ელ-ჯემის ამფითეატრი: რომის იმპერიის არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუში
სხვა მხრივ არაფრით გამორჩეულ ტუნისურ ქალაქ ელ-ჯემის ხედს რომაული ეპოქის ერთ-ერთი უმშვენიერესი რელიკვია ამშვენებს. ელ-ჯემის ამფითეატრი ზომით ოდნავ ჩამოუვარდება რომის კოლიზეუმს და ბევრად უკეთაა შემონახული. მის საკნებს, გალიებს, დასაჯდომ ადგილებსა და კოლონადებს შორის სეირნობისას ადვილია წარმოიდგინო ხალხით გადატენილ შენობაში ათასობით მაყურებლის ყიჟინის თანხლებით მებრძოლი გლადიატორები და არენის ქვეშ, ოფლის სუნით გაჟღენთილ გალერეებში, გალიაში დამწყვდეული მხეცების ყმუილსა და ღრიალში გამეფებული დაძაბული ატმოსფერო.
დედაქალაქ ტუნისიდან 210 კილომეტრის სამხრეთით მდებარე ქალაქი ელ-ჯემი ძვ.წ. 46 წელს რომაელებმა დააარსეს და ტისდრუსი დაარქვეს. მართალია, ტისდრუსი დიდი ქალაქი არ იყო, მაგრამ აქ წარმოებული ზეითუნის ზეთი მთელ იმპერიაში საუკეთესოდ მიაჩნდათ და დროთა განმავლობაში მდიდარ პორტად და სავაჭრო ცენტრად იქცა. შემოსავლის ზრდასთან ერთად იმატა მასშტაბურმა სამშენებლო პროექტებმაც. ყველაზე დიდი და ალბათ უკანასკნელი მასშტაბური ნაგებობა სწორედ ამფითეატრი იყო. მისი მშენებლობა ძვ.წ. III საუკუნის დასაწყისში დაიწყო. დასრულებული ამფითეატრი 148 მ სიგრძის, 122 მ სიგანისა და 35 მ სიმაღლის იყო. ზედა იარუსზე განლაგებული იყო გადახურული „ოთახები“ გავლენიანი და მდიდარი მაყურებლებისთვის.
გამოთვლილია, რომ ამფითეატრი დაახლოებით 35000 მაყურებელს იტევდა, ანუ იმდროინდელი ელ-ჯემის თითქმის მთელ მოსახლეობას (თუმცა, მაყურებლები ძრითადათ ალბათ სტუმრად მყოფი სახელმწიფო მოხელეებისგან, ჯარისკაცებისგან, ვაჭრებისა და ზღვაოსნებისგან შედგებოდა). არენის ფართობი იყო 65X39 მ. მის ქვეშ მდებარეობდა ორი გალერეა, სადაც ალბათ გლადიატორებს და მხეცებს ამწყდევდნენ. სცენაზე დღესაც შესაძლებელია იმ ხვრელის ნახვა, საიდანაც ალბათ მხეცები აჰყავდათ გლადიატორებთან საბრძოლველად.
ზოგიერთი არქეოლოგის აზრით, ამფითეატრის მშენებლობა არ დასრულებულა. ძვ.წ. 238 წელს, პროკონსულ (გუბერნატორ) გორდიანეს მმართველობის დროს ქალაქი რომს აუჯანყდა, სავარაუდოდ, ზეითუნის ზეთზე გაზრდილი გადასახადების გამო. გორდიანე „იმპერატორად“ გამოაცხადეს, მაგრამ მისი ზეობა ხანმოკლე გამოდგა – რამდენიმე კვირაში მან თავი მოიკლა, ტისდრუსი კი სწრაფად დასუსტდა. მიუხედავად ამისა, მისმა შთამბეჭდავმა ამფითეატრმა საუკუნეებს გაუძლო და დღემდე ჩინებულ მდგომარეობაში მოაღწია. მის ლოდებს სხვა შენობების ასაშენებლად იყენებდნენ, მეორე მსოფლიო ომის დროს კი გერმანელი ოფიცრები აფარებდნენ თავს. მაგრამ ამფითეატრი მაინც დაუზიანებელია და რომის იმპერიის არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს.