ცნობილი ძაღლის ჯიშები და მათი მოკლე დახასიათება
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის ადამიანივით განიცდის გრძნობებს“. რაც შეეხება ძაღლებს, ისინი საოცრად გონიერი, ერთგული და მგრძნობიარე არსებებია. მასთან ურთიერთობა კი სასიკეთოდ მოქმედებს ადამიანზე. წინამდებარე სტატიაში მოყვანილია ცნობილი ძაღლის ჯიშები და მათი მოკლე დახასიათება.
დობერმანი (Dobermann) – მეძებარი
სამშობლო – გერმანია.
ჯიშის გაჩენის დრო – XIX საუკუნე.
გამოყენება – კომპანიონი, მოდარაჯე.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 12 წლამდე.
სხვა დასახელება – დობერმან-პინჩერი.
წონა – 30-40 კგ / სიმაღლე – 65-69 სმ.
ელეგანტური, კეთილშობილი, დამჯერი და ენერგიული დობერმანი მსოფლიოში დიდი პოპულარულობთ სარგებლობს. დობერმანს მოკლე, ხშირი, მბზინავი ბალანი აქვს. იგი შეიძლება იყოს ჩალისფერი, მონაცრისფრო-ცისფერი, ყავისფერი, შავი, ამასთან, აუცილებელია ჟანგისფერი ლაქები თვალების ქვეშ, დრუნჩზე, ყელზე, მკერდზე, ყველა თათძე და კუდის ქვეშ. დობერმანს წვრილი, მაგრამ დაკუნთული კისერი აქვს, თავი ამაყად უჭირავს, ნუშისებრი თვალებიდან მხიარულება გამოსჭვივის. დობერმანი კარგი მოდარაჯე და პოლიციელი ძაღლია, გამოირჩევა საოცარი მეგობრულობით და სიმშვიდით. იგი თავისი ოჯახის ერთგულია, უყვარს ბავშვები.
ინგლისური ფოქსჰაუნდი (English Foxhound) – მეძებარი.
სამშობლო – დიდი ბრიტანეთი.
ჯიშის გაჩენის დრო – XV საუკუნე.
გამოყენება – მელაზე ნადირობა.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 11 წლამდე.
წონა – 25-34 კგ / სიმაღლე – 58-69 სმ.
კარგი ხმა, ყნოსვა, ძლიერი აღნაგობა და კეთილგანწყობა სხვა ძაღლების მიმართ ინგლისური ფოქსჰაუნდის „საფირმო“ ნიშნებია. მიუხედავად იმისა, რომ ფოქსჰაუნდი იშვიათად ჰყავთ სახლში, ეს ძაღლი მშვენიერი კომპანიონია. ძლიერი ხმის და კარგი ყურადღების გამო ფოქსჰაუნდი კარგი მოდარაჯეა. ეს კეთილი, ერთგული და მშვიდი ძაღლია, მიუხედავად იმისა, რომ ძნელად იწვრთნება. მას ასევე ძლიერად აქვს განვითარებული პატარა ცხოველების (მელას ტოლი) დევნის და მოკვლის ინსტიქტი. ინგლისური ფოქსჰაუნდი შეიძლება იყოს ორფეროვანი (წითური და თეთრი) ან სამფეროვანი (შავი, წითური, თეთრი).
პიტ-ბულტერიერი (Pit Bull Terrier) – ტერიერი.
სამშობლო – აშშ.
ჯიშის გაჩენის დრო – XIX საუკუნე.
გამოყენება – მებრძოლი / კომპანიონი.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 12 წლამდე.
სხვა დასახელება – პიტ-ბული.
წონა – 14-36 კგ / სიმაღლე – 46-56 სმ.
დღეისდღეობით ამ სახეობის ძაღლების მარტო სახელის ხსენება ისტერიას იწვევს. ეს გამოწვეულია იმით, რომ პიტ-ბული წარსულში მებრძოლი ძაღლი იყო, დღეს კი ზოგიერთი პატრონი გაწვრთნის უხეშ ფორმებს მიმართავს, რის შედეგად ძაღლი ნებისმიერ მომენტში მზად არის თავს დაესხას სხვა ცხოველს და ადამიანსაც კი. აქვე ავღნიშნავთ, რომ პიტ-ბულტერიერების უმრავლესობა (თუ ლეკვობიდან მიაჩვევთ პატრონის ბრძანების შესრულებას) ალერსიანი და გულღია შინაური ცხოველია. პიტ-ბულის ბალნის ფერი ნებისმიერია. პატარა, ოვალური თვალები მშვიდად იცქირება. აქვს მოკლე, ხშირი, აბრეშუმივით (მაგრამ არ ბზინავს) ბალანი.
ინგლისური ბულდოგი (Bulldog) – მეცხვარე/მოდარაჯე.
სამშობლო – დიდი ბრიტანეთი.
ჯიშის გაჩენის დრო – XIX საუკუნე.
გამოყენება – ხარებთან ბრძოლა / კომპანიონი.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 7-9 წელი.
სხვა დასახელება – ბულდოგი.
წონა – 23-25 კგ / სიმაღლე – 31-36 სმ.
ბულდოგებმა წინაპრებთან შედარებით მკვეთრად შეიცვალეს ფუნქცია, ხასიათი და გარეგნული იერი. ძლიერი და გამბედავი ბულდოგი ნადირობისთვის იდეალურ ძაღლად ითვლებოდა. ის უშიშრად ებრძოდა ხარს და ყურადღებას არ აქცევდა მიყენებულ ჭრილობებს. დღევანდელი გულკეთილი ძაღლები კი გამოფენისთვის გამოიყვანეს. ინგლისური ბულდოგი დიდებული კომპანიონია. მისი ფერი მრავალგვარია, ბეწვი თხელია, მოკლე, ხშირი და რბილი. ტუჩები ქვედა ყბაზეა გადმოფენილი.
ბასეტ-ჰაუნდი (Basset Hound) – მეძებარი.
სამშობლო – საფრანგეთი.
ჯიშის გაჩენის დრო – XVI საუკუნე.
გამოყენება – მონადირე / კომპანიონი / მოდარაჯე.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 12 წლამდე.
სხვა დასახელება – ბასეტი.
წონა – 18-27 კგ / სიმაღლე – 33-38 სმ.
ხშირად – ჯიუტი, მაგრამ ჩვეულებრივ – ალერსიანი და გულკეთილი ბასეტი, ოდესღაც მშვენიერი მონადირე ძაღლი იყო. გრძელი ყურები სუნის აღებაში ეხმარებოდა, განსაკუთრებით ნესტიან დილას. ტიპიური, ოთახის ბასეტი მძიმე, გრძელი და დაბალტანიანი ძაღლია. დღეს ბასეტი ანიმატორების და რეკლამის სპეციალისტების ნებიერაა. აშშ-ში მულტპერსონაჟი ფრედ ბასეტი მხიარული გულკეთილობის სიმბოლოა. ბასეტ-ჰაუნდის ფერი მოწითალო-ამლაკია ან სამფეროვანი (შავი, წითური, თეთრი). მას კეთილი თვალები, დიდი და გრძელი თავი, მსხვილი კუდი აქვს.
ჰარიერი (Harrier ) – მეძებარი.
სამშობლო – დიდი ბრიტანეთი.
ჯიშის გაჩენის დრო – შუა საუკუნეები.
გამოყენება – მონადირე / კომპანიონი.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 12 წლამდე.
წონა – 22-27 კგ / სიმაღლე – 46-56 სმ.
პირველი ცნობები ბრიტანულ ჰარიერზე 1260 წლით თარიღდება. XX საუკუნეში სამშობლოში ეს ჯიში თითქმის ამოწყდა, მაგრამ შემდეგ აღორძინდა, ასე რომ, დღევანდელი ჰარიერი, მშვენიერი მონადირეა მელაზე, იგი ბიგლის და ფოქსჰაუნდის საუკეთესო თვისებების მატარებელია. ჰარიერი მშვენიერი კომპანიონია და ალბათ, დროთა განმავლობაში ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში უსაყვარლესი ოთახის ძაღლი გახდება. ჰარიერის ფერი მრავალგვარია. თითქმის ოვალურ ყავისფერ თვალებს კარგი მხედველობა ახასიათებს. ბალანი მოკლეა.
ავღანი (Afghan Hound) – მწევარი.
სამშობლო – ავღანეთი.
ჯიშის გაჩენის დრო – XVII საუკუნე.
გამოყენება – მონადირე / მოდარაჯე / კომპანიონი.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 13-17 წელი.
წონა – 20-27 კგ / სიმაღლე – 64-74 სმ.
ალბათ, არ არსებობს სხვა ჯიში, რომელიც სილამაზით, ელეგანტურობით და ღირსებით ავღანს შეედრება. ავღანი, რომელსაც დასავლეთში მხოლოდ გარეგნობის გამო (და არა სამუშაოდ) ამრავლებენ – საგამოფენო ძაღლია, რომელიც ნებისმიერ გარემოს დახვეწილობას სძენს. უნდა ითქვას, რომ ეს მშვენიერი, ჭკვიანი ცხოველი ჯერ კიდევ გამოიყენება ცხვრების და თხების სადარაჯოდ და მგლებზე და მელიებზე სანადიროდ. ხშირი, გრძელი ბალანი ავღანს სიცივისაგან იცავს, თუმცა ყოველდღე დავარცხნა და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მალე ითელება. ავღანი გამოირჩევა დამოუკიდებლობით და ამიტომ ძნელად იწვრთნება და პატარაობიდანვე ფაქიზი მოპყრობა სჭირდება. ავღანის ბალნის ფერი ნებისმიერია, მუქი-ოქროსფერი თვალები კი თითქმის სამკუთხედია.
ინგლისური პოინტერი (Pointer) – მონადირე.
სამშობლო – დიდი ბრიტანეთი.
ჯიშის გაჩენის დრო – XVII საუკუნე.
გამოყენება – მონადირე / კომპანიონი.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 12-13 წელი.
სხვა დასახელება – პოინტერი.
წონა – 20-30 კგ / სიმაღლე – 61-69 სმ.
პოინტერის თავდაპირველი დანიშნულება არ შეესაბამება მის მოსიყვარულე ხასიათს და ცხოვრებისადმი ფილოსოფიურ დამოკიდებულებას. კურდღილს აღმოჩენისას პოინტერი უნდა გაჩერებულიყო, რათა შეშინებულ ნადირს გრეიჰაუნდები დასწეოდნენ. თანდათან გამოყვანილ იქნა დამჯერი, კეთილშობილი, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე ძაღლი. პოინტერის რბილი ხასიათი მას იდეალურ კომპანიონად ხდის. პოინტერის ჯიში დიდ ბრიტანეთში გამოიყვანეს. მისი ბალანი მოკლეა, მბზინავი, შეიძლება იყოს ლიმონისფერი თეთრით, წითური თეთრით, შავი თეთრით. ოდნავ აწეული ცხვირი აადვილებს სუნის აღებას.
ჯეკ-რასელ-ტერიერი (Jack Russell Terrier) – ტერიერი.
სამშობლო – დიდი ბრიტანეთი.
ჯიშის გაჩენის დრო – XIX საუკუნე.
გამოყენება – ვირთხებზე მონადირე / კომპანიონი.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 13-14 წელი.
სხვა დასახელება – ჯეკ რასელის ტერიერი.
წონა – 4-5 კგ. / სიმაღლე – 25-26 სმ.
დაუდგრომელი, ხალისიანი ჯეკ-რასელ-ტერიერი – ენერგიის, ნერვების და კუნთების ერთობლიობაა. სოფლებში და პატარა ქალაქებში პოპულარული ეს ტერიერი კბენს და აგრესიას ავლენს ნებისმიერი მოძრავი ობიექტის მიმართ (ადამიანის ჩათვლით). ჯეკ-რასელების უმრავლესობას ძალიან უყვარს თამაში და ძალიან ალერსიანი და კეთილგანწყობილია როგორც პატრონის, ასევე უცნობი ადამიანების მიმართ. ჯეკ-რასელი ძალიან პოპულარულია დიდ ბრიტანეთში. იგი გამოიყვანეს ვირთხების განადგურების მიზნით და დღესაც არ დაუკარგავს მონადირის ინსტიქტი. ჯეკ-რასელ-ტერიერის ფერი შეიძლება იყოს თეთრი ყავისფრით, თეთრი შავით, სამფეროვანი (შავი, თეთრი, ყავისფერი).
დალმატინელი (Dalmatian) – კომპანიონი.
სამშობლო – ბალკანეთი / ხორვატია.
ჯიშის გაჩენის დრო – შუა საუკუნეები.
გამოყენება – მონადირე / კომპანიონი.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 12 წლამდე.
წონა – 23-25 კგ. / სიმაღლე – 50-61 სმ.
თუმცა დღეისდღეობით დალმატინელი მხოლოდ კომპანიონია, მრავალი საუკუნის განმავლობაში მას ნადირობისას, ცხვრების სამწყემსად და წვრილი მავნებლების გასანადგურებლად იყენებდნენ. მოგვიანებით დალმატინელი ცირკში გამოდიოდა. მექანიზებული ტრანსპორტის გაჩენამდე დალმატინელები „ეტლის ძაღლები“ იყვნენ. ისინი ეტლის წინ და გვერდით მირბოდნენ და დასახლებულ ადგილებში ეკიპაჟისთვის გზას ათავისუფლებდნენ. დალმატინელი თითქმის ყოველთვის მეგობრულად არის განწყობილი. დალმატინელის ბალანი მოკლეა, უხეში, ხშირი და მბზინავი, იგი შეიძლება იყოს თეთრი ყავისფერით და თეთრი შავით. თვალები მრგვალია.
გერმანული ნაგაზი (German Shepherd) – მეცხვარე/მოდარაჯე.
სამშობლო – გერმანია.
ჯიშის გაჩენის დრო – XIX საუკუნე.
გამოყენება – მოდარაჯე/კომპანიონი/ინვალიდების დამხმარე.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 12-13 წელი.
წონა – 34-43 კგ. / სიმაღლე – 55-66 სმ.
ჯერ კიდევ ისტორიკოსი ტაციტი წერდა „მგლის მსგავს ძაღლზე რეინის მიმდებარე მიწებიდან“. სრულიად შესაძლებელია, რომ გერმანული ნაგაზი და მისი ახლომონათესავე ჰოლანდიური და ბელგიური ნაგაზები დღევანდელი სახით ჯერ კიდევ ათასი წლის წინ არსებობდნენ. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის გერმანული ნაგაზი ძალიან პოპულარული გახდა გერმანიაში და მალე მთელს მსოფლიოში გავრცელდა. გერმანული ნაგაზის ნუშისებრი თვალები შედარებით ღრმად არის განლაგებული, კუდი გრძელი ბეწვით არის დაფარული. მშვიდ მდგომარეობაშიც კი ძაღლს ყურადღება გამახვილებული აქვს და ენერგიით არის სავსე.
კანე კორსო (Cane Corso) – მეცხვარე/მოდარაჯე.
სამშობლო – იტალია (სიცილია).
ჯიშის გაჩენის დრო – XVII საუკუნე.
გამოყენება – მოდარაჯე / კომპანიონი.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 9-11 წელი.
სხვა დასახელება – კანე, მაჩელაიო, ბრანჩიერო.
წონა – 36-63 კგ. / სიმაღლე – 56-71 სმ.
კორსო კლასიკური მასტიფია. სხვა მასტიფებისგან იმით განსხვავდება, რომ კანი ნაოჭიანი არ აქვს. ძლიერი ძაღლია. კანე კორსო შეიძლება აგრესიული იყოს უცხო პირების მიმართ და ამიტომ ოჯახში ცხოვრებისთვის შესაგუებლად სერიოზული გაწვრთნა სჭირდება. კარგად გაწვრთნილი კორსო – დამჯერი და საიმედო კომპანიონია. ამ ძაღლებს ქუჩაში ცხოვრება შეუძლიათ და ძლიერი ფიზიკური დატვირთვა სჭირდებათ. კანე კორსოს ბალანი ხშირია, მოკლე და უხეში. მისი ფერი შეიძლება მრავალგვარი იყოს.
ტაკსა (Dachshund) – ტერიერი.
სამშობლო – გერმანია.
ჯიშის გაჩენის დრო – XX საუკუნე.
გამოყენება – კომპანიონი.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 14-17 წელი.
სხვა დასახელება – ცვერგტაკსა.
წონა – 4-11 კგ. / სიმაღლე – 13-25 სმ.
ტაკსების თავდაპირველი დანიშნულება აისახა მათ გერმანულ სახელწოდებაში Dachshund („მაჩვის ძაღლი“). ბოლო 100 წლის მანძილზე ტაკსებს აშენებდნენ მიწისქვეშ მაჩვზე, მელაზე და კურდღელზე სანადიროდ. შესაბამისი იყო მისი ზომები: დიდი (სტანდარტული) ზომის ტაკსა მელაზე და მაჩვზე ნადირობდა, მინიატურული სახესხვაობა – ბოცვერზე. დღეისდღეობით ტაკსა – მშოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ძაღლი – ძირითადად სახლის პირობებში ჰყავთ. ტაკსას აქვს მოკლე, ხშირი, მბზინავი ბალანი, ოვალური თვალები. ტაკსების ფერი მრავალგვარია.
ირლანდიური სეტერი (Irish Setter) – მონადირე.
სამშობლო – ირლანდია.
ჯიშის გაჩენის დრო – XVIII საუკუნე.
გამოყენება – კომპანიონი.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 12-13 წელი.
სხვა დასახელება – ირლანდიული წითელი სეტერი.
წონა – 27-32 კგ. / სიმაღლე – 64-69 სმ.
სამშობლოში, ირლანდიაში, ამ სეტერს ოდესღაც „Modder rhu“-ს („წითელი ძაღლი“), ასევე წითელ სპანიელს ეძახდნენ. ენერგიული და სიცოცხლით სავსე ირლანდიული სეტერი კარგად ეგუება ოჯახში ცხოვრებას, არ სჭირდება დიდი ფიზიკური დატვირთვა. ირლანდიული სეტერი ძალიან ენერგიული და მხიარულია. იგი დაუღალავად დარბის პარკებში და მინდვრებზე, ამის გამო მას დაუმსახურებლად თვლიან თავქარიან ძაღლად. ირლანდიული სეტერის ბალანი გრძელია და აბრეშუმისებრი. ნუშისებრ თვალებს გულკეთილი გამოხედვა ახასიათებს.
გერმანული დოგი (Great Dane) – მეცხვარე/მონადირე.
სამშობლო – გერმანია.
ჯიშის გაჩენის დრო – შუა საუკუნეები/XIX საუკუნე.
გამოყენება – მონადირე/მოდარაჯე/კომპანიონი.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 9-10 წელი.
სხვა დასახელება – გერმანული მასტიფი, დოგი.
წონა – 46-54 კგ. / სიმაღლე – 71-76 სმ.
მედიდური, მაგრამ ნაზი და მოსიყვარულე დოგი – გერმანიის ნაციონალური ძაღლია. მისი წარმოშობა დაკავშირებულია ევროპაში ალანებთან ერთად მოხვედრილ ძაღლებთან. ამ მებრძოლ მასტიფებს, ალბათ, გრეიჰაუნდებთან აჯვარებდნენ, რის შედეგადაც წარმოიშვა დახვეწილი და გაწონასწორებული თანამედროვე ძაღლი. გერმანულ დოგს აქვს მოხლე, ხშირი ბალანი, იგი შეიძლება იყოს ჩალისფერი, შავი, ცისფერი, მარმარილოსფერი (არლეკინი), ვეფხვისებრი შეფერილობის. ლამაზ კისერზე კანი მჭიდროდ ეკვრის, თვალები საშუალო ზომისაა. კუდი გრძელია და ბოლოსკენ ვიწროვდება.
სენბერნარი (St. Bernard (dog)) – მეცხვარე/მოდარაჯე.
სამშობლო – შვეიცარია.
ჯიშის გაჩენის დრო – შუა საუკუნეები.
გამოყენება – კომპანიონი.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 9-11 წელი.
სხვა დასახელება – ალპური მასტიფი.
წონა – 50-91 კგ. / სიმაღლე – 61-71 სმ.
ჯერ კიდევ შეიძლება შევიტანოთ ეჭვი იმაში, რომ სენბერნარები დაკავებულები იყვნენ ალპებში თოვლის ქვეშ მოყოლილი მოგზაურების გადარჩენით, მაგრამ ამ აზრმა ღრმად გაიდგა ფესვები ადამიანის გონებაში. ბერნარდელების თავშესაფარში სიმპათიური ძაღლები XVII საუკუნიდან ჰყავდათ. ბერები მათ ტვირთის გადასაზიდად და თოვლში გზის გასაკვალად იყენებდნენ. დღევანდელი გულკეთილი, ძლიერი და დაკუნთული გიგანტიც კოლოსალური ზომისაა, რის გამოც მისი ყოლა ყველა სახლში შესაძლებელი არ არის. სენბერნარის ბალანიხშირია. იგი შეიძლება იყოს ღია წიური, წითური თეთრით, ყავისფერი წითურით. მუქი ყავისფერი თვალები მეგობრულად იყურება.
მოპსი (Pug) – კომპანიონი.
სამშობლო – ჩინეთი.
ჯიშის გაჩენის დრო – ანტიკური ხანა.
გამოყენება – კომპანიონი.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 13-14 წელი.
წონა – 6-8 კგ. / სიმაღლე – 25-28 სმ.
მოპსის თავისებური გარეგნობა აქვს, მაგრამ თუ შეეჩვევით, სრულიად ჩვეულებრივ ძაღლად მოგეჩვენებათ. მოჩხუბარი და ინდივიდუალისტი მოპსები მეტისმეტად ჯიუტები და თვითნებურნი არიან. მოპსი დამოუკიდებელი და მედგარია, მან ყოველთვის იცის, რა უნდა და თავისას ნებისმიერ ფასად მიაღწევს. დაკუნთული და კომპაქტური სხეული, ბრტყელი დრუნჩ და თვალები, რომლებსაც არ ახამხამებს – ყველაფერი ეს მოპს საკმაოდ მრისხანე ძაღლის იერს ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ მოპსის მტკიხე ნებისყოფა და ბევრი ენერგია აქვს, იშვიათად არის აგრესიული. ამ ძაღლებს ძალიან უყვართ თავისი პატრონები და საკმაოდ თავშესაქცები და ღირსეული კომპანიონები არიან. მოპსის ბალანი შეიძლება იყოს ვერცხლისფერი, გარგარისფერი, შავი. მოკლე დრუნჩი რრმა ნაოჭებით არის დაფარული. თვალები დიდი, მუქი და ამობურცულია. ყურები პატარა და ხავერდოვანია.
კავკასიური ნაგაზი (Caucasian Shepherd Dog) – მეცხვარე/მოდარაჯე.
სამშობლო – კავკასია.
ჯიშის გაჩენის დრო – შუა საუკუნეები.
გამოყენება – პირუტყვის დაცვა / მოდარაჯე.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 9-11 წელი.
წონა – 45-70 კგ. / სიმაღლე – 64-72 სმ.
ეს დიდი და ძლიერი ძაღლი პოპულარულია ყოფილ საბჭოთა კავშირში, პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხეთში და სლოვაკეთში, თუმცა მას სულ უფრო იშვიატად იყენებენ დანიშნულების მიხედვით – ცხვრის დასაცავად. კავკასიური ნაგაზი გერმანიაში 1960-იან წლებში მოხვდა, აქ ის საზღვარს იცავდა ბერლინის კედელთან.1989 წელს, როდესაც კედელი დაინგრა, 7000 საპატრულო ძაღლისგან შემდგარი ჯგუფი დაიშალა. ცხოველების უმრავლესობამ ახალი ოჯახი შეიძინა და მთელ გერმანიაში გადანაწილდა. რუსეთში და კავკასიის ქვეყნებში უნიკალური თვისებების მქონე ამ ძაღლებს წარმატებით იყენებენ ფარის დასაცავად და სადარაჯოდ. კავკასიური ნაგაზის ბალანი ხშირი და მკვრივია, მისი ფერი მრავალგვარია. კუდი ფაფუკია. საშუალო ზომის მუქ თვალებს კარგი მხედველობა ახასიათებს.
ლაბრადორ რეტრივერი (Labrador Retriever) – მონადირე.
სამშობლო – დიდი ბრიტანეთი.
ჯიშის გაჩენის დრო – XIX საუკუნე.
გამოყენება – მონადირე/კომპანიონი/ინვალიდის დამხმარე.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 12-13 წელი.
სხვა დასახელება – ლაბრადორი.
წონა – 25-34 კგ. / სიმაღლე – 54-57 სმ.
უბადლო მოცურავე, დაუღალავი მშრომელი, გულკეთილობის და ერთგულების ნიმუში – რა ეპითეტები არ დაუმსახურებია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ოთხფეხა მეგობარს! ოდესღაც ლაბრადორები (labrador retriever) თავდაუზოგავად შრომობდნენ კუნძულ ნიუფაუნდლენდის ყურეებით მდიდარ სანაპიროზე (დღეს კანადის ტერიტორიას ეკუთვნის), სადაც მეთევზეებთან ცურვით მიჰქონდათ თევზით სავსე ბადეები. დღეისდღეობით ეს გამობრძმედილი ძაღლი ოთხფეხა მეგობრის იდეალია. ლაბრადორს მოკლე ბალანი აქვს, რომელსაც წლის განმავლობაში ორჯერ იცვლის. ბეწვი არ ატარებს წყალს, რაც მას შესანიშნავ მოცურავედ აქცევს. ლაბრადორი შეიძლება იყოს ყვითელი, შოკოლადისფერი ან შავი. ღია-ყავისფერ, საშუალო ზომის თვალებს რბილი, გულკეთილი გამოხედვა ახასიათებს.
ჩიხუახუა (Chihuahua (dog)) – კომპანიონი.
სამშობლო – მექსიკა.
ჯიშის გაჩენის დრო – XIX საუკუნე.
გამოყენება – კომპანიონი.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 13-14 წელი.
სხვა დასახელება – ჩიუაუა.
წონა – 1-3 კგ. / სიმაღლე – 15-23 სმ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩიხუახუა პატარა და ნაზი არსებაა, დიდი გულადობით გამოირჩევა. სახელწოდება მექსიკური შტატის მიხედვით მიიღო, საიდანაც პირველად მოხვდა ჯერ შეერთებულ შტატებში, შემდეგ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ამ ჯიშთან ბევრი ლეგენდა არის დაკავშირებული, თუმცა მათი უმრავლესობა საკამათოა. უტყუარია ის ფაქტი, რომ ჩიხუახუა ოთახის ძაღლია. სიოს ოდნავი დაბერვისგან კანკალებს და თავს გაცილებით უკეთ პატრონის მუხლებზე გრძნობს. გრძელბალნიანი სახესხვაობა უფრო გამძლეა სიცივის მიმართ. ჩიხუახუა სახლში სიმყუდროვეს და სიმშვიდეს ქმნის. ჩიხუახუას ბალნის ფერი ნებისმიერი შეიძლება იყოს. თავის ქალა თითქმის ბურთისებრი ფრომისაა. აქვს დიდი, მჭერმეტყველი თვალები და პატარა სიმპათიური პირი.
როტვეილერი (Rottweiler) – მეცხვარე/მოდარაჯე.
სამშობლო – გერმანია.
ჯიშის გაჩენის დრო – 1820-იანი წლები.
გამოყენება – კომპანიონი/პოლიციელი ძაღლი/მოდარაჯე.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 11-12 წელი.
წონა – 41-50 კგ. / სიმაღლე – 58-69 სმ.
როტვეილერი ძლიერი სხეულის და ყბების მქონე ძაღლია. იგი შეიძლება იყოს არაჩვეულებრივი დამცველი. დღეს ეს ლამაზი, ძლიერ შთამბეჭდავი, ტახზე მონადირე ძაღლი მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს, როგორც კომპანიონი და მოდარაჯე, როტვეილერის გაწვრთნა ადვილია, მაგრამ ზოგჯერ გაღიზიანებას ავლენს. როტვეილერი გამოიყვანეს როტვეილში (სამხრეთ გერმანია) XIX საუკუნეში. მას სამწყემსად და სადარაჯოდ იყენებდნენ. როტვეილერის ბალანი უხეშია და მჭიდროდ ეკვრის სხეულს. უკანა ფეხები წინაზე გრძელია, კისერი კი მრგვალია და დაკუნთული. ძლიერ ყბებს კარგი კბილები ამშვენებს. როტვეილერი კარგი მოდარაჯეა.
ბულტერიერი (Bull Terrier) – ტერიერი.
სამშობლო – დიდი ბრიტანეთი.
ჯიშის გაჩენის დრო – XIX საუკუნე.
გამოყენება – მებრძოლი ძაღლი/კომპანიონი.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 11-13 წელი.
სხვა დასახელება – ინგლისური ბულტერიერი.
წონა – 24-28 კგ. / სიმაღლე – 53-56 სმ.
ბულტერიერის ჯიში გამოიყვანა ჯეიმს ჰიკსმა ქალაქ ბირმინგემიდან (ინგლისი) ბულდოგის და დღეს უკვე გადაშენებული თეთრი იგლისური ტერიერის შეჯვარებით. ბულტერიერი კეთილგანწყობილია ადამიანის მიმართ და ძაღლის სხვა ჯიშებთან შედარებით იშვიატად იკბინება. მაგრამ, თუ ბულტერიერმა გადაწყვიტა, დაკბინოს მოწინააღმდეგე, მის კბილებს საშინელი დაზიანების მიყენება შეუძლია – მსხვერპლისგან ძაღლის მოცილება ძალიან ძნელია. ბულტერიერის ბალნის ფერი შეიძლება იყოს თეთრი, მოყვითალო-მოყავისფრო, წითური, სამფეროვანი (შავი, წითური, თეთრი), ვეფხვის შეფერილობის მსგავსი.
ბოქსიორი (Boxer (dog)) – მეცხვარე/მოდარაჯე.
სამშობლო – გერმანია.
ჯიშის გაჩენის დრო – 1850-იანი წლები.
გამოყენება – მოდარაჯე/მებრძოლი/კომპანიონი.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 11-12 წელი.
სხვა დასახელება – გერმანული ბოქსიორი.
წონა – 25-32 კგ. / სიმაღლე – 53-63 სმ.
ხმაურიანი, თავდაჯერებული ბოქსიორი გერმანიაში გაჩნდა. ეს არის აქტიური, ძლიერი და მხიარული ცხოველი. ბოქსიორი იდეალური ძაღლია ოჯახში ცხოვრებისთვის, მაგრამ თავისი, ლეკვისთვის დამახასიათებელი ყოფაქცევის (რომელსაც იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებს) და შედარებით დიდი ზომების გამო, ზოგჯერ არეულობა შეაქვს სახლში. ეს დაკუნთული, საშიში შესახედაობის ძაღლი სახლის არაჩვეულებრივი დამცველია და ამავე დროს, ბავშვების მიმართ ალერსიანობით გამოირჩევა. ბოქსიორი შეიძლება იყოს წითური (თეთრით), ვეფხვისებრი. ბალანი მოკლეა, მბზინავი და გლუვი. დანაოჭებული წარბები დაძაბული ყურადრების შთაბეჭდილებას ტოვებს. შავი ცხვირი ოდნავ ზევით არის აპრეხილი. შავად შეფერილი დრუნჩი საერთო ფონზე მკაფიოდ გამოირჩევა.