რას ეძებ?

სხვა ფილოსოფია

ბერტრან რასელი / დასავლური ფილოსოფიის ისტორია (თანამედროვე ფილოსოფია)

ბერტრან რასელი / დასავლური ფილოსოფიის ისტორია (თანამედროვე ფილოსოფია)

ემპირიზმიც და იდეალიზმიც თანაბრად აწყდება პრობლემას, რომლის დამაკმაყოფილებლად გადაჭრა ფილოსოფიამ დღემდე ვერ შეძლო. ეს არის იმის ჩვენების პრობლემა, თუ როგორ შევიცნობთ ჩვენ ჩვენგან განსხვავებულ საგნებსა და ჩვენი საკუთარი გონების მოქმედებას.

ლოკი განიხილავს ამ პრობლემას, მაგრამ რასაც ის ამბობს, სრულიად არადამაკმაყოფილებელია. ერთ ადგილას ჩვენ გვეუბნებიან: „გონებას თავის აზრებსა და მსჯელობაში იდეების გარდა სხვა უშუალო ობიექტი არ გააჩნია. ის მხოლოდ იაზრებს მათ, ან მათი გააზრება შეუძლია. შესაბამისად, ცხადია, რომ ჩვენი შემეცნება მხოლოდ მათთან არის მიმართებაში“. და კვლავ: „შემეცნება არის ორი იდეის შესაბამისობის ან შეუსაბამობის აღქმა“. აქედან თითქოს უშუალოდ გამომდინარეობს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ სხვა ადამიანების, ან ფიზიკური სამყაროს არსებობის შესახებ, რადგან ისინი, თუკი არსებობს, არ არის მხოლოდ იდეები ვინმეს გონებაში. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი, რამდენადაც ეს შემეცნებას შეეხება, საკუთარ თავში უნდა ჩაიკეტოს და ყოველგვარი კავშირი გაწყვიტოს გარე სამყაროსთან.

თუმცა ეს პარადოქსია, ხოლო ლოკი არ ცნობს პარადოქსებს. შესაბამისად, სხვა თავში ის განსხვავებულ თეორიას აყალიბებს, რომელიც სრულიად არ შეესაბამება ადრეულს. ის გვეუბნება, რომ ჩვენ გვაქვს რეალური არსებობის შემეცნების სამი სახეობა. ჩვენი საკუთარი არსებობის შემეცნება ინტუიციურია, ღმერთის არსებობის შემეცნება მტკიცებითია და შეგრძნებისთვის მოცემულ საგანთა შემეცნება გრძნობით აღქმადია.

მომდევნო თავში იგი მეტ-ნაკლებად აცნობიერებს ამ არათანმიმდევრულობას. ის ვარაუდობს, რომ ვინმემ შესაძლოა თქვას: „თუკი შემეცნება იდეათა თანხმობაში მდგომარეობს, ენთუზიასტისა და საღი აზრის მქონე ადამიანის შეხედულებები გათანაბრებულია“. მისი პასუხია: „ასე არ ხდება იქ, სადაც იდეები საგნებს შეესაბამება“. ის განაგრძობს მტკიცებას, რომ ყველა მარტივი იდეა უნდა შეესაბამებოდეს საგნებს, რადგან „გონება, როგორც ეს ნაჩვენები იყო, თვითონ ვერანაირად შექმნის“ რაიმე მარტივ იდეას, რადგან ეს ყველაფერი არის „იმ საგნების შედეგი, რომლებიც გონებაში ბუნებრივი გზით მოქმედებს“. რაც შეეხება სუბსტანციათა რთულ იდეებს, „მათი ყველა რთული იდეა მხოლოდ ისეთი უნდა იყოს, როგორც ისეთი მარტივი იდეებისგან შედგენილი, რომლებიც აღმოჩენილია როგორც ბუნებაში თანაარსებული“. ისევ და ისევ, ჩვენ არ გვაქვს ცოდნა, თუ არა (1) ინტუიციით, (2) მსჯელობით, რომელიც ორი იდეის შესაბამისობასა და შეუსაბამობას იკვლევს და (3) „შეგრძნებებით, რომლებიც ცალკეული საგნების არსებობას აღიქვამს“.

ამ ყველაფერში ლოკი, როგორც საყოველთაოდ ცნობილს, აღიარებს იმას, რომ კონკრეტულ ფსიქიკურ მოვლენებს, რომლებსაც ის შეგრძნებებს უწოდებს, მიზეზები თავიანთ გარეთ აქვს და რომ ეს მიზეზები, სულ ცოტა, გარკვეული ოდენობითა და გარკვეული მიმართებით, ჰგავს შეგრძნებებს, რომლებიც მათ შედეგებს წარმოადგენს. მაგრამ როგორ უნდა იყოს ეს ცნობილი ემპირიზმის პრინციპების შესაბამისად? ჩვენ განვიცდით შეგრძნებებს, მაგრამ არა მათ მიზეზებს. ჩვენი გამოცდილება იგივე იქნებოდა, ჩვენი შეგრძნებები რომ თვითნებურად ჩნდებოდეს. შეხედულება, რომ შეგრძნებებს აქვს მიზეზები და, კიდევ უფრო მეტად, ის შეხედულება, რომ ისინი მიზეზებს ჰგავს, ისეთია, რომ თუ მას დაიცავთ, ეს უნდა მოხდეს გამოცდილებისგან სრულიად დამოუკიდებელ საფუძველზე. თვალსაზრისი, რომ „შემეცნება არის ორი იდეის შესაბამისობის ან შეუსაბამობის აღქმა“, ლოკს მიეწერება, ხოლო გამოსავალი პარადოქსიდან, რომელსაც ის იწვევს, ხორციელდება მხოლოდ იმდენად დიდი არათანმიმდევრულობის საშუალებით, რომ მხოლოდ საღი აზრისადმი მის მტკიცე ერთგულებას შეეძლო გამოეწვია, რომ ლოკმა ის ვერ შენიშნა.

ეს სირთულე ემპირიზმის წარმომადგენლებს დღევანდელ დღემდე აშფოთებს. ჰიუმმა თავიდან აიცილა იგი იმ მტკიცების უარყოფით, რომ შეგრძნებებს გარეგანი მიზეზები აქვს, მაგრამ ისიც კი ინარჩუნებდა ამ მტკიცებას ყოველ ჯერზე, როდესაც საკუთარ პრინციპებს ივიწყებდა, რაც საკმაოდ ხშირად ხდებოდა. მისი ფუნდამენტური პრინციპი, „არ არსებობს იდეა წინამორბედი შთაბეჭდილების გარეშე“, რომელიც მან ლოკისგან აიღო, მხოლოდ მანამდეა სარწმუნო, სანამ მიგვაჩნია, რომ შთაბეჭდილებებს გარეგანი მიზეზები აქვს, რასაც თვით სიტყვა „შთაბეჭდილება“ დაბეჯითებით გვთავაზობს. ისეთ წუთებში კი, როდესაც ჰიუმი თანმიმდევრულობის გარკვეულ ხარისხს აღწევს, ის უკიდურესად პარადოქსულია.

დღემდე ვერავინ შეძლო ფილოსოფიის შექმნა, რომელიც ერთდროულად სარწმუნოც იქნებოდა და შინაგანად თანმიმდევრულიც. ლოკს სარწმუნოობა ჰქონდა მიზნად დასახული და ამას თანმიმდევრულობის ხარჯზე მიაღწია. დიდ ფილოსოფოსთა უმეტესობა პირიქით იქცეოდა. ფილოსოფია, რომელიც შინაგანად თანმიმდევრული არ არის, ვერ იქნება სრულიად ჭეშმარიტი, მაგრამ ფილოსოფია, რომელიც შინაგანად თანმიმდევრულია, შესაძლოა ძალიან იოლად იყოს ყალბი. ყველაზე ნაყოფიერ ფილოსოფიურ სისტემათა უმეტესობა ცხად არათანმიმდევრულობას შეიცავდა და სწორედ ამ მიზეზის გამო იყო ნაწილობრივ ჭეშმარიტი. არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, თითქოს შინაგანად თანმიმდევრული სისტემა მეტ ჭეშმარიტებას შეიცავდეს, ვიდრე ისეთი, რომელიც, ლოკის სისტემის მსგავსად, აშკარად მეტ-ნაკლებად მცდარია.

© ბერტრან რასელი / დასავლური ფილოსოფიის ისტორია (თანამედროვე ფილოსოფია)

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა