რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია საინტერესო

კარდინალი რიშელიე – 10 ყველაზე პოპულარული ლეგენდა რუხ კარდინალზე

არმან ჟან დიუ პლესი - კარდინალი რიშელიე - რუხი კარდინალი - წითელი კარდინალი

საფრანგეთის ეროვნული ცნობიერებისთვის არმან ჟან დიუ პლესი, იგივე კარდინალი დე რიშელიე, სიმბოლური ფიგურაა და, შესაბამისად, მისი ისტორია და მოღვაწეობა ლეგენდებითაა მოცული, რომლის მიღმაც საკმაოდ რთულია ავთენტური ისტორიული მოვლენების გარჩევა გამოგონილისგან. ამასთან ერთად, თავად რიშელიე იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც ჩაატარა საინფორმაციო კამპანია თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ის ბევრს მუშაობდა საკუთარ იმიჯზე და არ აპირებდა შთამომავლების წინაშე აღსარების ჩაბარებას. ამის გამო მის შესახებ თითქოს ბევრი რამაა ცნობილი (არსებობს აურაცხელი მიმოწერები, უამრავი ნაშრომი, პორტრეტები და ა.შ.), მაგრამ პარადოქსია, რომ ამავდროულად ვიცით ძალიან ცოტა.

ლეგენდა 1. რიშელიე შეყვარებული იყო ანა ავსტრიელზე

ანა ავსტრიელი

ამის შესახებ თავის მემუარებში აღნიშნავს ჰერცოგი დე ლაროშფუკო. მიუხედავად ამისა, ეს შესაძლოა ჭორი იყოს, რომლის გავრცელებას დიდი ალბათობით დედოფლის გარემოცვამ დაუჭირა მხარი. ანა ავსტრიელისთვის, რა თქმა უნდა, უფრო მომგებიანი იყო საკუთარი თავის უდანაშაულო მსხვერპლად წარმოჩენა, რომელიც იდევნებოდა უარყოფილი საყვარლის მიერ, ვიდრე როგორც რამდენიმე წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების მონაწილე.

ლეგენდა 2. რიშელიეს ყოველთვის წითელი ეცვა

კარდინალი რიშელიე და მისი კატები. ჩარლზ ედუარდ დელორის ნახატი.

რიშელიე იყო სასულიერო პირი, ანუ ეკლესიის ადამიანი, ამიტომ მისი სამოსის ფერი და ჭრილი ტრადიციითა და ღირსებით იყო განსაზღვრული. 1622 წლიდან, როდესაც ის კარდინალი გახდა, მას უფლება ჰქონდა რგებოდა მეწამული კვართი და ქუდი, და სწორედ ასეთს ვხედავთ მას ყველა პორტრეტში. თუმცა, ეს საცერემონიო ტანსამოსია: სასახლეში და სამხედრო კამპანიების დროს, მას ხშირად ეცვა საერო მოსასხამი – ეს არ იყო აკრძალული.

ლეგენდა 3. რიშელიე ძალიან მოხუცი იყო ლა როშელის ალყის დროს (დიუმას მიხედვით ის ახალგაზრდაა)

ლუი XIII-ის შესვლა ლა როშელში. პიერ კურტილოს ნახატი. მე-17 საუკუნე

ალექსანდ დიუმასთვის მნიშნელოვანი იყო ენერგიული რიშელიეს წარმოჩენა აპათიურ ლუი XIII-სთან დაპირისპირებაში, ამიტომ კარდინალი რომანში გამოიყურება არაუმეტეს 36-37 წლისა. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მოვლენებზე, რომლებიც მოხდა ლა როშელის ალყის დროს და მანამდე, ანუ 1626 წელს, როდესაც რიშელიე იყო 41 წლის. კარდინალი არ გამოირჩეოდა კარგი ჯანმრთელობით; მას მთელი ცხოვრება ტანჯავდა თავის ტკივილები და ნერვული შეტევები, მაგრამ ნამდვილად სერიოზული დაავადებები მასთან თავს იჩენს 50 წლის ასაკიდან.

ლეგენდა 4. თავად რიშელიე მეთაურობდა ჯარებს ლა როშელის ალყის დროს

კარდინალი რიშელიე - ლა როშელის ალყა

ლა როშელის ალყის დროს მეფემ, რომელიც უმოქმედობისგან დათრგუნულიყო, მცირე ხნით განერიდა ბრძოლის ველს, ხოლო სარდლობა რიშელიეს გადააბარა. ნაწილობრივ, ეს გაკეთდა იმისათვის, რომ აცილებულიყო მეტოქეობა სამხედრო ლიდერებს შორის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მნიშვნელოვანი უფლებამოსილების გადაცემა იშვიათია. თუმცა ცალკეული სამხედრო ძალებისა თუ დანაყოფების მეთაურობა არ იყო უცხო და იშვიათი სასულიერი პირისათვის: ამას აკეთებდა რიშელიეც. თუმცა ამისთვის საჭირო იყო ვატიკანის ნებართვაც (დისპენსაცია).

ლეგენდა 5. რიშელიეს ქონდა კონფლიქტური დამოკიდებულება ლუი XIII-თან

კარდინალი რიშელიე, ლუი XIII და ანა ავსტრიელი პალე როიალის ჩვენებაზე

რიშელიესა და ლუის პირადი ურთიერთობა თანამედროვე ადამიანისთვის საიდუმლოა, რომლის ამოხსნას ზოგიერთი მკვლევარი ფსიქოანალიზის დახმარებით ცდილობს. თუ ფაქტებს დავეყდრნობით, მაშინ პასუხი იქნება არა: მათ შორის სერიოზული კონფლიქტები არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან მინისტრის ძალაუფლება მთლიანად იყო დამოკიდებული მეფის მხარდაჭერაზე. უმეტეს შემთხვევაში ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, დროდადრო მათ შორის იგძნობოდა დაძაბულობაც.

ლეგენდა 6. რიშელიე ძალიან ჭკვიანი იყო (ლუი კი სულელი)

კარდინალი რიშელიე, მარი დე მედიჩი და ლუი XIII. მორის ლელოარის აკვარელი. 1910 წელი

ლუი XIII გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათით და იყო მეომარი. არ დაგავიწყდეთ, რომ მამამისმა, ანრი IV-მ დიდი გაჭირვებით დაიკავა საფრანგეთის ტახტი, ამიტომ ლუის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო სამეფო ხელისუფლების განმტკიცება მთელ სახელმწიფოში, რისი განხორციელებაც მან წარმატებით მოახერხა ჯერ კიდევ რიშელიემდე. მაგრამ მეფე იყო მსუქანი, უკიდურესი მიზანთროპი და, როგორც ჩანს, არც თუ ისე მომხიბვლელი ადამიანი, რამაც გავლენა მოახდინა მის რეპუტაციაზე. რიშელიეს წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო იყო მეფის პოლიტიკური მიზნების არტიკულაციის უნარი.

ლეგენდა 7. რიშელიეს ჰყავდა პირადი მცველების გვარდია

კანონის თანახმად, მხოლოდ მეფეს შეეძლო ჰყოლოდა პირადი მცველების გვარდია. თუმცა, სინამდვილეში, დიდგვაროვნები ყოველთვის შეიარაღებული მომხრეებით იყვნენ გარშემორტყმული – ეს ეხებოდა რიშელიესაც. გრაფ დე შალეს შეთქმულების შემდეგ (რა დროსაც კარდინალის მკვლელობა იყო დაგეგმილი), და რომელიც 1626 წელს გამოვლინდა, მეფემ რიშელიეს კაპიტნის მეთაურობით 100 მხედარი დაცვად დაუნიშნა. 1632 წელს მათ დაემატა ორასი ფეხოსანი მუშკეტერი, შემდეგ კი ეს რიცხვი დროდადრო იზრდებოდა.

ლეგენდა 8. რიშელიე იყო ცბიერი ინტრიგანი

რუხი კარდინალი - წითელი კარდინალი - რიშელიე

მმართველობის სისტემაში, რომელიც საფრანგეთში მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში არსებობდა, ინტრიგა იყო სასურველი შედეგის მიღწევის საშუალება მინიმალური დანაკარგით, ვინაიდან მისი ალტერნატივა მხოლოდ პირდაპირი ძალადობა იყო. ლუის მხარდაჭერის მიუხედავად რიშელიეს უწევდა მანევრირება და ლავირება არისტოკრატიულ კლანებს შორის, განსაკუთრებით სამეფო ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ ფრაქციებს შორის – დედოფლის დედა, მეფის ძმა, რომელიც 1638 წლამდე რჩებოდა ტახტის მემკვიდრედ, სისხლის ნათესავები (ბურბონების უმცროსი შტო). ბუნებრივია, ის კარგად იყო გათვითცნობიერებული ინტრიგების ხელოვნებაში, თორემ მისი პოლიტიკური კარიერა სწრაფად და არასასიამოვნოდ დასრულდებოდა.

ლეგენდა 9. რიშელიე გენიალური პოლიტიკოსი იყო

ნეპტუნი და თეტისი - იმპერიის სიმდიდრის მირთმევა კარდინალ რიშელიესთვის. გრეგუარ იურის გრავიურა. 1642 წელი

ამაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. რიშელიე, რა თქმა უნდა, ხედავდა თავის ფუნქციას სახელმწიფოს მსახურებაში და მისთვის სახელმწიფოებრივი აუცილებლობის იდეა იყო დასაბუთება იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც მას უნდა მიეღო. ამ თვალსაზრისით, ის იყო პოლიტიკოსი ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით. მაგრამ ბევრი რამ, რაც მის სახელს უკავშირდება, მათ შორის პროტესტანტულ ქვეყნებთან ალიანსები ესპანეთის წინააღმდეგ და ასე შემდეგ, სინამდვილეში იყო ჰენრი IV-ის დროს დაწყებული პოლიტიკის გაგრძელება.

ლეგენდა 10. რიშელიე იყო ამაზრზენი ბოროტმოქმედი

ნეპტუნი და თეტისი - იმპერიის სიმდიდრის მირთმევა კარდინალ რიშელიესთვის. გრეგუარ იურის გრავიურა. 1642 წელი

ჰიუგოს დრამაში ” მარიონ დელორმი ” გაბედული ქალბატონი კარდინალს სთხოვს, შეიწყალოს მისი სიკვდილმისჯილი საყვარელი, მაგრამ პასუხად ისმენს: “არ იქნება წყალობა!” სინამდვილეში, შეწყალება იყო მეფის ექსკლუზიური პრეროგატივა, რომელიც როგორც წესი, დაჟინებით მოითხოვდა სასჯელის აღსრულებას. რიშელიეს სისხლიანი რეპუტაცია დიდწილად ამას უკავშირდება, რადგან მისი მინისტრობის დროს სიკვდილით დასაჯეს მრავალი კეთილშობილი და გავლენიანი დიდგვაროვანი: ზოგი შეთქმულებებში მონაწილეობისთვის (შალე, სენ-მარი), სხვები დუელის დროს მკვლელობისთვის (კომტ დე ბუტვილი). როგორც ჩანს, თავად კარდინალი ამჯობინებდა თავისი ოპონენტები გაეგზავნა ბასტილიაში ან გადასახლებაში.

თეგები: კარდინალი რიშელიე, რუხი კარდინალი, წითელი კარდინალი, ჰერცოგი რიშელიე, არმან ჟან დიუ პლესი, ლუი, ანა ავსტრიელი, ლა როშელი, საფრანგეთი, რევოლუცია, მუშკეტერები, მუშკეტერი

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა