუნათლებლობა, ასაკობრივად მშობლობისთვის მოუმწიფებლობა ბევრ ცუდ შედეგს იწვევს).
აქ ვიტყვი ორ სიტყვას იმაზე , რატომ არ ესმით უმეტესად ქართველ ბიჭებს (უფრო მეტად ვიდრე გოგოებს) – არა. ეს სწორედ რომ აღზრდაში დაშვებული კომპლექსის ბრალია და ვერგადალახული ოიდიპოსის კომპლექსის. ეს კომპლექსი ყველას აქვს, მეტ-ნაკლებად, ამიტომ ნუ გველანდება ხოლმე რომ რაიმე ცუდს გვაბრალებენ და რაღაც გარყვნილებას გვტენიან.
უბრალოდ, ვერ გადალახავს ჯანსაღად ამ კომპლექსს ბავშვი, თუკი მას არ აქვს ჯანსაღი გარემო. თუ ის ვერ განცდება მსგავს არაცნობიერ ინცესტურ მიჯაჭვულობას – მთელი ცხოვრება იმ ურთიერთობას, იმ ტოქსიკურ კავშირებს, რაც ჰქონდა მშობლებთან გადაიტანს ყველა ადამიანთან ურთიერთობაზე.
და როდის ხდება ეს? რა უდიდეს შეცდომებს უშვებს მშობელი, რის შედეგადაც ადამიანს ეს კომპლექსი ურთულდება და ხდება დამონებული თავისივე არაცნობიერის მიერ?
როდესაც მშობელი – მთელს თავის ცხოვრებას უძღვნის შვილს. რა თქმა უნდა, აქ ყველა იტყვის და იფიქრებს, რომ მაშინ აბა როგორ, ეს ხომ ბუნების კანონია, შვილზე საყვარელი რა არის და ა.შ. რა თქმა უნდა , ჯანსაღი ზრუნვა აუცილებელია – მაგრამ, ზედმეტი ზრუნვა ისეთივე დიდ პრობლემებს იწვევს, როგორც ზედმეტი – ინდიფერენტულობა. უბრალოდ კომპლექსებია ამ მიზეზებით ერთმანეთისგან საპირისპირო, თორემ ადამიანი ორივე უკანაფონის შედეგად დაზარალებულია ფსიქიკურად.
როდესაც გაბერილი ნარცისიზმის მქონე ადამიანი აჩენს შვილს (ან უჩნდება შვილი კაცს, თუ ქალს) , მთელს თავის ნარცისულ მომენტს გადაიტანს შვილზე. მას არ ესმის რომ ბავშვი, მისგან დამოუკიდებელია, არ ესმის რომ ის სხვა ადამიანია და არაა მისი ნაწილი. შესაბამისად, ასეთი მშობელი მაქსიმალურად – ‘უჩინარდება’ და ‘იკარგება’ მშობლის როლში. აღარაფერს იტოვებს თავისთვის, ბავშვისგან დამოუკიდებლად.
ანდაც, ხშირად არარეალიზებული ადამიანები რეალიზდებიან – მშობლის როლებში და შედეგად გვევლინება ნერვოტიკი, რომელსაც ჰგონია რომ სამყარო მის გარშემო უნდა ტრიალებდეს.
რატომ? – რადგან თავის დროზე მშობელი ტრიალებდა მის გარშემო და თანაც ასეთი ბავშვები დასაწყისშივე ავლენენ საოცარ მანიპულაციებს, რისი მეშვეობითაც ცდილობენ ბოლო სასიცოცხლო ენერგია გამოწურონ მშობლებს და ვერ იტანენ, როცა ის რაიმე სხვითაა დაკავებული.
თუ ბავშვი ვერ ერთობა მარტო, ვერ თამაშობს ბავშვებთან ისე, რომ სულ ავიწყდება სად არიან მშობლები, თუ მუდმივად ჩამოკიდებულია დედაზე, ან მამაზე – უკვე ესაა ნიშნები შემდგომი კომპლექსის განვითარების.რაღაც დონის მიჯაჭვულობა ბავშვობაში ნორმალურია, მაგრამ დაახლოებით სკოლის დაწყების წლებიდან ნელ-ნელა ბავშვი თავისუფლდება და პირიქით აღიზიანებს, უარყოფს მშობლების ზედმეტ ‘უწიპუწის’. და ეს ჯანსაღი ბავშვის შემთხვევაში.
მაგრამ დაზიანებული ფსიქიკის ბავშვი ვერ ყალიბდება დამოუკიდებლად და მუდმივად ცდილობს ჩართოს მშობლები თავის ცხოვრებაში, განსაკუთრებით ამას გამოხატავენ მესაკუთრეობით და ეჭვიანობით, როცა მაგალითად ცუდად ექცევიან იმ სტუმრებს, რომლებსაც მშობელი ელაპარაკება , არ აცდიან საუბარს, მაშინ უნდებათ ყველაფერი და ა.შ. ან იგონებს რომ ცუდადაა და იმართებს მუდმივად რაღაცეებს, ან იმდენად სჭირდება რომ არაცნობიერში გაშველი პროგრამის შედეგად მართლა ავად ხდება.
ადამიანს შეიძლება ეგონოს – აი დედა ვარ და რა არ უნდა გადავყვე ჩემს შვილს? არა არ უნდა გადაყვე, ეს მასვე დააზარალებს და არა მარტო მას, მის გარშემო მყოფ ადამიანებს, ვინც იქნებიან მის ცხოვრებაში.
როგორ? – ადამიანი, რომელსაც მშობელმა თავი შეწირა, ვინც ასეთი გათამამებული იყო, ვისაც თავზე დასტრიალებდნენ – არაცნობიერად ეძებს და ჰგონია, რომ ყველა ქალი ასევე უნდა მოექცეს. შესაბამისად მსგავსი ტიპის მამაკაცები ვერ იგებენ რას ნიშნავს – არა, ჰგონიათ რომ ყველაფერი უნდა გაუგო, ყველაფერი აპატიო, ყველაფრის უფლება აქვს და მერე მაინც უნდა მოგიცუცქდეს და გადაუსვათ ხელი თავზე.
ამიტომაც სანამ თქვენს პატარა ბიჭუნებს ყველაფრის უფლებას მისცემთ და არ ასწავლით, რომ რაღაცეებზე მიიღოს არა , დაფიქრდით, რომ თქვენი ქცევის მოდელს ის მომავალში გადაიტანს ურთიერთობებში და თუ თქვენ შესწირავთ შვილს ცხოვრებას, ის შემდგომში ქალებისგან მოითხოვს მსგავს შეწირვებს, მსგავს ვითომ უპირობო და ამ დროს მაზოხისტურ სიყვარულს.
ნუ კიდევ გაუმართლებს თუ მსგავსს ვინმეს იპოვნის, მაგრამ რეალურად მსგავს ტოქსიკურ დამოკიდებულებას დიდხანს არავინ აიტანს, ამიტომაც ასეთ ავანტიურისტად ჩამოყალიბებულ – ინფანტილურ ადამიანს, რომელიც ვერ შედგა – ზრდასრულ მამაკაცად – ვერასოდეს ექნება ჯანსაღი პირადი ცხოვრება, ვერც რეალიზდება და ვერც კარგი მამა იქნება,დარჩება პატარა გაზულუქებულ ბიჭად, რომელიც გაბრაზებული ამტვრევს სათამაშოებს, როცა ვერ მიიღებს იმას რაც ენდომება.
ასე რომ, სანამ შვილების პრინცებივით და პრინცესებივით გაზრდას გადავწყვეტ , გავიაზროთ რომ ბავშვობის ეს ‘მეფური’ ხანა რეალობის შეხებისთანავე დასრულდება და როცა თქვენი მეფე რეალობაში ვერ მიიღებს პატივისცემას – აი მანდ იწყება მენტალური პრობლემები.
მსგავს ადამიანებს იმდენად არ ესმით არა, იმდენად ვერ იგებენ უარს, იმდენად ვერ იგებენ რომ მათ გარშემო ვერ იტრიალებ, თუ ამას არ აკეთებ დიდი შანსია გახდეს აგრესიული, იმანიპულიროს – რომ მაინც მიიღოს და გაიტანოს თავისი.
ნარცისული აშლილობა იმდენად მძიმე დაავადებაა, რომ ხშირად ჯობს საერთოდ არ ყოლოდა ბავშვს მშობლები, ვიდრე ყოლოდა ასეთი და ქონოდა ასეთი გარემო. სიყვარულის და ზრუნვის დანაკლისი ბევრად უფრო მარტივი გადასალახია, ვიდრე – სიყვარულის და ზრუნვის ზედმეტობა და ბავშვის უპირობო გათამამება.
ასე რომ, თუ გსურთ ჯანსაღი ბავშვები გაზარდოთ – გაიაზრეთ, რომ მას ზრდით არა თქვენთვის, არამედ მისთვის, სოციუმში უნდა იცხოვროს მან და სხვა ადამიანები უნდა შეეწყონ. ასე რომ , ასწავლეთ ბავშვობიდან – არა . ის რომ უპირობოდ ყველაფერი არ ეპატიებათ და ის , რომ ცხოვრებაში ასე მარტივად ვერ მიიღებენ ყველაფერს. თუ თავიდანვე თავი ჰგონია სხვებზე მაღლა, ის მთელი ცხოვრება დააზარალებს ადამიანებს ამ თავის მტრული, ქედმაღლური დამოკიდებულებით.
აცხოვრო ბავშვი მეფესავით და შეუქმნა რეალობისგან აბსოლიტურად განსხვავებული გარემო, ძალიან ცუდ შედეგებს გამოიწვევს როცა ის გაიზრდება და მოუწევს ინტეგრირდეს რეალობაში.
ადამიანმა ბავშვობის პირველივე წლებიდან თუ ვერ გააცნობიერა, რომ ცხოვრებაში იმისთვის რაც უნდა – ბრძოლა მოუწევს, რომ ყველაფერს უპირობოდ თავზე არ დააყრიან და როცა შეცდომას დაუშვებს არ მიეფერებიან და მის ყოველ წამოტირებაზე არ უყიდიან ნაყინს, მერე უკვე ძალიან რთულია ამ პროგრამის შეცვლა.
ბავშვს უთხრა ყველაფერზე – კი, რაც მოუნდება – ნიშნავს გაზარდო ადამიანი, რომელიც ვერ მიიღებს და ვერ გაიგებს არას, და აი ვერმიღების შემთხვევაში სახეზე გვყავს ფსიქოპატები, რომლებიც – ვერ იგებენ როცა ეუბნები რომ აღარ გსურს მათთან საუბარი და მაინც – ატირებული ისტერიული ბავშვივით – ცდილობენ დაგირეკონ ათიათასჯერ, შექმნან ფეიქ ექაუნთები რომ მაინც – დაგეკონტაქტონ, იმანიპულაციონ ათასი რამით რომ გამოგსტყუონ ის რაც უნდათ, ვერ იგებენ ადეკვატურ არას და ვერ ეგუებიან მდგომარეობას – როცა ვიღაცა მშობელივით მის გარშემო კუდისქიცინით არ დარბის.
ეს ნიშნავს იმას, რომ მსგავსი ნერვოტიკი გაზარდა მშობელმა, რომელმაც თავი შესწირა მას, არ დაიტოვა თავისთვის არაფერი და დაიწყო შვილის ცხოვრებით ცხოვრება. და ახლა ამას ითხოვს სხვებისგანაც. მოლა ნასრედინს რომ ექვსი თვის ბავშვი მიუყვანეს გამოსასწორებლად და გამოსაზრდელად და თქვა დაგვიანებულია ესეც ვიცით.
შესაბამისად, თუ ეს ჯანსაღი გარემო არ ჰქონდა ადამიანს ბავშვობაში, ხშირად ათწლიანი ფსიქოთერაპიაც არაა საკმარისი განთავისუფლდეს ადამიანი ამ კომპლექსებისგან. და მის ცუდად ყოფნას რომ თავი დავანებოთ, ის – აავადებს, აზარალებს სხვებს და სოციუმისთვის სარეველა ხდება.
როცა შვილებს ვზრდით უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ მას ვზრდით პირველ რიგში მათთვის და მერე იმათთვისაც , ვისთანაც მას მომავალში ექნება ურთიერთობა, ანუ სოციუმისთვის. აღზრდაში დაშვებული შეცდომები კი ვალია კაცობრიობის წინაშე.
გავიაზროთ, რომ ვიღაც რომ ყოფილიყო უფრო ყურადღებით შვილთან, არეყოლებოდა კაცობრიობას – ჰიტლერები. ფსიქოპატი არ ყალიბდება ორ წამში, ის ყალიბდება ბავშვობიდან და მოდი ვიყოთ ჯანსაღები, რომ შემთხვევით ბრეივიკები არშემოგვეზარდნონ.
წყარო/ავტორი: ნინო დიდებაშვილი