ანი ბეზანტი: „ძალისხმევა ბედისწერაზე ძლიერია“

ყოველთვის ოდნავ იმაზე მეტი უნდა დავისახოთ მიზნად, ვიდრე ისაა, რასაც ჩვენი შეხედულებით შეგვიძლია მივაღწიოთ – ისეთი რამ კი არა, რაც სრულად აღემატება ჩვენს ამჟამინდელ ძალებს, არამედ ის, რაც მიუწვდომლად გვეჩვენება.
როდესაც მის მისაღწევად ვმუშაობთ, წარსულში დაგროვებული მთელი კარმული ძალა ჩვენს დასახმარებლად და გასაძლიერებლად მოდის. ის ფაქტი, რომ რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, ნიშნავს, რომ წარსულში ვმოქმედებდით და წარსულის ძალისხმევის აკუმულირებული ძალა ჩვენშია. ის, რომ მცირედის გაკეთება შეგვიძლია, მეტის კეთების ძალას ნიშნავს. ხოლო, თუ დავმარცხდებით, უკიდურესობამდე დახარჯული ენერგია ჩვენი ძალების საცავში გადავა, რაც ნიშნავს, რომ დღევანდელი მარცხი ხვალინდელი გამარჯვებაა.
მაშინაც იგივეა ძალაში, როდესაც გარემოებებია არასასურველი. შესაძლოა, ისეთ წერტილში ვიყოთ მისული, რომელშიც კიდევ ერთი ძალისხმევა წარმატებას ნიშნავს. ამიტომ იყო ბჰიშმას რჩევა, ნებისმიერ ვითარებაში გამოეყენებინათ ძალისხმევა და ამიტომაც წარმოთქვა გამამხნევებელი ფრაზა: „ძალისხმევა ბედისწერაზე ძლიერია“.
ჩვენს კარმაში მრავალი წარსული ძალისხმევის შედეგია განსახიერებული, ხოლო ამჟამინდელი ძალისხმევის დამატებამ შესაძლოა ჩვენი ძალა მიზნის მისაღწევად ადეკვატური გახადოს.

არსებობს შემთხვევები, როდესაც წარსულის კარმის ძალა იმდენად ძლიერია, რომ აწმყოს ვერანაირი ძალისხმევა მას ვერ გადალახავს.
ძალისხმევა მაინც უნდა გამოვიყენოთ, რადგან არავინ არ იცის, როდის დადგება ჩვენთვის ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, ხოლო უარესი შეიძლება ის იყოს, რომ განხორციელებული ძალისხმევა შეამცირებს კარმის ძალას მომავლისთვის.
ქიმიკოსი ხშირად წლების განმავლობაში შრომობს, რათა ის ძალა ან მატერიის სტრუქტურა აღმოაჩინოს, რომელიც დასახული მიზნის მიღწევაში დაეხმარებოდა. მას ხშირად უშლიან ხელს, მაგრამ საკუთარ თავს დამარცხებულად არ ცნობს. ის ვერ ახერხებს ქიმიური ელემენტების შეცვლას და არც ქიმიური რეაქციების კანონთა შეცვლა შეუძლია. ამ ყველაფერს მორჩილად იღებს და სწორედ ამაშია „მკვლევრის ამაღლებული მოთმინება“.
მაგრამ მისი ცოდნა, რომელიც გამუდმებით იზრდება დაჟინებული ექსპერიმენტების წყალობით, საბოლოოდ იმ წერტილს აღწევს, სადაც მას სასურველი შედეგის მიღწევის საშუალება ეძლევა.
ზუსტად ასეთივე სულისკვეთება უნდა შეიძინოს კარმის შემსწავლელმა. გარდაუვალი მან უდრტვინველად უნდა მიიღოს, მაგრამ განუხრელად ეძებოს ის მეთოდები, რომელთა დახმარებითაც მიზნის მიღწევა შეუძლია, იქნება რა დარწმუნებული იმაში, რომ მისი ერთადერთი შემზღუდავი პირობა მისი უცოდინრობაა, ხოლო სრულყოფილი ცოდნა სრულყოფილ ძალას ნიშნავს.
© ანი ბეზანტი / კარმა