რას ეძებ?

სხვა ფილოსოფია

ბერტრან რასელი: ფილოსოფია, თეოლოგია, მეცნიერება…

ბერტრან რასელი - ფილოსოფოსი

ბერტრან რასელი: ფილოსოფია, როგორც მე მესმის ეს სიტყვა, რაღაც საშუალოა თეოლოგიასა და მეცნიერებას შორის.

თეოლოგიის მსგავსად, ის შედგება სპეკულაციებისგან საგნებზე, რომელთა შესახებ ზუსტი ცოდნა დადასტურებული სახით არ გვაქვს; მაგრამ მეცნიერების მსგავსად, ის ადამიანის გონებას მიმართავს და არა ავტორიტეტს, იქნება ის ტრადიციისა თუ გამოცხადების ავტორიტეტი. მთელი ზუსტი ცოდნა, ჩემი აზრით,მეცნიერებას ეკუთვნის; ყველა დოგმა, რომელიც სცდება ზუსტი ცოდნის საზღვრებს, ეკუთვნის თეოლოგიას. მაგრამ თეოლოგიასა და მეცნიერებას შორის „არავისი მიწაა“, რომელიც მოწყვლადია თავდასხმებისთვის ორივე მხრიდან და ეს „არავისი მიწა“ არის ფილოსოფია.

სპეკულაციური გონებისთვის ყველაზე საინტერესო თითქმის ყველა კითხვა ისეთია, რომ მეცნიერება მათ ვერ პასუხობს, ხოლო თეოლოგთა დამაჯერებელი პასუხები ისეთი დამაჯერებლობით აღარ გამოირჩევა, როგორც ეს გასულ საუკუნეებში იყო. შედგება თუ არა სამყარო გონებისა და მატერიისგან, ხოლო, თუ ასეა, რა არის გონება და რა არის მატერია? ექვემდებარება თუ არა გონება მატერიას, თუ მას დამოუკიდებელი ძალები ფლობს? გააჩნია თუ არა სამყაროს რაიმე ერთიანობა ან მიზანი? ვითარდება თუ არა ის რაიმე მიზნისკენ? მართლაც არსებობს თუ არა ბუნების კანონები, თუ ჩვენ მხოლოდ წესრიგის თანდაყოლილი სიყვარულის გამო გვწამს მათი?

ადამიანი ისეთია, როგორსაც მას ასტრონომი ხედავს: არაწმინდა ნახშირბადისა და წყლის ერთი ციცქნა გროვა, რომელიც მცირე და მნიშვნელობის არმქონე პლანეტაზე დაღოღავს? თუ იგი ისაა, რადაც ის ჰამლეტს წარმოუდგება? ან იქნებ ორივეა ერთად? არსებობს თუ არა ცხოვრების კეთილშობილური და მდაბალი წესი, თუ ყოველივე ამაოა? თუკი არსებობს კეთილშობილური ცხოვრების წესი, რაში მდგომარეობს ის და როგორ უნდა მივაღწიოთ მას? უნდა იყოს თუ არა სიკეთე მარადიული, რომ ის შეფასებას იმსახურებდეს, თუ მაინც ღირს მისი ძიება, თუნდაც სამყარო აუცილებლობით მიემართებოდეს დაღუპვისკენ? არსებობს თუ არა ისეთი რამ, როგორიც სიბრძნეა, თუ რაც ასეთად გვეჩვენება, უკიდურესად დახვეწილი უგუნურებაა?

ასეთ კითხვებზე პასუხი ლაბორატორიებში არ მოიპოვება. თეოლოგიური სისტემები აცხადებდა, რომ შეეძლო განსაზღვრული პასუხების გაცემა, მაგრამ სწორედ მათი განსაზღვრულობა აიძულებს თანამედროვე გონებას, ეჭვის თვალით შეხედოს მათ. ამ კითხვების შესწავლა, და სულაც მათზე პასუხების გაცემა, ფილოსოფიის საქმეს წარმოადგენს.

© ბერტრან რასელი / დასავლური ფილოსოფიის ისტორია (ანტიკური ფილოსოფია)

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *