ევერგლეიდსი: კალუსას ტომის ინდიელების სამშობლო
სამხრეთ ფლორიდაში მდებარე ევერგლეიდსი ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი დაბლობია. მისი მთლიანი ფართობის მეხუთედი ეროვნულ ნაკრძალად არის გამოცხადებული. აქ ცხრა განსხვავებული ეკოსისტემა – მანგროს ტყეები, ავშნის ველები, კვიპაროსის ჭაობები, ფიჭვებით მოფენილი ქვიანი ფერდობები – ენაცვლება ერთმანეთს და უნიკალური ფლორითა და ფაუნითაა მდიდარი. იშვიათი ბუნებრივი სილამაზით გამორჩეული ევერგლეიდსი სამხრეთ ფლორიდის ეკოლოგიური კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ადამიანები მის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებდნენ. დღეს დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ევერგლეიდსისთვის მიყენებული ზიანის უარყოფითი შედეგები შემცირდეს.
ევერგლეიდსის ეკოსისტემა ფლორიდის ჩრდილოეთით მდინარე კისიმით იწყება. მდინარე სამხრეთში აშშ-ის სიდიდით მეორე მტკნარი ტბისკენ, ოკიჩობისკენ მიედინება. წვიმიან სეზონში ვრცელი, მაგრამ თავთხელი ტბა წყლის დიდი ნაკადის სათავედ იქცევა ხოლმე, წყლის მასა ნელა ეშვება სამხრეთისკენ და წარმოქმნის წყალგამყოფს, რომელიც წვიმის სეზონში იტბორება, ხოლო გვალვისას შრება და ხშირი ხანძარი უჩნდება.
ევერგლეიდსი თავისებური, ურთიერთდამოკიდებული ჰაბიტატების ნაზავია. ოკეანის სიახლოვეს ის მანგროს ტყეებით დაფარულ ნაპირებად და კუნძულებად იქცევა.
ამ მრავალფენოვან ჰაბიტატებში უამრავი განსხვავებული სახეობა ბინადრობს, ალიგატორებით, ნიანგებით, გველებითა და სხვა ქვეწარმავლებით დაწყებული, ფოცხვერებით, ირმებითა და 260 ჯიშის ფრინველით დამთავრებული. აქაურობა გადაშენების პირას მყოფი 15 სახეობის სახლიცაა, მათ შორის, ზღვის კუებისა და დასავლეთინდური ლამანტინის.
ათასობით წლის განმავლობაში ევერგლეიდსი კალუსას ტომის ინდიელების სამშობლოც იყო, რომლებიც მდინარეებსა და ჭაობებში კანოებით გადაადგილდებოდნენ. სამწუხაროდ, ეს მაღალგანვითარებული ცივილიზაცია 1513 წელს ესპანელების გამოჩენის შემდეგ გავრცელებულმა ევროპულმა ავადმყოფობებმა იმსხვერპლა.
ევროპელმა კოლონისტებმა ევერგლეიდსის ფაქიზ ეკოსისტემასაც მიაყენეს ზიანი. მათ ერთი შეხედვით უსარგებლო ჭაობები ამოაშრეს და სამიწათმოქმედო და ურბანულ ტერიტორიებად გადააქციეს. უკონტროლო ნადირობამ ველური ბუნება კინაღამ გააჩანაგა, ხოლო 1920 წლიდან ჭაობიანი ნიადაგის ქიმიური სასუქებით განოყიერებამ მცენარეული საფარის ცვლილება გამოიწვია. 1930-იან წლებში ტბა ოკიჩობიზე ჰუვერის ჯებირის აგებამ რეგიონისთვის ბუნებრივი სეზონური რიტმი დაარღვია.
საბედნიეროდ, სახელმწიფო მიხვდა, რომ ევერგლეიდსი სრული განადგურების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა და 1947 წელს რეგიონის დასაცავად მისი დიდი ნაწილი ეროვნულ ნაკრძალად გამოაცხადა. იუნესკომ ნაკრძალი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა, ხოლო 2000 წლის 11 დეკემბერს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ხელი მოაწერა „ევერგლეიდსის აღდგენის დეტალურ გეგმას“, რითიც გარემოს აღდგენის მსოფლიოს უდიდესი პროგრამის განხორციელება დაიწყო.
ამჟამად ყოველწლიურად მილიონზე მეტი სტუმარი ტკბება ევერგლეიდსის ეროვნული ნაკრძალის ბუნებრივი საოცრებების ცქერით. ფლორიდის შტატი ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს მის დაცვასა და აღდგენაზე. შედეგად ამ ლამაზი ჭაობიანი დაბლობის მომავალი დღეს უფრო ნათელ ფერებში მოჩანს, ვიდრე გასულ საუკუნეში.