რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

ლურჯი მთები: ავსტრალიის ულამაზესი რეგიონი

ლურჯი მთები, ავსტრალია: მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჰაბიტატი

ლურჯი მთები არა მხოლოდ ავტრალიის ლანდშაფტის უნიკალური და შთამბეჭდავი თავისებურებაა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჰაბიტატიცაა. მის ჭაობებში, მინდვრებსა და პლატოებზე უამრავი ისეთი სახეობა ბინადრობს, რომელსაც დედამიწაზე სხვაგან ვერ შეხვდებით. ბუნებრივი სილამაზითა და ბოტანიკური საოცრებებით თანაბრად მდიდარ ლურჯ მთებს თაყვანისმცემლები არასდროს დაჰკლებია, მაგრამ ყველაზე დიდი კომპლიმენტი მან ჩარლზ დარვინისგან მიიღო, რომელმაც გროუზის ხეობაში სტუმრობისას მთებს „გამაოგნებლად დიდებული“ უწოდა.

თითქმის 22000 წლის განმავლობაში აქ ავსტრალიელი აბორიგენები ცხოვრობდნენ. ამას ადასტურებს „წითელი ხელების მღვიმეში“ ნაპოვნი ხელის ანაბეჭდები. ევროპელმა კოლონისტებმა ეს მთები პირველად XVIII საუკუნის მიწურულს იხილეს. ახალი სამხრეთი უელსის პირველმა გუბერნატორმა ართურ ფილიპმა მათ მეტისმეტად გრძელი სახელი შეარქვა: კარმართენისა და ლენდაუნის მთები. მომდევნო რამდენიმე წელი ავსტრალიის ახალმოსახლეებს ეს მთები გადაულახავად მიაჩნდათ და კატორღელებისთვის იქით გაქცევა უნაყოფოდ ითვლებოდა. თუმცა, აბორიგენები ორ მარშრუტს იყენებდნენ მთებზე გადასასვლელად.

მთისწინეთი ქალაქ სიდნეიდან 50 კილომეტრით დასავლეთით, ახალი სამხრეთ უელსის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო მწვერვალები და ზეგანი დასავლეთით მდინარე კოქსამდეა გადაჭიმული და 1190 მეტრის სიმაღლეზე ადის. ქვიშაქვის კლდეები მილიონობით წლის მანძილზე ქარისა და წყლისმიერმა ეროზიამ გამოფიტა. მრავალი ასეული მეტრის სიღრმის ხევები (ერთ-ერთი 760 მეტრის სიღრმისაა) მთაგრეხილში იჭრება და ზოგიერთი ხევი იშვიათი ზომიერი წვიმის ტყის გავრცელების არელია.

უფრო დიდ სიმაღლეზე პლატო ევკალიპტის ტყითაა დაფარული. განცალკევებულ ხევებში შესაძლოა ვოლემიას გადააწყდეთ – ამ ჯიშის ხე აქ ჯერ კიდევ იმ დროიდან იზრდება, როცა კონტინენტები ერთმანეთისგან განცალკევდა. განსაცვიფრებელი ლანდშაფტის შემადგენელი ნაწილია ჩანჩქერები და კირქვის გამოქვაბულები. შორიდან ცქერისას მთები ლურჯ ნისლშია გახვეული და ამიტომაც ეწოდა მათ „ლურჯი მთები“.

უნიკალური მცენარეების გამორჩეული როლის აღსანიშნავად დიდი ლურჯი მთების ტერიტორია, რომელიც 10000 კმ2 მართობს მოიცავს, 2000 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. მის თანამედროვე ღირსშესანიშნაობათა შორის გამორჩეულია კატუმბას სცენური რკინიგზა, რომელიც ძველი მაღაროს ლიანდაგის ადგილას გაკეთდა და მსოფლიოში ყველაზე დამრეც რკინიგზად ითვლება.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *