ბარნუმის ეფექტი და ასტროლოგიური პროგნოზები
ოჯახის წევრს, რომელიც ზოდიაქოს ნიშნით ქალწულია, ვუთხარი: ახლა შენი ზოდიაქოს ნიშნის თვისებები უნდა წაგიკითხო, კარგად მომისმინე და მითხარი თუ ემთხვევა შენს ხასიათს მეთქი. მოვატყუე და წავუკითხე თევზების თვისებები. მეუბნება: კი, ნაწილობრივ მასეა, მასეთი ვარო. მე ვუთხარი: ბოდიში, ეგ არ იყო შენი. ესაა შენი ზოდიაქოს თვისებები მეთქი და ისევ სხვა, ტყუპების თვისებები წავუკითხე. დაკვირვებით მომისმინა და ისევ მითხრა: კი, ბევრი რამ ემთხვევა, თუმცა მანდაც ყველაფერი არაა ჩემიო. ისევ ვუთხარი: ბოდიში, ისევ გეხუმრე, მაგრამ ახლა ნამდვილად შენი უნდა წაგიკითხო მეთქი და ისევ სხვა ანუ თხის რქის თვისებები მოვასმენინე. მეუბნება: კი, ესაა ჩემი თვისებები, ერთი-ორის გარდაო. ბოლოს ისევ ვუთხარი, ბოლოჯერ მოგატყუე, მაგრამ, ახლა კი შენსას წაგიკითხავ მეთქი და მართლაც წავუკითხე მისი ანუ ქალწულის თვისებები. ბოლოჯერაც იგივე მიპასუხა: კი, ბევრი რამ ჩემი თვისებებია, თუმცა სრულად მასეთი არ ვარო. ეს არის ფსიქოლოგიაში ცნობილი ბარნუმის ეფექტი. ადამიანი საკუთარ თავზე წაკითხული ან მოსმენილი ზოგადი ხასიათი ტექსტიდან, ყოველთვის ამჩნევს, არჩევს და იჯერებს ხასიათის იმ თვისებებს, რისი ქონის სურვილიც მას აქვს.
სწორედ ადამიანის ფსიქოლოგიის ამ თავისებურებას ოსტატურად იყენებენ ასტროლოგიური კალენდრის შემდგენელნი, მკითხავები და შარლატანები. ცნობილი მეთოდია: იქ, სადაც უნივერსალური და ზოგადი შემოთავაზება ან დახასიათებაა, უნივერსალურადაც შეიძლება საშენოს პოვნა ან შემჩნევა.
ამ ფენომენს ბარნუმის ეფექტს ან ფორერის ეფექტს უწოდებენ. ამერიკელმა ფსიქოლოგმა ბერთრამ რ. ფორერმა 1948 წელს ჩაატარა ექსპერიმენტი, სადაც სტუდენტებს მათი პიროვნული დახასიათების ტექსტი დაურიგა და სთხოვა, შეეფასებინათ თუ რამდენად შეესაბამებოდა დახასიათება მათ თვისებებს. სტუდენტებმა არ იცოდნენ, რომ ყველას ერთი და იგივე ტქსტი მისცეს. ტექსტი ისე იყო შედგენილი, რომ ის უნივერსალურად მოიცავდა ადამიანის ხასიათის თვისებებს. სტუდენტების დაახლ. 85%-მა ერთი და იმავე დახასიათებაში ამოიცნო საკუთარი თავი. მთელი ეშმაკობა იმაშია, როგორაა შედგენილი ტექსტი.
იგივე ექსპერიმენტი გაიმეორა 1968 წელს ფრანგმა ფსიქოლოგმა მიშელ გაუქელინმა (Michel Gauquelin). მან 150 უცხო ადამიანს დაურიგა ვითომ საკუთარი ჰოროსკოპი. თუმცა ყველას ერთი და იგივე ჰოროსკოპის ტექსტი მისცეს. სინამდვილეში ჰოროსკოპის ტექსტი ცნობილი სერიული მკვლელის მარსელ პეტიტის დაბადების თარიღის მიხედვით, კომპიუტრის მიერ იყო შედგენილი ერთ-ერთი პირველი ასტროლოგიური პროგრამის მიხედვით. მონაწილე 150 ადამიანიდან 94%-მა ჰოროსკოპში ამოიცნო საკუთარი თავი. იგივე ზემოქმედების მეთოდი იყო აქაც, უნივერსალურად შედგენილი ტექსტი. ამგვარი ექსპერიმენტები, რომელთაც დაადასტურეს ბარნუმის ეფექტი, მრავლადაა ცნობილი.
ბარნუმის ეფექტის შუქზე რომ გადახედოთ ასტროლოგიურ პროგნოზებს, მიხვდებით რა ოსტატურად გთავაზობენ ასტროლოგები უნივერსალურ დახასიათებებს ან პროგნოზებს, სადაც ყოველთვის დაინახავთ იმას, რისი დანახვაც ასე ძალიან გინდათ. ძალიან, ძალიან გინდათ ეს თვისებები ან პროგნოზები დაინახოთ თქვენში და თქვენი ცხოვრებისთვის და ამიტომაც გჯერათ ასტროლოგიის ანუ ვარსკვლავებით მკითხაობის.
და კიდევ, ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის შემდეგ მონაწილეებს სთხოვეს ჩამოეთვალათ ის თვისებები, რომელსაც საკუთარ თავთან მიმართებაში არ ეთანხმებოდნენ. თითქმის ვერავინ გაიხსენა ის, რასაც არ დაეთანხმა. რაც არ გვინდა, ვერც ვამჩნევთ და ვერც ვიმახსოვრებთ.
წყარო: დეკანოზი თამაზ ლომიძე