ფრიდრიხ ნიცშე (ანტიქრისტე) / ქრისტიანობა
ქრისტიანობაში წინა პლანზე დაქვემდებარებულთა და დაჩაგრულთა ინსტინქტებია წამოწეული: მასში ხსნას უმდაბლესი ფენები ეძიებენ.
ცოდვის კაზუისტიკა, თვითკრიტიკა, სინდისის ინკვიზიცია აქ დანერგილია, როგორც საქმიანობა, როგორც საშუალება მოწყენილობის წინააღმდეგ; აქ გამუდმებით (ლოცვის მეშვეობით) ხდება გზნების შენარჩუნება ძლევამოსილი არსებისადმი, რომელიც „ღმერთად“ იწოდება; უმაღლესი აქ მოიაზრება, როგორც მიუღწეველი, როგორც ძღვენი, როგორც „წყალობა“.
ქრისტიანობა, ასევე, სიცხადესაც მოისაკლისებს: ბნელი ადგილი, ჯურღმული – აი, რა არის ქრისტიანული. აქ სხეული სძულთ, ხოლო ჰიგიენას უარყოფენ, როგორც მგრძნობიარობას. ეკლესია სისუფთავესაც კი ზურგს აქცევს (ქრისტიანთა უპირველესი ღონისძიება მავრთა განდევნის შემდეგ საზოგადოებრივ აბანოთა დახურვა იყო, რომელთა რიცხვი მარტო კორდობაში 270-მდე გახლდათ).
გარკვეული გაგებით ქრისტიანობა არის სისასტიკე საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, განსხვავებულად მოაზროვნეთა სიძულვილი, ნება დევნისკენ. პირქუში და ამაღელვებელი წარმოდგენები აქ პირველ პლანზეა. მდგომარეობები, რომელთა მიღწევა სურთ და ამაღლებულ სახელებს აკუთვნებენ, – ეპილეპტური მდგომარეობებია. დიეტა მორგებულია იმას, რომ ავადმყოფურ გამოვლინებებს უწყობდეს ხელს და უკიდურესად აღიზიანებდეს ნერვებს. ქრისტიანობა არის სამკვდრო-სასისოცხლო მტრობა მიწის მბრძანებლებთან, „წარჩინებულებთან“, იმავდროულად კი ფარული, მალული პაექრობა მათთან (მათ უტოვებენ „ხორცს“, თავისთვის მხოლოდ „სული“ სურთ). ქრისტიანობა – ეს არის გონების, სიამაყის, მამაცობის, თავისუფლების სიძულვილი; ესაა გონების libertinage.
ქრისტიანობა არის გრძნობების, გრძნობათა სიხარულის, ზოგადად სიხარულის სიძულვილი…
© ფრიდრიხ ნიცშე / ანტიქრისტე