ათეროსკლეროზი – ქრონიკული დაავადება

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება
ათეროსკლეროზი (Atherosclerosis) უპირატესად ელასტიკური ტიპის არტერიების ქრონიკული დაავადებაა. მისი საფუძველია ლიპოიდური (ცხიმოვანი) ცვლის მოშლა. დასაწყისში არტერიების შიგნითა შრეში ლაგდება ლიპოიდური ნივთიერებები ათეროსკლეროზული ფოლაქების სახით.
დაავადება უმეტესად შუახნის და ასაკოვან ადამიანებს ემართებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, ათეროსკლეროზული ცვლილებები ბავშვებსაც აღმოაჩნდეთ. განსაკუთრებით სარისკოა ასაკის (35 წლის ზემოთ) და სტრესის თანხვედრა. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით ფაქტორს.
ათეროსკლეროზის დროს თავს იჩენს რეაქციული ცვლილებები, მრავლდება შემაერთებელი ქსოვილი, ვითარდება სკლეროზი და კალცინოზი. ეს იწვევს არტერიის კედლის გასქელებას, ელასტიურობის დაქვეითებას, შიგნითა გარსის უსწორმასწორობას, სანათურის შევიწროვებას, სისხლის მიმოქცევის მოშლას, თრომბების გაჩენას და არტერიის სანათურის სრულ დახშობას.
პათოგენეზში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქოლესტერინის ცვლის მოშლას, ჰიპერქოლესტერინემიას, ძირითად ცილებთან შემაკავშირებელი ქოლესტერინის მომატებას, ქოლესტერინისა და ფოსფოლიპიდების (ლეციტინის) თანაფარდობის დარღვევას ლეციტინი ხელს უწყობს ქოლესტერინის ემულსირებას და იცავს მას არტერიის ინტიმაში ჩალაგებისგან.
კ ლ ი ნ ი კ უ რ ი მ ო ვ ლ ე ნ ე ბ ი დამოკიდებულია ამა თუ იმ ორგანოს არტერიების უპირატეს დაზიანებაზე. არსებოს ათეროსკლეროზის კლასიფიკაცია:
- საწყის პრეკლინიკურ პერიოდში დიაგნოსტიკურად შესამჩნევი გადახრები გულ-სისხლძარღვთა სისტემაში არ აღინიშნება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ჰიპერქოლესტერინემიას და ლეციტინ-ქოლესტერინის კოეფიციენტის შემცირებას.
- კლინიკური გამოვლინების პერიოდი სამითანმიმდევრული სტადიისაგან შედგება: პირველ – იშემიურ სტადიაში – სისხლძარღვთა სანათურის შევიწროვების გამო ადგილი აქვს შესატყვის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დაქვეიტებას, კვების მოშლას და დისტროფიულ ცვლილებებს, მეორე -თრომბო-ნეკროზულ სტადიაში ორგანოში ვითარდება წვრილ ან მსხვილკენკროვანი ნეკროზები. მესამე – სკლეროზულ (ფიბროზულ) – სტადიაში ორგანოებში ხდება პარენქიმის ატროფია და ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარება.
ათეროსკლეროზს და მის შედეგებს ქირურგიული მეთოდით მკურნალობენ, რომლის შედეგად ხდება შევიწროებული სისხლძარღვების ბალონური გაფართოება, ათეროსკლეროზული ფოლაქის მოცილება, სისხლძარღვის დაზიანებული ნაწილის სტენტირება, სისხლის ნაკადისთვის ახალი გზის შექმნა და ა.შ.