დ. ჰ. ლოურენსი / ფსიქოანალიზი და არაცნობიერი

ფსიქოანალიზმა სიურპრიზების მთელი რიგი შემოგვთავაზა. ჩვენი გაოცებული მზერის წინაშე გადაიშალა შეხედულებების მძვინვარე ევოლუცია, რაც სულაც არ ხდება მისი გავლენის გარეშე. და ჩვენ, არცთუ მალე, აღარ გაგვიკვირდება, რომ ის, ვინც გუშინ ერთს ამბობდა, დღეს სრულიად მის საპირისპიროს ამტკიცებს.
ვერც კი მოვასწარით ფსიქიატრიის შამანების მანიპულაციებს შევჩვეოდით, (იმას, თუ როგორ მძვინვარედ და დაუცხრომლად ეძებენ ისინი ყველგან სექსის გველს, ნებისმიერი ჩვენი ქმედებისა და საქციელის ფესვებს რომ შემოხვევია გარს), ვერ მოვასწარით გვეგრძნო უხერხულობა ჩვენში ჩამალული ფარული კომპლექსების გამო, რომ მაშინვე სცენაზე გამოვიდნენ ბატონი ფსიქიატრები „წმინდა ფსიქოლოგიის“ თეორიით. შვებით ამოისუნთქა მედიკოსთა საძმომ, ყველა იმ მკურნალმა, რომლებიც ამასწინანდელი თერაპევტული ინოვაციებისაგან ფართხალებდნენ და ტრიალებდნენ, როგორც გველთევზები ტაფაზე. ახლა ისინი, გაბოროტებულები, ემზადებიან იმის დასაკვირვებლად, თუ როგორ მოიქცევიან პროფესიონალი ფსიქოლოგები, როცა მიწა დაიწვება მათ ფერხთქვეშ. მაგრამ, ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.
უკვე ეთნოლოგის ყურებში ჟღერს, ფილოსოფოსს პულსი უჩქარდება, გაღიზიანებულმა მორალისტმა კი იგრძნო, რომ ვალდებულია ჩხუბში ჩაებას, რადგან იმ დროისათვის, როცა მან ეს იგრძნო, ფსიქოანალიზი მართლაც რომ საფრთხედ იქცა საზოგადოებრივი მორალისათვის. მასები აფორიაქდნენ. ოიდიპოსის კომპლექსი დიასახლისების ყოველდღიური სალაპარაკო თემა გახდა, ინცესტი სუფრასთან სამეტყველო პრაქტიკაში დამკვიდრდა, სამოყვარულო ფსიქოანალიზი კი – მოდის უკანასკნელ სიტყვად იქცა.
– დაიცადე, ფსიქოანალიზის მეთოდით ყველაფერს გავარკვევ შენ შესახებ, – ეუბნება ერთი კაცი მეორეს სხვადასხვა ინტონაციით. ავისმომასწავებელი მზერით გიყურებენ თვალები „განდობილისა“ – ცნობილის თუ უცნობის – ფროიდისტული მზერა. ის გპოულობთ ყველგან, სადაც არ უნდა ეცადოთ დამალვას.
თვითონ, ფსიქოანალიტიკოსებმა მშვენივრად იციან საითკენ ისწრაფიან, საითკენ მიჰყავთ საქმე. თავდაპირველად, ისინი ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრნენ, როგორც ექიმები და მკურნალები, შემდეგ გათამამდნენ – ავტორიტეტი დაიმკვიდრეს მეცნიერებაში, მოგვიანებით კი, მოციქულებად იქცნენ. განა, გამუდმებით არ გვესმის და არ ვხედავთ ყველგანმყოფ იუნგს, „მარადიულ ჭეშმარიტებებს“ რომ გვიქადაგებს?! განა, აუცილებელია, წინასწარმეტყველი იყო რათა დაინახო ფროიდი უკვე ზღურბლთან რომ დგას იმისა, რასაც ეწოდება „მსოფლმხედველობა“ ან, სულ ცოტა „შეხედულება ადამიანზე“ მაინც, რომელიც სინამდვილეში კიდევ უფრო სახიფათოა?
რა უშლის მას ხელს ამ ზღურბლს გადააბიჯოს?! ორი რამ: პირველი – მორალური მხარე და მეორე, – გაცილებით მნიშვნელოვანი – მას ვერ მიუგნია იმ ქვაკუთხედისთვის, რომელზეც უნდა ააშენოს თავისი ეკლესია.
თავად განსაჯეთ. გაჩნდა ახალი დოქტრინა – სწორედ რომ დოქტრინა, ოდნავაც არანაკლები. ის მალულად შემოიპარა ჩვენს ცხოვრებაში და მას მცირე დოზებით შეგვაჩვიეს, როგორც ნარკოტიკს. საკუთარ თავს უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენს დეკადენტურ საზოგადოებაში მღვდლები ექიმებმა შეცვალეს და კიდევ უფრო უარესი – მათი ახალი დოქტრინა ჩვენთვის პანაცეად იქცა. ჰოდა, ფსიქოანალიზმა მთლიანად გამოიყენა ის შესაძლებლობა, რომელიც ასეთმა მდგომარეობამ მისცა.
და, აქ პირველი და მთავარი საკითხია მორალის საკითხი. ჩვენ არ ვგულისხმობთ მორალის რეფორმას ან რაღაც ახალ მორალურ ფასეულობებს. ლაპარაკია მორალის, როგორც ასეთის, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე. წამყვან ფსიქოანალიტიკოსებს მშვენივრად ესმით რაზე აღმართეს ხელი, მაშინ, როცა მათი მიმდევრების უმრავლესობა, ამ თვალსაზრისით, ჯერ კიდევ სრულ უმეცრებაში იმყოფება და ამდენად ფსევდო-უმწიკვლოები არიან. მაგრამ, ერთნიც და მეორენიც საბოლოოდ პრაქტიკულად ერთსა და იმავე შედეგამდე მიდიან, რასაც შემდეგ თერაპიის სახელით გვახვევენ თავს. ისინი კაცობრიობას მოუწოდებენ, მთლიანად უარი თქვას მორალზე და, საკმარისია ჩვენ ეს სატყუარა გადავყლაპოთ, რომ მაშინვე ამორალობის ანკესზე აღმოვჩნდებით.
წამყვანი ფსიქოანალიტიკოსები მშვენივრად აცნობიერებენ თავიანთ საბოლოო მიზანს და გულმოდგინედ ცდილობენ მის შესახებ კრინტი არ დაძრან. ფეხის წვერებზე დადიან, მაგრამ რაც არ უნდა ფრთხილად იარონ მორალის კენჭები სხლტება მათ ფერხთქვეშ და ყველაზე უმწიკლო და გულუბრყვილო ანალიტიკოსის ნაბიჯებიც კი, ქვების ცვენას იწვევს. ძველი სამყარო კვნესის და იკრუნჩხება. ბრძოლის გარეშე, თუნდაც ერთი დარტყმის გარეშე, ის პირდაპირ ჩვენს თვალწინ იმსხვრევა და, აი, ჩვენ უკვე გვესმის ყრუ გუგუნი ჩამოქცეული ზვავისა. ცოტა ხანიც და ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა.
აი, რისკენ მიდის საქმე და ურიგო არ იქნებოდა ეს, ბოლოს და ბოლოს, გავაცნობიეროთ. გინდათ გველი გაზარდოთ? ჰოდა, გაზარდეთ, მაგრამ, რატომ უნდა მიიკრათ ის მკერდზე, ან რატომ უნდა უწოდოთ მას მოფერებით ესკულაპის განმკურნებელი გველი? უკვე დროა ფსიქოანალიტიკოსს ექიმის თეთრი ხალათი გავხადოთ. უკვე დროა ყური მივუგდოთ უცნაურ გუგუნს და ნიადაგის რყევას – ჩვენი მორალური საფუძვლების რყევას – ჩვენს ფერხთქვეშ და, სულ ცოტა, დავაკვირდეთ მაინც სახლს, რომელსაც ასე ქარაფშუტულად და უზრუნველად ვიმხობთ თავზე.