რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

დელფო: ძველი ბერძნული სამყაროს სასულიერო ცენტრი

დელფო ძველი ბერძნული სამყაროს სასულიერო ცენტრი

დელფო ძველი ბერძნული სამყაროს სასულიერო ცენტრი იყო. საყოველთაო რწმენით, დელფოში მცხოვრები მისნის პირით თავად ზევსის ძე, აპოლონი საუბრობდა. გასაკვირი არაა, რომ უძველესი ხალხი დელფოს კურთხეულად მიიჩნევდა – ქვეყანაში, რომელიც ბუნებრივ სილამაზეს არ უჩივის, დელფო ნამდვილად გამორჩეული იყო. მთა პარნასის კალთებზე აგებული უძველესი ტაძრებიდან, ძეგლებიდან, ქანდაკებებიდან და თეატრებიდან კვიპაროსებითა და ზეთისხილის ხეებით შეფენილი პლეისტოს ხეობისა და კიდევ უფრო შორს კორინთოს ყურის ლურჯი წყლების თავბრუდამხვევი ხედები იშლება.

ცენტრალური საბერძნეთის დაბლობებზე გაშენებული დელფო ანტიკური საბერძნეთის უმნიშვნელოვანესი რელიკვიების საცავია. ბერძნებს სწამდათ, რომ დელფო მსოფლიოს ჭიპი იყო, ადგილი, სადაც მიწისა და ზეცის ზედაპირი ერთმანეთს ეხებოდა. ლეგენდის მიხედვით, ზევსმა დედამიწის ორივე ბოლოდან ორი არწივი გამოუშვა და გამოაცხადა, სადაც ისინი შეხვდებიან, დედამიწის შუაგულიც იქ იქნებაო. არწივები დელფოში შეხვედრილან ერთმანეთს. იმ ადგილას კარგა ხანს ჩუქურთმებიანი ქვა „ომფალოსი“ იდგა.

დელფო წმინდა და მაგიური ქალაქი იყო. მისი შემორჩენილი ნანგრევებიდან ყველაზე ცნობილი აპოლონის ტაძარია, რომელშიც ოდესღაც ნაპრალის თავზე მდგარ ოქროს სამფეხა სკამზე ქურუმი ქალი, მისანი პითია იჯდა. მიწის ნაპრალიდან ამოსულ ორთქლში გახვეული, ტრანსში ჩავარდნილი პითია შეკითხვებს პასუხობდა, და მომავალს წინასწარმეტყველებდა. ამ მისანს სტუმრობდა ალექსანდრე მაკედონელის მამა ფილიპე II, რომელსაც პითიას პირიდან მოუსმენია თავისი მკვლელობის შესახებ. ძვ. წ. IV საუკუნეში აგებული ტაძრის (რომელიც ძვ. წ. VI საუკუნეში აგებული და ხანძრისაგან დამწვარი ტაძრის ნაცვლად აუშენებიათ) ადგილას დღეს მხოლოდ ნანგრევებია.

აპოლონის ტაძრის გვერდით სხვა არქეოლოგიური საოცრებების ხილვაც შეგიძლიათ. ყველაზე თვალწარმტაცი ალბათ ათენას ტაძრის თოლოსია. პატარა, სვეტებიანი, წრიული ფორმის შენიბა ძვ. წ. 370 წლით თარიღდება და დღეს ნაწილობრივ რესტავრირებულია. დელფოში ყოველ ოთხ წელიწადში ოლიმპიური თამაშების წინამორბედი პითიური თამაშები იმართებოდა. ტურისტებს დღესაც შეუძლიათ ანტიკური სტადიონისა და ათლეტების ქანდაკებების, მათ შორის, „დელფოელი მეეტლის“ ხილვა. ბერძნები თეატრის მოყვარულები იყვნენ და დელფო მსოფლიოს ულამაზესი თეატრითაც იწონებს თავს. აპოლონის ტაძრის ზემოთ, მთის ფერდობებზე აშენებულ თეატრში მაყურებლის თვალწინ არა მხოლოდ სცენა ჩანდა, არამედ სატაძრო კომპლექსი და ულამაზესი ხეობა.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ დელფოს მშვენიერსა და ამაღელვებელ ნანგრევებში თანამედროვე სტუმრების თვალწინ საბერძნეთის მითიური წარსული ცოცხლდება.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *