იმპერატორი მეიძი – იგივე მუცუჰიტო
იმპერატორი მეიძი – იგივე მუცუჰიტო, ერთ-ერთი გამორჩეული იმპერატორი იაპონიის მთელ ისტორიაში. იგი გახლდათ იმპერატორ კომეის (ოსაჰიტოს) ვაჟი. უშუალოდ ტახტზე 1867 წელს ავიდა. საინტერესოა, რომ იმ დროინდელ იაპონიაში არც თუ ისე სახარბიელო პოლიტიკური ვითარება სუფევდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანას ტოკუგავას საგვარეულოს სიოგუნები, ფაქტობრივი ძალაუფლების მქონე პირები, განაგებდნენ და იმპერატორებს ხელისუფლება ფაქტიურად მხოლოდ ფორმალურად გააჩნდათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ იაპონია კარგა ხნის განმავლობაში იზოლაციაში იყო, თუმცა 1850-იანი წლებიდან მოყოლებული ქვეყანაში, ამერიკელი კომოდორი მეთიუ პერის ვიზიტის შემდგომ, დიდი ცვლილებები იწყება. უცხო სახელმწიფოები ცდილობდნენ, სხვადასხვა სახის, მაინცდამაინც არც თუ ისე თანასწორი ურთიერთობები დაემყარებინათ “ამომავალი მზის ქვეყანასთან”, ამასთან, ნელ-ნელა იზრდებოდა უკმაყოფილება ტოკუგავების მიმართ. მოვლენები კულმინაციას 1860-იან წლებში აღწევს, როდესაც სიოგუნის წინააღმდეგ უკვე აშკარა გამოსვლები იწყება. მის წინააღმდეგ გამოდის თავად იმპერატორი მეიძიც. ქვეყანაში ჩაღდება “ბოშინის ომით” ცნობილი დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ სიოგუნის დამხობითა და იმპერატორის მიერ ფაქტობრივი ძალაუფლების ხელში აღებით სრულდება.
მეიძი, ხედავდა რა რომ იაპონია შესაძლოა სულ მალევე უცხოელთა კოლონიად ქცეულიყო, კონცეტრირებული იყო ევროპული რეფორმების გატარებასა და ქვეყნის მოდერნიზაციაზე, რასაც, რასაკვირველია, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც მოჰყვა. შეიქმნა ახალი ტიპის არმია, დიდი ყურადღება მიექცა ეკონომიკის გაუმჯობესებასა და ევროპული კანონმდებლობის გაცნობას, განეიტრალდა სამურაების აჯანყებები და სხვა. ქვეყნის ამ ქმედითუნარიან ნაბიჯებს უმალ მოჰყვა მის ერთ-ერთ უძლიერეს ძალად ჩამოყალიბება – 1894-1895 წლებში ცინგის დინასტიის ჩინეთთან გამართული ომი შიმონოსეკის ხელშეკრულებით იაპონიისთვის წარმატებით დასრულდა, ამაზე მეტად ტრიუმფალური კი 1904-1905 წლების კონფლიქტში რუსეთის იმპერიის დამარცხება და ყველასთვის ცნობილი ცუშიმას საზღვაო ბრძოლა აღმოჩნდა.
ამ ყველაფერმა ცხადყო და ნათელი მოჰფინა იაპონიის მიერ გატარებული რეფორმების ეფექტიანობას, რომლებიც სწორედ იმპერატორი მეიძის ზეობისას გატარდა. თავად მეიძის რაც შეეხება, მისი გარდაცვალების შემდგომ ტახტზე უკვე მისი ვაჟი, ტაისიო ტაიშო ავიდა. ასე დასრულდა იმ ადამიანის ცხოვრება, რომლის წყალობითაც იაპონია იმ დროის ერთ-ერთი ჰეგემონი და დომინანტი სახელმწიფო გახდა…