ჩვენი თირკმლების “ძვირფასი” ქვები – კონკრემენტები
სამწუხაროდ, ქვებთან მხოლოდ გეოლოგებს ან იუველირებს როდი აქვთ საქმე. თირკმლის ქვები უშალოდ ქირურგებისა და უროლოგების კომპეტენციაა. ეს დაავადება არცთუ ისე იშვიათია, ამასთან ქვები ანუ, როგორც მას მედიკოსები უწოდებენ, კონკრემენტები, სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა. არსებობს – წვრილი, ძაბრისებური და ძალიან მსხვილი, 5-6 სმ დიამეტრის, რომლებიც მთლიანად მოიცავენ თირკმლის ფიალას – ამგვარებს მარჯნისებურს უწოდებენ. ზოგს რამდენიმე თვეში უყალიბდება კონკრემენტი თირკმელში, ზოგსაც – წლების განმავლობაში უკრისტალდება.
მაინც რა არის ამ დაავადების მიზეზი? – თირკმლის შარდგამყოფი შარდსადინარების ფუნქციის მოშლა, რაც ინფექციითაა გამოწვეული; არასწორი კვება, რომელიც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს არღვევს; გენეტიკური ფაქტორი; მინერალური მარილების მაღალი შემცველობის წყლის გამოყენება – ყოველივე ეს თირკმლებში ქვების წარმოშობას უწყობს ხელს.
თირკმლის კონკრემენტების ყველაზე გავრცელებული მასალაა – ოქსალადები, ბოსფატები და ურატები. ხშირად ქვა მხოლოდ ერთ თირკმელში ჩნდება, მაგრამ შესაძლოა ორივეში ერდროულადაც წარმოიქმნას. კონკრემენტები იშვიათად ფიქსირდება ერთ ადგილას, ისინი მოძრაობენ, შარდსადინარს კეტავენ, რასაც ძლიერი ტკივილი, თირკმლის ანთება და ჰიდრონეფროზი მოსდევს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ქირურგიული ჩარევა, შარდის თავისუფლად გამოსვლის უზრუნველსაყოფად.
ვერც დიეტა და ვერც წყალი ვერ დაშლის დაძველებულ კონკრემენტს. ასევე არასასურველია სითხის უხვი სმა – არსებობს რისკი კონკრემენტის “ჩამორეცხვის” და სადმე გაჭედვის. ამჟამად შემუშავებულია ბევრი მეთოდიკა, რაც საშუალებას იძლევა ქვების უკონტაქტო თუ კონტაქტური ხერხით დაშლას. ეს გაცილებით უფრო იოლი მეთოდია, ვიდრე ოპერატიული ჩარევა. ექიმი რენტგენის ან ულტრაბგერის მეშვეობით ქვის ზუსტ ადგილმდებარეობას და ზომას ადგენს, რომლის მიხედვიტაც განისაზღვრება დამრტყმელი ტალღის ინტენსივობა და დრო. კონკრემენტებს ლაზერით ან ულტრაბგერით ანაწევრებენ. სეანსი 30-40 წუთს გრძელდება და, პრაქტიკულად, უმტკივნეულოა.