რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

დანაიდების მიგრაცია, ბუნების ნამდვილი სასწაული

დანაიდების მიგრაცია - პეპელა

ყველა არსება უნიკალური თვისებებითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა, მაგრამ პეპელა დანაიდასავით საკვირველი ბევრი არაა. პეპლების სხვა სახეობებს შედარებით მცირე მასშტაბიანი მიგრაცია სჩვევიათ, აი, დანაიდები კი ათასობით კილომეტრს მიფრინავენ კანადიდან და აშშ-ის ჩრთილოედ შტატებიდან კალიფორნიასა და მექსიკამდე. გზადაგზა მათ ათასგვარი დაბრკოლების გადალახვა უწევთ.

დანაიდა ერთ-ერთი დიდი ზომის პეპელაა. მისი შავზოლებიანი და თეთრად კიდეებდაწინწკლული გაშლილი ფრთების სიგრძე 10 სანტიმეტრია. მიუხედავად ზომისა, სხვა პეპლების მსგავსად ისიც ფაქიზი არსებაა, მაქსიმუმ 4-5 კვირას ცხოვრობს. თუმცა, ევოლუციის პერიოდში დანაიდამ ჩრდილოეთის დიდი ტბებიდან სამხრეთში გამოსაზამთრებლად შორ მანძლზე გადაფრენისთვის საჭირო თვისებები გამოიმუშავა.

მიგრაცია ზაფხულის მიწურულს, შუა აგვისტოში იწყება, როცა გამოჩეკის პერიოდი დროებით წყდება და პეპლების რეპროდუქციული სისტემა ინერტულ მდგომარეობაში გადადის. ეს პეპლებს სიცოცხლეს 7-8 თვემდე უხანგრძლივებს (ადამიანებს რომ მსგავსი უნარი გააჩნდეთ, 500 წელზე მეტს ვიცოცხლებდით). დღეების დამოკლებასთან ერთად, დანაიდების გუნდი მზისა და ინსტიქტური შიდა კომპასის მეგზურობით სამხრეთისაკენ მიფრინავენ, რათა იქ გამოიზამთრონ.

პეპელა დანაიდა - მიგრაცია

კლდოვანი მთების დასავლეთით მობინადრე დანაიდები სამხრეთ კალიფორნიამდე სულ მცირე 2000 კილომეტრს მიფრინავენ, ხოლო აღმოსავლეთით მობინადრეები – 5000 კილომეტრზე მეტს მექსიკამდე, სადაც სპეციალურად დანაიდას კოლონიებისთვის ბიოსფერული ნაკრძალია შექმნილი. დანაიდები დღეში საშუალოდ 80 კილომეტრს მიფრინავენ და მხოლოდ დასანაყრებლად ჩერდებიან. შედარებით მოზრდილი პეპლები ქარიშხალსა და უამინდობასაც არ უშინდებიან და შეუპოვრად აგრძელებენ გზას დანიშნულების ადგილამდე. ბევრი გზაში იღუპება.

შუა თებერვლიდან, როცა ჩამოთბება, დანაიდების კიდევ უფრო საოცარი მოგზაურობა იწყება – რეპროდუქციული სისტემის აღდგენის გამო ჩრდილოეთში ვერც ერთი ის პეპელა ვერ დაბრუნდება, რომელმაც მოგზაურობა დაიწყო. მათი შვილების უმეტესობაც გზაში იღუპება. დანაიდები გზადაგზა კვერცხებს დებენ და იმ ადგილას, საიდანაც წინა შემოდგომაზე მათი წინაპრები წამოვიდნენ, მხოლოდ მესამე ან მეოთხე თაობის პეპლები ჩადიან.

როგორ იკვლევს დანაიდების მრავალი თაობა ამხელა გზას, დღემდე უცნობია, მაგრამ მათი სასწაულებრივი მოგზაურობა ბუნების ნამდვილი საოცრებაა და დასტური იმისა, რომ კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესასწავლი და გამოსაკვლევი.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *