რას ეძებ?

ისტორია საინტერესო სხვა

ათონის მთა: ქრისტიანი ბერების ისტორიული თავშესაფარი

ათონის მთა

მაკედონიის თვალწარმტაც მთაგორიან ნახევარკუნძულზე მსოფლიოსგან მოწყვეტილი ათონის მთა სრულიად განსხვავდება იმ სამყაროსგან, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. ათონის მთა ნახევრად დამოუკიდებელი სახელმწიფოა, სადაც დროც კი სხვანაირად გადის. აქ დღეებს იულიუსის კალენდრით ითვლიან, ხოლო საათებს ბიზანტიური სისტემით, ანუ ახალი დღე დაისზე იწყება და არა – შუაღამისას.

ათონის მთა წმინდა ადგილია და თითქმის სრულად არის დასახლებული ბერებით, რომლებიც მთის ფერდობებზე მდგარ 20 ისტორიულ მონასტერსა და „სკიტის“ სახელით ცნობილ პატარ-პატარა, იზოლირებულ დასახლებებში მკაცრად განსაზღვრული სამონასტრო გრაფიკით ცხოვრობენ.

ნახევარკუნძული 60 კილომეტრის სიგრძის მიწის ზოლია და მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტთან დაკავშირებულია, მასზე გადასვლა მხოლოდ ნავით შეიძლება. ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი შხირტყიან ათონის მთას (2033 მ) უჭირავს. ნაპირზე გადასვლა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლით და თანაც მხოლოდ მათ, ვინც ოთხი მთავარი მონასტრის სამდივნოს ბეჭედდარტყმულ ვიზას მოიპოვებს. იმ იღბლიან პილიგრიმებსა და სტუმრებს, რომლებსაც ნახევარკუნძულზე მოხვედრა ეღირსებათ, ათონის მთაზე სრული სიმშვიდე და შუა საუკუნეების ისტორიული შენობები დახვდებათ.

ათონის მთის ისტორია ქრისტიანობის დასაბამიდა იწყება. ლეგენდის მიხედვით, კვიპროსისკენ მიმავალი მარიამ ღვთისმშობლის გემი გეზს ასცდენია და ამ ნახევარკუნძულს მისდგომია. ღვთისმშობელი ისე მოხიბლულა მთის სილამაზით, რომ უნატრია, ნეტავ, ეს ადგილი ჩემი ბაღი გახდესო. პასუხად ციდან ხმა გაუგონია, ეს შენი სამკვიდრო და დევნილთა თავშესაფარი იქნებაო.

IV საუკუნიდან ათონის მთა მართლაც გახდა ქრისტიანების თავშესაფარი, თუმცა, იმდროინდელი ისტორიული წყაროები მეტისმეტად მწირია. იმ პერიოდში ნახევარკუნძულზე წარმართებიც ცხოვრობდნენ. პირველი მონასტრები და სამონასტრო დასახლებები IX საუკუნეში გაჩნდა; უკვე 943 წლისთვის კი სახელმწიფოს საზღვრებიც დადგინდა, ქსეროპოტამის მონასტერი თანდათან იზრდებოდა. 958 წელს ბერმა ათანასე ათონელმა იქ „დიდი ლავრა“ ააგო.

მომდევნო საუკუნეების განმავლობაში ათონის მთაზე ბერების რაოდენობამ იმატა. აშენდა უფრო ბევრი მონასტერი (ოცი მონასტრიდან უკანასკნელი, სტავრონიკიტა, XVI საუკუნით თარიღდება). გარე სამყაროში მომხდარი ცვლილებები ათონის მთას არ შეჰხებია, თუმცა, განდგურებული ბიზანტიის იმპერიის ადგილას გაჩენილმა ოსმალეთის იმპერიამ ბერების ეს დასახლება მძიმედ დაბეგრა.

ათონის მთაზე ცხოვრება დღესაც ძველებურად გრძელდება, განდეგილი ბერები ხელოსნობენ, მუშაობენ და ისვენებენ. მათი მონასტრები და ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე დააგროვილი ხელოვნების ნიმუშები და დოკუმენტები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა