რას ეძებ?

ბიზნესი ისტორია საინტერესო

ემფაიერ სთეით ბილდინგი

ემფაიერ სთეით ბილდინგი - ნიუ-იორკი

არტ-დეკოს სტილის შედევრი და მსოფლიოს სიმბოლო ნიუ-იორკის „ემფაიერ სთეით ბილდინგი“ 1994 წელს „სამშენებლო ინჟინერიის ამერიკულმა ასოციაციამ“ (სიია) თანამედროვე მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად დაასახელა. სიის შედგენისას ასოციაციამ პატივი მიაგო თანამედროვე საზოგადოებას, რომელიც შეუძლებელს აკეთებს, მიუწვდომელ სიმაღლეებს სწვდება და რომლისთვისაც არ არსებობს გამოთქმა: „ამის გაკეთება შეუძლებელია“. ეს სიტყვები „ემფაიერ სთეით ბილდინგსაც“ მიესადაგება. მართალია, ის უკვე აღარ არის მსოფლიოს უმაღლესი შენობა, მაგრამ ყველა იცნობს. სიია-ს თქმით, ამ შენობამ გარკვეული სტანდარტი დაამკვიდრა, რომლის მიხედვითაც ცათამბრჯენებს აფასებენ.

ნიუ-იორკში მე-5 ავენიუზე, 34-ე ქუჩაზე მდებარე “ემფაიერ სთეით ბილდინგი“ 381 მ სიმაღლისაა და 102 სართულისაგან შედგება. აქვს 62 მ სიმაღლის ქიმი. საარქიტექტურო კომპანია Shreve, Lamb and Harmon-ის არქიტექტორის, უილიამ ფ. ლემბის დაპროექტებული ეს ცათამბრჯენი თავის დროზე მრავალმხრივ ნოვატორული შენობა იყო. ის ორმოცდაერთი წლის განმავლობაში მსოფლიოს უმაღლეს შენობად ითვლებოდა და პირველი ცათამბრჯენი იყო, რომლის სართულების რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა და მანამდე უპრეცენდენტო რაოდენობის – 64 ლიფტი (დღეს უკვე 73) ჰქონდა.

აღსანიშნავია თავად მშენებლობის პროცესიც. ლემბმა ნახაზი ორ კვირაში შეადგინა და ცათამბრჯენი სულ რაღაც 410 დღეში აშენდა (კვირაში საშუალოდ 4.5 სართული). ასე სწრაფად მანამდე არც ერთი ცათამბრჯენი არ დაესრულებინათ. მშენებლობაზე 4300 მუშა იყო დასაქმებული და ასობით მეტრის სიმაღლეზე, ხარაჩოებზე ჩამომსხდარი, უდარდელად მოსადილე მუშების ფოტოები დღეს „ემფაიერ სთეით ბილდინგისა“ და ნიუ-იორკის ისტორიის ნაწილია.

1931 წლის 1 მაისს ოფიციალურად გახსნილი „ემფაიერ სთეით ბლიდინგი“ არტ-დეკოს სტილის ბრწყინვალე ნიმუშია. ის მაშნვე იქცა ნიუ-იორკელთა და ტურისტთა საყვარელ ადგილად; ხალხი დაუნანებლად იხდიდა ორ დოლარს, რომ ცათამბრჯენის სათვალიერებელი პლატფორმიდან ნიუ-იორკისთვის გადმოეხედა. თუმცა, როცა ცათამბრჯენი ოფიციალურად გაიხსნა, აშშ-ში „დიდი დეპრესია“ მძვინვარებდა და 200500 მ2 საოფისე ფართის ათვისებას რამდენიმე წელი დასჭირდა. ამის გამო ნიუ-იორკელებმა ცათამბრჯენს „ემფთი (ცერიელი) სთეით ბილდინგი“ შეარქვეს.

მოგვიანებით „ემფაიერ სთეით ბილდინგი“ „ამერიკელ არქიტექტორთა ინსტიტუტმა“ ამერიკის საუკეთესო არქიტექტურულ მონუმენტად გამოაცხადა. ის მთელი მსოფლიოსთვის ნიუ-იორკის სიმბოლოა. მასზე არაერთი ფილმი გადაუღიათ. 1964 წელს ცათამბრჯენის წვერზე პროჟექტორები დააყენეს და ღამღამობით მისი ზედა სართულები ეროვნული დროშის ან სეზონისთვის შესაფერის ფერებად ანათებს.

ემფაიერ სთეით ბილდინგი
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *