რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

კოლიზეუმი: რომის იმპერიის სიდიადის სიმბოლო

კოლიზეუმი, ძველი რომი, რომის იმპერია

რომის იმპერიის დიდებული არქიტექტურილი ძეგლი და მსოფლიოს უდიდესი ამფითეატრი, ნახევრად დანგრეული კოლიზეუმი დღესაც კი, ცათამბრჯენებისა და საინჟინრო საოცრებების ეპოქაში, თამბრუდამხვევი სილამზით გვაოცებს. იმპერატორების ბრძანებით გლადიატორების სასიკვდილო ბრძოლებისთვის, დანმაშავეების სასტიკად დასჯისა და ქრისტიანების წამებისთვის აშენებული სცენა ძველი რომის სიძლიერის სიმბოლო და მისი არქიტექტურული მიღწევების გვირგვინია.

კოლიზეუმი ფორუმის აღმოსავლეთით, ფეხით სვალ გზაზე, რომის შუაგულში, 64 წლის რომის ხანძრის შემდეგ იმპერატორ ნერონის ბრძანებით გაშენებული დიდი ბაღისა და ხელოვნური ტბის მახლობლაბლად დგას. როცა 69 წელს იმპერატორი ვესპასიანე გახდა, მან საძულველი წინამორბედის ხსოვნის წაშლა მოინდომა და კოლიზეუმი რომის მოსახლეობას მიუძღვნა, ხოლო ნერონის პირადი სიამოვნებისთვის აგებული ვილა საზოგადოებრივ არენად გადააკეთა. მშენებლობა 70 წელს დაიწყო და 10 წლის შემდეგ, ტიტუსის ზეობის პერიოდში დასრულდა.

დასრულებული კოლიზეუმი ანუ „ფლავიუსების ამფითეატრი“ (ვესპსიანე ფლავიუსების დინასტიის პირველი იმპერატორი იყო) 189 მ სიგრძისა და 156 მ სიგანის იყო. მისი კამაროვანი ფასადის სიმაღლე 48 მეტრს აღწევს, ხოლო გარშემოწერილობა – 545 მეტრს. იარუსებად განლაგებულ დასაჯდომ ადგილებზე 50000 ადამიანი ეტეოდა. საიმპერატორო ტრიბუნა ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობდა, ხოლო ვესტას ქალწული ქურუმებისა – სამხრეთ მხარეს. რომის მოქალაქეები სოციალური ფენის მიხედვით იკავებდნენ ადგილებს: სენატორები მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილებზე სხდებოდნენ, მათ ზემოთ კი – დიდგვაროვნები და მდიდრები. ჩვეულებრივი მოქალაქეები ყველაზე მაღალ იარუსზე, მოედნიდან შორს იკავებდნენ ადგილს.

კოლიზეუმში ათი ათასობით რომაელის თვალწინ ყოველთვის შემაძრწუნებელი წარმოდგენები იდგმებოდა. იმპერიის ყველაზე მიყრუებული კუთხეებიდან მარტორქები, სპილოები, ლომები, დათვები და ნიანგები მოყავდათ და პროფესიონალ გლადიატორებთან თუ შეშინებულ დამნაშავეებსა და ქრისტიანებთან არკინებდნენ. 107 წლის სამხედრო წარმატების უკვდავსაყოფად იმპერატორმა ტრაიანემ 123-დღიანი ხოცვა-ჟლეტის გამართვა ბრძანა. სისხლიან თამაშებში 10000 გლადიატორი და 11000 ცხოველი მონაწილეობდა.

დღეს კოლიზეუმი ნახევრად დანგრეულია. მისი არენა VI საუკუნიდან აღარ გამოუყენებიათ. შუა საუკუნეებში ქვების დიდი ნაწილი სხვა სამშენებლო პროექტებისთვის წაირეს. ძლიერ დააზიანა 1349 წლის მიწისძვრამაც. მიუხედავად ამისა, მისი დანგრეული კედლები და გაშიშვლებული გვირაბებისა თუ საკნების ლაბირინთი რომის არქიტექტურული და საინჟინრო გენიისა და იმავდროულად მისი ცივილიზაციის სისასტიკის თვალსაჩინო ნიმუშია.

ჩანართი: მისი თითქმის დანგრეული ფასადი I საუკუნეში ტრავენტინით იყო მოპირკეთებილი. მას 80 შესასვლელი ჰქონდა. იმპერატორი და ვესტას ქალწული ქურუმები პირადი შესასვლელებით სარგებლობდნენ. (კოლიზეუმი)
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა