რას ეძებ?

მსოფლიო საზოგადოება სხვა

ბიჭები კაბებში: ბაჩა-ბაზი ანუ პედოფილია ავღანურად

ბაჩა ბაზი – ბიჭები კაბებში: პედოფილია ავღანურად

მთელი მსოფლიო ისედაც განცვიფრებულია ავღანეთის ჩვეულებებით და თითქოს აღარაფერს უნდა მალავდეს იქაური კულტურა მეტად განსაცვიფრებელს, მაგრამ სინამდვილეში კიდევ ბევრს მალავს – საოცარს, სევდიანსა და შეუცნობელს. მოგიყვებით ტრადიციულ ავღანურ ჩვეულებაზე – ბავშვების აღზრდაზე სხვა გენდერის შესაბამის ჩარჩოებში და იმაზე, რა გავლენას ახდენს ეს ამ ბავშვების ყოფაზე.

იყო ქალი ავღანეთში – საშინელებაა, მაგრამ ადგილობრივი რეჟიმები საუკუნეთა განმავლობაში თვალს ხუჭავდნენ გარკვეულ ორმაგ სტანდარტებზე ქალად ყოფნასთან დაკავშირებით. მოგითხრობთ ბაჩას კულტურაზე, რომლის გამოც ზოგიერთი გოგო სიცოცხლის პირველი წლებიდანვე თავს ბიჭად მიიჩნევს, ხოლო ბიჭები, თავის მხრივ, ქალურები ხდებიან და საბოლოოდ ეთხოვებიან თავისუფლებას, ამ სიტყვის ჩვენეული გაგებით.

ბაჩას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია

ავღანეთის ისტორია არსებობის ათეულობით საუკუნეს ითვლის. თუ ისტორიულ მონაცემებს დავუჯერებთ, თითქმის ათასი წლის წინ რეგიონში გაჩენილა გარკვეული გართობა – ძვირფას სამოსელში გამოპრანჭული მოზარდი ბიჭების ეროტიული ცეკვების ყურება. ეს ბიჭები საკუთარ თავს ბაჩა-ბაზებს უწოდებენ. ბუნებრივია, ასეთ სანახაობებზე მხოლოდ მამაკაცების დაიშვებოდნენ და დაიშვებიან. სავსებით ლოგიკური კითხვა დაისმის: რისთვის უნდა უყურებდნენ ეგზომ ბრუტალური და მკაცრი მამაკაცები ამათ ცეკვა-თამაშს?

ბაჩა ავღანეთისა და პაკისტანის კულტურათა განუყოფელი ნაწილია. უამრავი ძველი სურათი თუ რეტროფოტოა შემონახული ამ ჯგუფის წარმომადგენელთა გამოსახულებებით. მოგზაურთა ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, რომლებიც ავღანეთის შემეცნებას ცდილობდნენ, ადრე ბაჩა-ბაზები დიდ არტისტებად ითვლებოდნენ და მათ რიგებში მოხვედრა ბედის წყალობად მიიჩნეოდა. მომავალ „არტისტებს“ – გამხდარ და მოქნილ ბიჭებს – მეტწილად ობლებს ან უკიდურესად ღატაკი ოჯახის შვილებს შორის არჩევდნენ.

ბაჩა-ბაზები მამაკაცთა თვალწინ სულაც არ მღეროდნენ და ცეკვავდნენ მკაცრად დახურულ ხალათებსა და შარვლებში გამოწყობილები, როგორც იქაა მიღებული სიარული. მათი ტანისამოსი, რომლებიც კაბებს წააგავდა, იკერებოდა სიფრიფანა, ნახევრად გამჭვირვალე, ბრჭვიალა ან ქვებით უხვად მორთული ქსოვილებისაგან. უფრო ხშირად ბიჭები გრძელ თმებს ატარებდნენ და კოსმეტიკასაც კი იყენებდნენ. ერთი სიტყვით, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქალებს დამსგავსებოდნენ.

თუმცა მარტო ცეკვა-სიმღერით არ იზღუდებოდა ადგილობრივების გართობა გადაცმულ ბიჭებთან. მაგალითად, ასე აგვიწერს თავის გაცნობას ბაჩა-კულტურასთან რუსი მხატვარი ვასილი ვერეშჩაგინი: „შევდივარ ოთახში და ასეთ სურათს ვაწყდები: კედელთან ამაყად და მედიდურად წამომჯდარა პატარა ბაჩა. იგი საკუთარი ღირსების შეგრძნებით იყურება ირგვლივ. მთელ ოთახში, მის პირისპირ, კედლების გასწვრივ, ერთმანეთის გვერდით, ფეხმორთხმით სხედან სხვადასხვა შესახედაობის, ზომისა და ასაკის მამაკაცები – ახალგაზრდები და მოხუცები, დაბლები და მაღლები, გამხდრები და მსუქნები. ყველა იდაყვებით დაყრდნობია მუხლებს და, წელში მოხრილი, სინაზით შეცქერის ბაჩას.

თუ ბიჭი თავის ყურადღებას მზერით მიაპყრობს ვინმეს, იგი, ბედნიერი, პასუხობს უაღრესი პატივისცემითა და ლიქნით, წინასწარ დაღმეჭს რა სახესა და მთელ სხეულს სრული არარაობის გამოსახატავად. თუკი ვინმეს პატივი ერგება, ბაჩას ფინჯანი ჩაი ან რაიმე სხვა მიაწოდოს, ამას იგი აუცილებლად მუხლებზე ფორთხვით აკეთებს. ბიჭი ყველაფერ ამას ღებულობს, როგორც კუთვნილსა და მის შესაფერისს და სულაც არ თვლის თავს ვალდებულად, რაიმე მადლობა გამოხატოს ამისათვის“.

ვერეშჩაგინიცა და სხვა უცხოელი დამკვირვებლებიც აღნიშნავდნენ, რომ ნორჩი არტისტებისა და მათი მაყურებლების ქცევას გარყვნილებას ვერ დაარქმევდით. მიუხედავად ამისა, დროდადრო ბაჩა-ბაზის კულტურა ძლიერი კრიტიკის ქვეშ ექცეოდა, იკრძალებოდა კიდეც რელიგიურ დონეზე, მაგრამ მერე აღდგებოდა ხოლმე ფერფლიდან და კვლავ მთელ ქვეყანას მოიცავდა.

როგორ ცხოვრობენ თანამედროვე ბაჩა-ბაზები

სამწუხაროდ, მოცეკვავე ბაჩა-ბაზი დღესაც კი ლამის მთავარი გართობაა ავღანეთის მოსახლეობის მამრობითი ნახევრისათვის. ახლა მათ არსებობას ქალთან მამაკაცის ურთიერთობასთან დაკავშირებული რთული სიტუაციითაც ამართლებენ – რელიგია ავღანელ კაცებს უკრძალავს არა მარტო ახლო ურთიერთობებს ქალებთან, არამედ მათთან სულ მცირე კონტაქტსაც კი, თუკი ისინი მათი ცოლები ან ახლო ნათესავები არ არიან. ამას გარდა, ისეთ ქალებზე მიშტერებაც კი, რომლებიც, რაც არ უნდა უწმაწურად ჟღერდეს, მისთვის „ხელმისაწვდომია“, ავღანელი კაცისათვის დაუშვებელია.

ქვეყანაში დღემდე ასეთი ანდაზაა გავრცელებული: „ქალები ბავშვებისათვის არსებობრნ, ბიჭები – სიამოვნებისათვის“. დასკვნები აქედან თქვენ თვითონ შეგიძლიათ გამოიტანოთ დამოუკიდებლად.

მსოფლიო კანონმდებლობის თანამედროვე ჩარჩოები დაუშვებლად მიიჩნევს ისეთ ფენომენს, როგორიც ბაჩა-ბაზია. მართლაც, შეგახსენებთ, რომ 11-13 წლის ბიჭებს ასწავლიან, ქალურები იყვნენ და აცეკვებენ საეჭვო პუბლიკის წინაშე, ანუ განკარგავენ მათ უფლებას ბავშვობასა და თავისუფლებაზე. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ თავს ახვევენ სხვა გენდერის ყოფა-ქცევის ნორმებს და ფსიქიკას უნგრევენ. უკვე მერამდენე ათწლეულია, გაერო ცდილობს ბაჩა-კულტურის აღმოფხვრას, თუმცა უშედეგოდ.

ბაჩა-ბაზის მთავარი პრობლემა

ვეცადეთ, გვერდი აგვევლო ამ საკითხისათვის, მაგრამ მკითხველი, ალბათ, უკვე თვითონვე მიხვდა ყველაფერს. შეუძლებელია, თავი აარიდო ინტიმურ კონტაქტებს, როცა გყავს პატრონი (მიღებულია მათი „მფარველებად“ მოხსენიება) და ფულისთვის ირჯები. გაერო ღიად უწოდებს ბაჩა-კულტურას ბიჭებზე ძალადობას, ხოლო ბევრ განათლებულ ქვეყანაში იგი მიაჩნევა მონობისა და ბავშვთა პროსტიტუციის სახეობად.

ინტერნეტში შესაძლებელია სხვადასხვა წლების ბევრი დოკუმენტური ფილმის მოძიება, რომლებშიც თვითონ ბაჩა-ბაზები ყვებიან თავიანთი მძიმე ხვედრისა და მრავალგზის გადანატანი ძალადობის შესახებ, თანაც უკიდურესად გარყვნილი ფორმით.

სხვათა შორის, თალიბანი არ ახალისებს ბაჩა-ბაზის არსებობას, თუმცა მათი რეჟიმის დამხობის შემდეგ ქალ-ბიჭები კვლავ გამოჩნდნენ ქალაქების მოსალხენ დაწესებულებებში, ამასთან, როგორც უცხოური პრესა წერს, ადგილობრივი სამხედროებისა და პოლიციელების მონდომებით, რომლებიც, განკარგავენ რა „მონა-მსახიობების“ სიცოცხლეს, თავიანთ აღმატებულებას უჩვენებენ საზოგადოებას.

საინტერესოა, რა ბედი ელით ბაჩი-ბაზებს ახლა, როცა ავღანეთში ისევ ომია? მოახერხებენ თუ არა უბედური ბიჭები, როგორმე გადაურჩნენ მებრძოლებს, თუ მათ პირველ მსხვერპლად მოგვევლინებიან თავიანთი უწმინდური ცხოვრებისათვის?

გოგონები?

ავღანეთში ქალების ისედაც უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ზოგიერთ გოგოს კიდევ უფრო მძიმე ბედი აქვს, ვიდრე დანარჩენებს. ან ეგებ პირიქითაა ხელმისაწვდომ თავისუფლებათა გამო? რთული საკითხია, რადგანაც ლაპარაკია გოგონებზე, რომლებიც იზრდებიან „ბაჩა-პოშის“ ფილოსოფიით, რაც თარგმანში ნიშნავს „ბიჭად გადაცმულს“.

გოგონა ბაჩა-პოში მეტწილად ისეთი ოჯახის შვილია, რომელსაც ბიჭი არ ეყოლა. ავღანელი მამაკაცისათვის ესაა ყველაზე დიდი რისხვა – ისე გალიო წუთისოფელი, რომ ერთი ვაჟიც კი ვერ დატოვო.

შეგახსენებთ, რომ თალიბანის პირობებში ქალად ყოფნა ყველაზე სამარცხვინო და ბინძური საქმეა. ქალებს მხოლოდ იმის უფლება აქვთ, ბავშვები გააჩინონ და საოჯახო მეურნეობას მიხედონ, წერა-კითხვასაც კი არ ასწავლიან. მაგრამ თუ შეუძლებელია, ოჯახში გაჩნდეს მარჩენალი მამაკაცი და მამის მთელი ავლა-დიდების მემკვიდრე, მშობლებს უფლება ეძლევათ, ამოარჩიონ თავისი ერთ-ერთი ქალიშვილი და ბიჭად აღზარდონ. ყველაფერი თითქმის ოფიციალურად ხდება და, სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით ყოველ მესამე ოჯახში გოგონას თმებს კრეჭენ, ბიჭის ტანსაცმელში აწყობენ და ახალ, კაცის სახელსაც არქმევენ.

ერთი შეხედვით ავღანეთში ბაჩა-პოშად ყოფნა პრესტიჟულიც კი უნდა იყოს – ქუჩაში გამოსვლაც შეუძლია, სეირნობაც, სკოლაში სწავლაც და სარჩოს გამომუშავებაც კი. მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ გოგონა თავს კი არ ასაღებს, არამედ მართლა გონია, რომ ბიჭია, ოღონდ გარკვეული ფიზიოლოგიური თავისებურებებით, რომლებიც, ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო მძიმედ აწვება მის ფსიქიკას.

ამავე დროს ქალიშვილსათვის 17-20 წლის ასაკში ბაჩა-პოშად ყოფნის პერიოდი მთავრდება. მას ათხოვებენ და ითხოვენ, რომ ისევ ქალად იქცეს, რასაც თან სდევს უარის თქმა ადრინდელ თავისუფლებაზე, ძველ ნაცნობებთან ურთიერთობაზე და უამრავი სხვა რამ.

ამ თემატიკაზე ჩატარებული საერთაშორისო ფსიქოლოგიური კვლევები დაუნდობლად ადასტურებს, რომ ქალიშვილები, რომლებმაც თავის ბიჭად მოჩვენების ასეთი წლები გადაიტანეს, ვეღარასოდეს ახერხებენ ურთიერთობათა აწყობას სხვა ქალებთან. ამას ისიც ემატება, რომ მათთვის საოჯახო მეურნეობის გაძღოლა არასდროს უსწავლებიათ, ახლა კი სწორედ ამას და უკიდურესად მოკრძალებულ ყოფა-ქცევას თხოვენ – ქალს ავღანეთში იმის უფლებაც კი არ აქვს, თვალებში შეხედოს მამაკაცს, როცა ყოფილი ბაჩა-პოში ამას მაინც აკეთებს ადრინდელი ჩვევით, იგი მკაცრად ისჯება.

გვინდა გვჯეროდეს, რომ ოდესმე ბაჩას კულტურა აღიგვება მიწის პირისაგან. ჯერ-ჯერობით კი მოგვიწევს შევეგუოთ, რომ მსგავს ისტორიებს დროდადრო შევეჩეხებით და იმით მანც ვიყოთ კმაყოფილი, რომ ეს სადღაც სხვაგან ხდება, არა აქ, ჩვენ გვერდით.

ავტორი: Gia Tsutskhvashvili

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა