რას ეძებ?

რელიგია საზოგადოება საინტერესო

დუდეიზმი – რას გვასწავლის „კოენების“ რელიგია

დუდეიზმი – რას გვასწავლის “კოენების„ რელიგია

მსოფლიოში დაახლოებით 200 რელიგიური ორგანიზაციაა, ყველა მათგანი ერთმანეთისაგან განსხვავდება სიძველით, შინაარსითა თუ ფილოსოფიური მოძღვრებით. უდიდესი რელიგიების გვერდით, რომლებიც საუკუნეებს ითვლიან, არსებობენ თანამედროვე „ახალგაზრდა“ რელიგიებიც, შედარებით მცირე მიმდევრებით, უცნაური ტრადიციებითა და შეხედულებებით. ამჯერად თქვენს ყურადღებას ერთ-ერთ მათგანზე შევაჩერებ.


დუდეიზმი (Dudeism) ინტერნეტში გავრცელებული რელიგიაა, რომლის ძირითადი სწავლებები შეესაბამება გამოგონილი პერსონაჟის ფილოსოფიასა და ცხოვრებისეულ პრინციპებს, რომელიც ძმები კოენების მიერ 1998 წელს გადაღებული ფილმის “დიდი ლებოვსკის” მთავარი გმირია. ზოგჯერ დუდეიზმს შეცდომით მიაკუთვნებენ ე.წ პაროდიულ რელიგიებს, მაგრამ დამფუძნებლები და მიმდევრები ამას კატეგორიულად უარყოფენ. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არ ცდილობენ ვინმეს ან რაიმეს დაცინვას.

რელიგიის ფუძემდებელია ლოს-ანჟელესელი ჟურნალისტი ოლივერ ბენჟამინი. დუდეიზმის ოფიციალურ რელიგიას ეწოდება „უკანასკნელი დღის ძმაკაცის ეკლესია” და 2017 წლის იანვრის მდგომარეობით ჰყავს 400 ათასი მიმდევარი “დუდეისტი მღვდელი”, იგივე ინტერნეტ-საიტის მომხმარებლები, რომლებსაც გაჩნიათ შესაბამისი სერთიფიკატები. დუდეისტების წმინდა დღე 6 მარტია – ფილმის „დიდი ლებოვსკის“ პროექტის დაწყების თარიღი.

დუდეისტები ძირითადად ეწევიან ფილმის „დიდი ლებოვსკის“ სიუჟეტის გააზრებას და განდიდებას. მიმდევრებს სჯერათ, რომ ფილმში მოყვანილი მსოფლმხედველობა არსებობდა კაცობრიობის ისტორიის ჩანასახიდან მოყოლებული და ის საკუთარი არსით საზოგადოების სიხარბისა და აგრესიის წინააღმდეგ მიმართული აზროვნებაა. რელიგიის მიმდევრები სცემენ თაყვანს ისეთ პიროვნებებს, როგორებიც იყვენ ლაო-ძი, ეპიკურე, ჰერაკლიტე ეფესოელი, გაუტამა ბუდა და განსაკუთრებით იესო ქრისტე. არც ისე დიდი ხნის წინ დუდეიზმის მოძღვართა რიგს შეუერთდნენ ამერიკელი ტრანსცენდენტალისტები, კერძოდ რალფ ვალდო ემერსონი და უოლტ უიტმენი. ასევე დუდეიზმის წინასწარმეტყველთა რიცხვში მოიაზრებენ უდიდეს ჰუმანისტებს, კურტ ვონეგუტსა და მარკ ტვენს.

დუდეიზმში გადმოღებულია დაოიზმის ბევრი სწავლება, მაგრამ არ ეხება ამ ფილოსოფიის მეტაფიზიკურ და სამედიცინო ასპექტებს. დუდეიზმი გვასწავლის, რომ უნდა მივყვეთ ცხოვრების დინებას და არ ვიდარდოთ ცხოვრებისეულ რთულ სიტუაციებზე. საგნებისა და ცხოვრებისეული მოვლენებისადმი არასერიოზული დამოკიდებულება მიჩნეულია საკუთარ შინაგან ბუნებასთან ჰარმონიის მიღწევის ერთადერთ საშუალებად და ურთიერთობის ერთადერთ სწორ გზად გარშემო მყოფ ადამიანებთან.

იმ დროს, როდესაც თანამედროვე საზოგადოების უმეტეს ნაწილში, პირადი მიღწევები და კარიერული ზრდა ითვლება გაბატონებულ ღირებულებებად, დუდეისტები აცხადებენ, რომ მთავარი ღირებულება თავად ადამიანის სიცოცხლეა. დუდეიზმის ფილოსოფია ცდილობს ხალხს ასწავლოს, თუ როგორ მიიღონ სიამოვნება ყოველდღიური წვრილმანებიდან, მაგალითად, როგორიცაა შხაპის მიღება, ბოულინგის თამაში ან მეგობრებთან ურთიერთობა, რადგან მხოლოდ სიმდიდრის დაგროვებითა და მისი განკარგვით სულიერი სიმშვიდის მოპოვება შეუძლებელია.

2008 წლის ბოლოდან, „უკანასკნელი დღის ძმაკაცის ეკლესია” გამოსცემს საკუთარ გაზეთს The Dudespaper. 2009 წლის ივლისში გამოქვეყნდა ერთგვარი დუდეიზმის ბიბლია Tao Dude Ching. სინამდვილეში, წიგნი თავისი არსით წარმოადგენს ფილმის “დიდი ლებოვსკის” სიუჟეტის ტრანსპოზიციას “დაო დე ძინ”-ში.

დიდი ლებოვსკი - დუდეიზმი

წყრო: Dudeism

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

შემდეგზე გადასვლა