რას ეძებ?

ისტორია მსოფლიო საინტერესო

კაპადოკია: იდუმალებით მოცული რეგიონი

კაპადოკიის მხარის მსგავსი ქვეყნად მეორე არ მოიძებნება: ის ბუნებრივი და ადამიანის ხელით შექმნილი საოცრებების წარმოუდგენელი ნაზავია. 1000 მეტრის სიმაღლის პლატოზე მიმოფანტული ვულკანური მწვერვალები და ათასწლეულების მანძილზე წყლისა და ქარისაგან გადარეცხილი ეროზიული სვეტები იდუმალ და თვალისმომჭრელ ლანდშაფტს ქმნის. კლდეში და კლდის ქვეშ გამოჭრილ მიწისქვეშა ქალაქებში ხალხი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა.

თურქეთის შუაგულში, აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე კაპადოკიის რეგიონი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 400, ჩრდილოეთითან სამხრეთისკენ კი – 250 კილომეტრზეა გადაჭიმული. რეგიონის უმაღლესი მთაა ერჯისი (3916 მ). მილიონიბით წლის წინანდელი ვულკანური ამოფრქვევებისას ალაგ-ალაგ დარბილებული კლდეები დროთა განმავლობაში გამოიფიტა და ასობით ულამაზეს სვეტად იქცა. წვეტიან კლდეებს ხშირად მინარეთის ფორმა აქვს და ადამიანის ნახელავი ჰგონია მნახველს. სინამდვილეში ყველა ბუნებრივი წარმოშობისაა და ლანდშაფტს თავისებულ ხიბლს სძენს. თუმცა, კაპადოკია მხოლოდ ქარს ან წყალს როდი გამოუძერწავს. იმ ეპოქაში, როცა კლდის კვეთა ჯერაც იოლი იყო, უძველესმა ადამიანებმა აქ ცხოველებისა და მეტოქე ტომებისაგან თავშესაფრები მოიწყვეს.

წვეტიან კლდეებს ხშირად მინარეთის ფორმა აქვს და ადამიანის ნახელავი ჰგონია მნახველს…

ასობით წლის მანძილზე განსხვავებული ტრადიციები და კულტურა ერთმანეთს შეერწყა და თანდათან მრავალი მიწისქვეშა სოფელი თუ მიწისზედა „ციხესიმაგრე“ აშენდა. ამ უკანასკნელთა შორის ყველაზე სახელგანთქმული კაპადოკიის უმაღლეს წერტილში მდგარი უჩისარის ციხესიმაგრეა, საიდანაც საოცარი პანორამული ხედი იშლება. მიწისქვეშა ქალაქებს შორის უდიდესია დერინკუიუ; კლდეში გამოჭრილი დარბაზები და ოთახები ერთმანეთს ვიწრო დერეფნებით უკავშირდება. დერეფნების სივიწროვე შემთხვევითი არაა: დერეფანში მხოლოდ ერთი ადამიანი შეძლებს გავლას და ეს მნიშვნელოვნად გაურთულებდა თავდამსხმელს გამოქვაბულზე იერიშის მიტანას.

უჩისარის ციხესიმაგრე

დერინკუიუ – მიწისქვეშა ქალაქი

როგორც ფიქრობენ, კაპადოკია ერთ დროს ხეთების იმპერიის ნაწილი იყო, დარიოს I-ის მმართველობის დროს კი სპარსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა. სწორედ ძვ.წ. VI საუკუნის სპარსულ ხელნაწერში მოიხსენიება პირველად კაპადოკია. მოგვიანებით, ადრეულ ქრისტიანულ ხანაში კლდეში ნაკვეთი ფარული ქალაქები დევნილი ქრისტიანების სამალავად იქცა. ერთ დროს კაპადოკია სწრაფად გავრცელებადი, ახალი რელიგიის შუაგულად ითვლებოდა, სადაც დღემდეა შემორჩენილი ქრისტიანული მონასტრები და ეკლესიების ნანგრევები.

დღეს კაპადოკიის ქალაქი გორემე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ეს საუკეთესო ადგილია რეგიონის მრავალი საოცრებისა და უნიკალური კულტურული ისტორიის გასაცნობად.

ჩანართი: კაპადოკიის უმაღლეს წერტილში უჩისარის ციხესიმაგრე და მიმდებარე საცხოვრებლები კლდეშია გამოკვეთილი და ერთმანეთს ოთახებით, დერეფნებითა და მიწისქვეშა გასასვლელებით უკავშირდება. სამწუხაროდ, უძველეს დასახლებას ეროზიამ თავისი კვალი დაატყო და მრავალი მათგანი დღეს უკვე მიუვალია.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *