ერიხ ფრომი: „ადამიანის სული“ – ამონარიდი
თვით პირველყოფილი ადამიანიც კი არ კმაყოფილდებოდა თავისი შრომისა და ბრძოლის იარაღების წმინდა პრაქტიკული დანიშნულებით და ცდილობდა მის გალამაზებას და უბრალო სასარგებლო საზღვრებიდან მის გატანას.
მაგრამ, როგორი იყო ანტიკური ტრაგედიის დანიშნულება? აქ მხატვრულ, დრამატულ ფორმაში წარმოდგენილია ადამიანური არსებობის უმნიშვნელოვანესი პრობლემები; და მაყურებელი (თუმცა, ის არ იყო მაყურებელი ჩვენი, თანამედროვე აზრით, ე.ი. მომხმარებელი) მონაწილე ხდებოდა მოქმედების, ყოველდღიურობიდან გადადიოდა ზოგადსაკაცობრიო სფეროში, შეიგრძნობდა თავის ადამიანურ არსს და ეხებოდა თავისი ყოფიერების საფუძველთა საფუძველს; და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ბერძნულ ტრაგედიაზე, შუა საუკუნეების რელიგიურ მოქმედებაზე ან ინდურ ცეკვაზე, ინდუისტურ, იუდაისტურ თუ ქრისტიანულ რელიგიათა წეს-ჩვეულებებზე – ჩვენ ყოველთვის საქმე გვაქვს ადამიანური ყოფიერების უმთავრეს მხარეთა დრამატიზაციის განსხვავებულ ფორმებთან, იმ მარადიულ საკითხთა მხატვრულ სახეებში ხორცშესხმასთან, რომელსაც გაიაზრებს ფილოსოფია ან თეოლოგია.
რა იქნა შემონახული თანამედროვე კულტურაში ადამიანური ყოფიერების დრამატიზაციისაგან? თითქმის არაფერი. ადამიანი თითქმის არ გადის თავის მოცვეთილ ნივთთა და გამოგონილი წარმოდგენების საზღვრებს იქით, იგი თითქმის ყოველთვის რჩება ყოველდღიურობის ჩარჩოებში. ერთადერთი, რაც თავისი მნიშვნელობით დღეს მიახლოვებულია რელიგიურ წეს-ჩვეულებასთან, – ესაა მაყურებლის მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში; აქ ადამიანი მაინც შეეჯახება ყოფიერების ერთ-ერთ საფუძველს: ადამიანები იბრძვიან, – და იგი ხარობს გამარჯვებულთან ერთად ან განიცდის დამარცხებით გამოწვეულ წუხილს. მაგრამ როგორ პრიმიტიული და შეზღუდულია ადამიანის არსებობა, თუკი მისწრაფებთა მთელი სიმდიდრე და მრავალფეროვნება დაყვანილია გულშემატკივართა აზარტამდე.
თუკი დიდ ქალაქში ხანძარი ან ავტოკატასტროფა ხდება ირგვლივ ხალხი იკრიბება. მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად გატაცებით კითხულობს დეტექტიურ რომანებს, დანაშაულისა და მკვლელობის ქრონიკას; მოწიწებული თრთოლვით უცქერიან ფილმებს, რომლებშიც ბატონობს ორი უცვლელი თემა – დანაშაული და ვნება. ეს გატაცება და ინტერესი ცუდი გემოვნების არა უბრალო ნიშანია, არა უბრალო გამოდევნებაა სენსაციაზე, არამედ ყოფიერების უმნიშვნელოვანეს მოვლენათა – სიცოცხლისა და სიკვდილის, დანაშაულისა და სასჯელის ბუნებასთან ადამიანის ბრძოლის დრამატიზაციის ღრმა მოთხოვნილებაა.
მაგრამ ამ საკითხებს ბერძნული ტრაგედია გადაწყვეტდა უმაღლეს მხატვრულ და ფილოსოფიურ დონეზე, ჩვენი თანამედროვე „დრამა“ და „რიტუალი“ მეტად უხეშია და ოდნავადაც არ წმენდს სულს. ეს გატაცება სპორტული შეჯიბრებებით, დანაშაულებებითა და სასიყვარულო ვნებებით მოწმობს იმაზე, რომ ადამიანი ისწრაფვის ყოველდღიურობის საზღვრებიდან გასვლისაკენ, მაგრამ ის, რა ხერხებითაც იგი იკმაყოფილებს თავის ამ შინაგან მოთხოვნილებას, მოწმობს ყველა ჩვენ ძიებათა და გადაწყვეტილებათა უზომო სიღატაკეზე.
© ერიხ ფრომი / ადამიანის სული